„ივერიონს“ ესაუბრება პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
-ბატონო სოსო, საზოგადოებაში არაერთგვაროვნება გამოიწვია ლევან ვასაძის მიმართვამ ხელისუფლებისადმი, რომელიც მან „ქორთიარდ მერიოტში“ გააჟღერა. როგორ ფიქრობთ, გადაეშვა თუ არა ვასაძე პოლიტიკაში და გამოიწვევს თუ არა ეს მესამე პოლიტიკური ძალის შექმნას საქართველოში?
-სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა კოქტეილია, საქართველოში კი ამინდის პროგნოზიც პოლიტიკურია!
რაც შეეხება ვასაძეს, ჩემი აზრით, ის უკვე დიდი ხანია პოლიტიკაშია. მისი ქცევა დილეტანტის აქტიურობასა და ცნობისმოყვარეობას არ ჰგავს, მისი ნაბიჯები პოლიტიკაში არ არის შემთხვევითი. ის მომზადებული შემოვიდა პოლიტიკაში და ძალებს სინჯავს.
რაც შეეხება მესამე ძალას, ამის პერსპექტივას ახლო მომავალში ვერ ვხედავ, რადგან მას, ფინანსების გარდა, კიდევ ბევრი რამ სჭირდება. ეს შეგიძლიათ ნახოთ ბიძინა ივანიშვილის მაგალითზე, რომელიც პოლიტიკაში მოვიდა უკანასკნელი, მაგრამ გახდა პირველი, ხოლო დღეს მის კოალიციას ჩამოშლა ემუქრება. რამდენიმე თვის წინ იმედითა და ოპტიმიზმით განწყობილი კობახიძე და სხვები აღიარებენ, რომ მდგომარეობა უკვე რთულია.
-როგორ ფიქრობთ,რამ შეიძლება მისცეს ლევან ვასაძეს ხალხის მხარდაჭერის იმედი?
-უკანასკნელი 2 წელია ხალხი განსაკუთრებით ნიჰილისტური და ინდეფერენტულია. კიდევ კარგი, დღეს ეს უკმაყოფილება დუღილის ბოლო წერტილამდე არ მისულა. 40 წელია პოლიტიკის ექსპერტიზას ვსწავლობ და იშვიათად მინახავს მსოფლიოში ივანიშვილის მსგავსი ლიდერი ,ხალხის ფანატიკური ნდობა რომ ჰქონოდა, თუმცა ხალხის მოლოდინი არ გამართლდა!
ბიძინა ივანიშვილს უკვირს მარგველაშვილის ცვალებადობა, მაგრამ მე არა - ბიძინას კი ჩემზე ბევრი პოლიტიკური წიგნი წაკითხული არ ექნება. ადამიანი იცვლება პოლიტიკაში. დღევანდელ მთავრობასაც ეგონა, რომ არ შეიცვლებოდა, მაგრამ ხედავთ, „ნაციონალების“ გზით რომ მიდიან. იმდენჯერ იკბინა ჩვენმა ხალხმა თითზე, რომ ვერც ვასაძეს და ვერ შვეიცარიის ბანკს ვერ ენდობიან გულუბრყვილოდ.
ვასაძე ისე მოდის, როგორც ივანიშვილი მოვიდა - ე.წ. მოკავშირეებს მერე დაუწყებს ძებნას და უფრო დიდი საშიშროების წინაშე აღმოვჩნდებით.
-ბატონო სოსო, ცნობილი გახდა, რომ , საქართველოში გამეფებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური გარემოს მიუხედავად, ქართული სამინისტროები უზარმაზარი პრემიებით საჩუქრდებიან. თქვენი აზრით, რამდენად ადეკვატურია დასახელებული ციფრები ქართულ რეალობასთან?
-ადამიანები დღევანდელ მთავრობაში ფულის ეშხით მიდიან. თეა წულუკიანი რომ ამბობს, მაღალი ანაზღაურების გარეშე თანამდებობის პირი ღირებულად ვერ იმუშავებსო, როგორ არ ესმის, რომ ასეთი შეხედულება ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს?!
მე თეას 5-იანებს, უმაღლესს, ვუწერდი თავის დროზე და ახლა ჩემს თავს ვუწერ უმცირესს, რადგან შევმცდარვარ მის შეფასებაში. მაშინ, როცა ახალი პროექტებისთვის მხოლოდ 46 მილიონია გამოყოფილი და მინისტრები ათობით მილიონს იღებენ პრემიების სახით, ეს სრულიად მიუღებელია!.
-ლევან ვასაძემ ხელისუფლებას ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმების მოთხოვნით მიმართა. ჯერ ერთი, რამდენადაა მზად ამისთვის დღევანდელი პარლამენტი, რომ საკუთარი გადაწყვეტილება უკან წაიღოს და უარი თქვას ევროპულ არჩევანზე და, მეორე, ამ კანონის გაუქმება, ხომ არ გამოიწვვს ავტომატურად რუსეთის ორბიტაზე გადასვლას?
-მე დიდხანს მიცხოვრია იაპონიაში, ინდოეთსა თუ სამხრეთ კორეაში, რომლებსაც ისეთი ევროპული დემოკრატია აქვთ, ისეთს აქ თუ მოვესწრები, ბედნიერი წავალ ამ ქვეყნიდან. ჩვენებური ევროპელობა ლგბტ ევროპელობაა?! ფესვები და ღირებულებები იმ ქვეყნებში ევროპულია, მაგრამ საკუთარი ტრადიციები აქვთ მყარი.
იაპონელი მილიარდერი მიდის სამსახურში სეიკოთი, უსწრაფესი ლიფტით... მოდის სახლში, იცვამს კიმონოს, სვამს იაპონურ ჩაის და აკეთებს იკებანას... ეს არის ანტიევროპეიზმი? შვილიშვილი ერთმანეთს ,,გადახვეულ“ ბიჭებზე რომ მკითხავს, რას შვრებიანო, რა ვუპასუხო - ერთმანეთს ევროპულად ესიყვარულებიანო-მეთქი?! რატომ არ გვესმის, რომ ევროპა ცხოვრების სტანდარტია! ჩვენ ისე დაგვემართა, თანამედროვე ევროპულ სტანდარტს აფრიკულ ტომს რომ შემოუღებენ...
ჩვენს ქვეყანაში თბილისელი ბავშვების 70%-ს წელს მარწყვი არ გაუსინჯავს და რა ევროპელობაზეა ლაპარაკი?! ჩიტი ნეხვზე იჯდა და კუდს მაღლა სწევდაო, ასე გვემართება. ჩვენთან, ე.წ. ბენდუქიძის აუზზე მხოლოს 0,5 % და გვახარია დადის, სხვას ხელი არ მიუწვდება, ევროპაში ყველასთვის ყველაფერი ხელმისაწვდომია.
ამ კანონის მიღებით ბევრს ვერაფერს შევძენთ ჩვენს სახელმწიფოს, რადგან 15 წელია ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი აქვთ მოწერილი ალჟირს, მაროკოს თუ ტუნისს. რაც შეეხება ჩვენს რუსეთთან ურთიერთობას, ავად თუ კარგად, ეს ისევე არ ,,აგვცდება“, როგორც ანდაზის მიხედვით, ახალ პატარძალს!
-სიტყვამ მოიტანა და გვაინტერესებს თქვენი აზრი, რა საჭიროა ასე სოკოებივით მომრავლებული პოლიტიკური პარტიები საქართველოში?
- საქართველოში უმუშევრობა რომ არ იყოს, ამ 2-კაციან პარტიებს იმავე დღეს დაივიწყებდნენ. ისე, პოლიტიკა დღეს საუკეთესო ბიზნესია. მე ნეტარმორწმუნე დონ კიხოტად მოვკვდები, თორემ , კაცო, პროფესორი ვარ, ჩემი მეუღლეც პროფესორია, შვილი მეცნიერებათა დოქტორია და პოლიტიკურ პარტიებს და მათ ლიდერებს ჩემზე მეტი შემოსავალი აქვთ, უკეთესი მანქანებით დადიან და იცვამენ!..
ჩვენ არსაპარლამენტო ოპოზიციაში გვყავს ერთი ლიდერი - ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აქვს კოლოსალური გამოცდილება, ლიდერის ყველა თვისება და წარმოადგენს პერსონას, ეს მაშინ, როცა სხვა პარტიები და ალიანსები ,უბრალოდ, გაუგებრობაა. მათ არც ენები იციან, არც წიგნებს კითხულობენ და, ერთი შეხედვით, პროვინციალებად დარჩნენ. ,,ოცნებისთვის“ კონკურენტი არც კუკავაა, არც კაციტაძე, არც ჯავახაძე, არამედ ბურჯანაძე.“
ბურჯანაძეს ის უპირატება აქვს, რაც არ აქვთ თვით ხელისუფლებაში: მას შეუძლია ესაუბროს რუსეთს, ვაშინგტონს თუ ბრიუსელს!
-მოგეხსენებათ, კახა კაციტაძემ ნინო ბურჯანაძის ალიანსი ღიად გამოაცხადა ხელისუფლებასთან მესამე კოჰაბიტირებულ ძალად. თქვენი კომენტარი?
-კაციტაძემ ისე დააბრალა ბურჯანაძეს მესამე ძალად კოჰაბიტირებულობა, რომ ის ანდაზა დაავიწყდა, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკს რომ არ ახსენებენ. ჯერ მან ჩააბაროს ანგარიში იმ მილიონებზე საარჩევნო სიების გასაყალბებლად რომ იაღო მიშასგან და მერე ილაპარაკოს.
იუარებს? როგორ, ფული ხომ იმან გადაიხადა, ვინც მუსიკა შეუკვეთა?! ბურჯანაძეს რაც საპრეზიდენტო არჩევნებზე დამართეს, დიდი უსინდისობაა. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე 30%-იანი რეიტინგი 10%-ზე ჩამოუყვანეს. ეს კაციტაძის პარტია გადიოდა ყოველთვის კოჰაბიტაციით პარლამენტში. ,,მემარჯვენეებში“ ნორმალური მხოლოდ გამყრელიძე იყო...
-NDI-ის გამოკვლევების მიხედვით, ალასანია მაღალრეიტინგულ პოლიტიკოსად დასახელდა. თქვენი აზრით, ,,ჩაანაცვლებს“ თუ არა ის ღარიბაშვილს?
-ეს კვლევა ან ყალბია, ან საზოგადოება მართლა გამოთაყვანებულა. კაცობრიობის ისტორიაში თავდაცვის მინისტრის შეფასება შეიძლება მხოლოდ ომის დროს. მე მგონი, ალასანია მხოლოდ აქუბარდიას აუდიტორიას მოსწონს! რით დაიმსახურა ალასანიამ რეიტინგი? მაპი მივიღეთ, ნატოში შევედით, ავღანეთში ჯარი იქამდე იყო, სხვათა შორის, ამ ჯარს დღეს ფაღარატი სჭირს... ან ეს თვალებაპრუწული ნავარო თაღლითობს რაღაცას ან საზოგადოება გაგიჟებულა!
კაცი ვბერდები და ჩემს ოჯახში ერთხელ არ დაურეკავს არც ერთ კვლევის ცენტრს, არც ჩემს კოლეგებთან და ნაცნობებთან. აბა, ვისთან რეკავენ?! უფრო მარტივად რომ გითხრათ, ალასანიამ აშშ-ი მიშა ჩაანაცვლა, ხედავთ, როგორ ემუქრება თავის მთავარსარდალს, სესიაშვილს ხომ საერთოდ ადუმებს, ისინიც დგანან და ყლაპავენ ამას!..
-ბევრს საუბრობენ კოალიციაში არსებულ შიდადაპირისპირებაზე, რომელმაც შეიძლება ,,იფეთქოს“ და კულისებიდან გარეთ გამოვიდეს.
დღეს კოალიციაში მყოფ პარტიებს და მათ მარგინალიზაციისკენ მიმავალ წევრებს რუსული ტანკებითაც ვერ გამოყრი იქიდან. ისინი ხომ არაფერი იყვნენ და უცებ ყველაფერი გახდნენ?! ვასაძის ნაბიჯები სარისკოა იმ მხრივ, რომ არ იცის, ვინ უნდა შემოიკრიბოს თავის გუნდში, ათასმინუსიანი მარგველაშვილსთანები? მართალია, ვასაძეს მხარდაჭერა აქვს პატრიარქისგან, მაგრამ პატრიარქიც არ არის დღეს იმ ფორმაში, თავისი რესურსის რეალიზაცია რომ შეძლოს.
დღევანდელი პარლამენტიდან ბესელიას, ძიძიგურს და ქუცნაშვილს თქვენ გამოყრით?! თუ ივანიშვილმა კეტი არ აიღო და არ გაყარა ისინი, ცუდად იქნება პარლამენტის საქმე.
კოალიციაში შემავალი პარტიები ცალ-ცალკე 3-4-5%-ის გადამლახავები არიან? კვორუმი არ ჰყოფნით და კობახიძე ჯარიმებით იმუქრება, არადა ჯარიმებს სტუდენტებსაც არ ვუწესებთ უკვე გაცდენებზე, ეს ცირკი არ არის?! თუ ვასაძე დაშლის ამათ, კი ბატონო! ,,კეთილი სურვილებითაა მოკირწყლული გზა, საითკენ - თქვენ იცით!“ (ბიბლიიდან).
- პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ღიად განაცხადა, რომ სახელმწიფოს ბიბლიით მართვა შეუძლებელია. რა იმალება ამ სიტყვების მიღმა, ეს ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონფრონტაციას ხომ არ გააღვივებს?
-ერთი ჰკითხეთ უსუფაშვილს, ბიბლია წაკითხული აქვს საერთოდ? ბიბლით სახელმწიფოს ამერიკელებიც კი არ მართავენ, მინიატურული ბიბლიები მუდამ ჯიბეში რომ უდევთ. საქმე სხვა რამეა, უსუფაშვილმა ქვეყანა ნეტა კანონებით მართოს და მეტი არ გვინდა!
- ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ თბილისის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს იგი? იმასაც ამბობენ, მეორე ტური ლორთქიფანიძე-ნარმანიას შორის გაიმართებაო, ამაზე რას იტყვით?
-ეს კუდაბზიკობაა. ილია ვეკუა და არნოლდ ჩიქობავა წუღებით ჩამოვიდნენ თბილისში, მაგრამ მსოფლიო დონის მეცნიერები გახდნენ. ჩემი აზრი ასეთია: მერი არ უნდა იყოს მმართველი გუნდის წევრი, რადგან გამოცდილებამ ამის უარყოფითი მხარეები ბევრჯერ დაგვანახა.
რაც შეეხება ლორთქიფანიძე-ნარმანიას, ზუსტად ვიცი, რომ მოსკოვის პროსპექტზე ნარმანიამ 15კაცი ვერ შეაგროვა, ლორთქიფანიძეს კი მთელი მოედანი უსმენდა. გინდათ გითხრათ, რატომ გაიმარჯვა ,,ოცნებამ“ პირველ ოქტომბერს ასეთი რეიტინგით? მათ მოატყუეს მიშას ხელისუფლების ჩინოვნიკები, სამსახურებიდან არ გაგათავისუფლებთო, მათაც დაიჯერეს და ხმა ბიძინას მისცეს.
დღეს საქართველოში 65000 სახელმწიფო მოხელეა, ეს გადაამრავლეთ მათი ოჯახის 4-5 წევრზე და მიშას არჩევნები მოგებული ჰქონდა, მაგრამ მიოატყუეს. ისინიც კარგად გაათავისუფლეს და თავისიანებით ჩაანაცვლეს. დღეს საქართველოში ნეპოტიზმი თაიგულებად ყვავის!
ერთი რამ, რაც კალაძე-ღარიბაშვილის დამსახურებაა, ისაა, რომ ,,ნაციონალებიდან“ ,,ოცნებაში“ ,, მხტომელები“ შეაჩერეს და შიხიაშვილის მსგავსად ჭკუა ასწავლეს.
ესაუბრა ია ჯღარკავა