ექსპერტი გია ნოდია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებასა და შესაძლო გართულებებზე ალაპარაკდა. საუბარში ის ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას და ლევან ვასაძის მწვავე კრიტიკასაც შეეხო. ნოდიას ყურადღების საგანი ფარული მოსმენებიც გახდა.
"-პუტინი თამაშობს გარკვეულ თამაშებს და მისი სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგად აღმოჩნდა მწვავე კონფლიქტში დასავლეთთან, მაგრამ დასავლეთში არ არის ერსულოვნება და ერთგვაროვანი დამოკიდებულება, როგორც ჩანს პუტუნი თამაშობს ამ წინააღმდეგობებზე და სურს, რომ რაღაც არგუმენტები მისცეს იმ ხალხს დასავლეთში, ვისაც არ უნდა რუსეთის იზოლაცია. ცხადია, პუტინის თამაში უკრაინაში საქართველოს მსგავსია, მისი პრეროგატივაა უკრაინას ჰყავდეს პრორუსული მთავრობა რომელსაც გააკონტროლებს. მას იმედი ჰქონდა, რომ იანუკოვიჩი ასეთი აღმოჩნდბოდა, მაგრამ, რაკი ამ ვარიანტმა არ გაამართლა, მისი მეორე სცენარია უკრაინაში დესტაბილიზაცია. შესაძლოა უკრაინა რუსეთის არ გახდეს, მაგრამ არც დასავლეთისთვის იქნება მიმზიდველი.
-საქართველო 27-ში მოაწერს ხელს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, თუ ელოდებით რაიმე გართულებას ან პროვოკაციას რუსეთის მხრიდან თუნდაც ეგრედწოდებულ საზღვრებთან და რა იქნება ასოცირების შემდეგ?
-ლოგიკურად, ამისი ალბათობა არ არის ძალიან მაღალი, იმიტომ, რომ რუსეთის ბერკეტები შედარებით სუსტია საქართველოსთან მიმართებაში ვიდრე უკრაინასთან და მოლდოვასთან, მას უკრაინა უფრო უღირს ამ ეტაპზე ვიდრე ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება. თავისთავად, თუ უკრაინა ვერ გახდა ევროპული სახელმწიფო ეს ბევრს არაფერს ნიშნავს რუსეთის თვალსაზრისით, ამიტომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან "ვენები გადაიჭრას" საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების გამო. თუმცა გამორიცხული არაფერია, ბევრი მოულოდნელობა მოხდა ბოლო თვეებში ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით
-რას გვეტყვით ანტიდისკრიმინაციული კანონის შესახებ, ვნახეთ 17 მაისის მოვლენები და ლევან ვასაძის მწვავე განცხადება რომელიც აშკარად შეიცავდა პოლიტიკურ გზავნილებს. როგორ ფიქრობთ აპირებს თუ არა ის პოლიტიკაში მოსვლას?
-ლევან ვასაძე უკვე მრავალი წელია გვაჩვენებს, რომ სურს პოლიტიკაში მოსვლა და მისი ეს ნაბიჯი არავის გაუკვირდება, ალბათ ის დაიკავებს ანტიდასავლურ-პრორუსულ მართმადიდებლურ ფლანგს, მას მოუწევს ურთიერთობის გარკვევა ქალბატონ ნინო ბურჯანაძესთან, ის მას ან უნდა შეუერთდეს ან დაუპირისპირდეს, მაგრამ ეს ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშაა. რაც შეეხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს, ცხადია, რომ პარლამენტი არაფერს შეცვლის. ხელმოწერები და აქციები ეს არის "მესამე ძალის" მიერ ძალების მოსინჯვა და ხალხის მობილიზაცია გარკვეული ლოზუნგების გარშემო.
-რას გვეტყვით მოსმენების შესახებ?
-მოსმენების მხრივ, თანამედროვე რეალობაში მთავრობის გაკონტროლება ძალიან რთულია. ნაციონალების დროს ეს თემა იქცა ერთგვარ ისტერიად, ახალმა ხელისუფლებამ კი დაამკვიდრა ტენდენცია, "ხალხს თავისუფლად შეუძლია საუბარი" ახლა კი ეს მითიც დაიმსხვრა. როგორც მოსალოდნელი იყო ეს ხელისუფლებაც ისევე უსმენს, როგორც "ნაციონალები". ვფიქრობ, ეს ყველაფერი საკანონმდებლო ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.
ლიკა მიშელაძე