პეტრიაშვილის ქუჩაზე მომხდარი დაჭრის ფაქტი, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მესამე განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად გახსნეს. სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული გიორგი ნ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა თბილისში, პეტრიაშვილის ქუჩაზე, 1959 წელს დაბადებული მამუკა ხ. ურთიერთშელაპარაკებისას ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. გამოძიების ინფორმაციით, მამუკა ხ-ს შემთხვევის დროს თან ჰქონდა მის სახელზე შეძენა-შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც არ ჰქონდა. სამართალდამცველებმა მამუკა ხ-ს სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება გიორგი ნ-ს მიმართ ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების, ხოლო მამუკა ხ-ს მიმართ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.