ივერიონი / "მთელი საქართველო სერიალის "ხუანით" იყო დაბოლილი, ახლა ხუანი არ კმარა და მოვიდა მარი-ხუანი?"

"მთელი საქართველო სერიალის "ხუანით" იყო დაბოლილი, ახლა ხუანი არ კმარა და მოვიდა მარი-ხუანი?"

   ზუსტად ერთი წლის საზოგადოების ერთი ნაწილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე ალაპარაკდა. მაშინ "პრაიმტაიმის" პრეს-კლუბში საინიციატივო ჯგუფმა სოლიდარობა გამოვხატა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ციხეში იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მოიხმარდნენ მარიხუანას და მოითხოვეს სახელმწიფოს მიერ ამ მიზეზის გამო საკუთარი მოქალაქეების დევნის შეწყვეტა. პირველი აქცია ამ მოთხოვნით 2013 წლის 2 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ყოფილი პარლამენტის შენობის წინ გაიმართა.

   ანალოგიური აქცია დაანონსდა წელსაც, 2 ივნისს იმავე დროს და იმავე ადგილას.

   -"დღეისთვის საქართველოში მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსით, პირადი მოხმარებისთვის მარიხუანას შენახვა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 11 წლამდე ვადით, მოხმარება კი ფულადი ჯარიმით და თავისუფლების აღკვეთით 1 წლამდე ვადით. მაშინ, როდესაც იმავე სისხლის სამართლის კოდექსით გაუპატიურება - ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 6 წლამდე ვადით, ძარცვა - თავისუფლების აღკვეთით 5-დან 8 წლამდე ვადით, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა - თავისუფლების აღკვეთით 6-დან 9 წლამდე, ბირთვული იარაღის ან სხვა ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადება - თავისუფლების აღკვეთით 7-დან 10 წლამდე, ხოლო შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად - თავისუფლების აღკვეთით ვადით 5-დან 8 წლამდე.

   მარიხუანას მოხმარება შეიძლება არ არის სასურველი, მაგრამ 21–ე საუკუნეში მისი მოხმარების გამო სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნა ცივილიზებული საზოგადოებისთვის მიუღებელია.

   ჩვენ მივესალმებით იმ პოზიტიურ სიგნალებს, რომლებიც მოდის ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან და ველით, რომ აღარ მოხდება მარიხუანას მომხმარებელთა მიმართ იმ მანკიერი პრაქტიკის გაგრძელება, რომელსაც ადგილი ჰქონდა წინა ხელისუფლების დროს.

   ჩვენ ვთვლით, რომ საჭიროა მოხდეს ნარკოტიკების კატეგორიზაცია - მარიხუანა უნდა გამოეყოს იმ ნარკოტიკებს, რომელთა მოხმარებისთვისაც გათვალისწინებულია სისხლის სამართლებრივი დევნა და მოხდეს მისი მოხმარების დეკრიმინალიზაცია. ამასთანავე ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია სახელმწიფოს ჩარევა მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში და გონივრული ოდენობის ადმინისტრაციული ჯარიმა შეიძლება შეფარდებული იქნას მხოლოდ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მარიხუანას მოხმარების გამო."-აცხადებენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

   მათივე განცხადებით აქცია არ ისახავს მიზნად მარიხუანას ან მისი მოხმარების პოპულარიზაციას. 

   საინტერესოა, რას ფიქრობენ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ადამიანები, რომლებიც, საკუთარი შეხედულებების მიუხედავად, ამ შეხედულებებს მოვლენის გაშუქების დროს თითქმის არასდროს არ გამოთქვამენ _ ეს ადამიანები ჟურნალისტები არიან.

ჩვენ სხვადასხვა ქალაქის ჟურნალისტებს დავუკავშირდით და ერთი კითხვა დავუსვით:

   _ ეთანხმებით თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნას?

  ზვიად ბიაშვილი:-"არა, მე არ ვემხრობი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას, იმიტომ რომ, მარიხუანას მავნებლობა დამტკიცებულია _ იწვევს მამაკაცებში უშვილობას და ნერვულ აშლილობას. თრიაქი კაცს უფრო მშიშარას ხდის. ღვინო პირიქით-აგულიანებს."

  ამირან ბუტურიშვილი:-"მე მარიხუანას კი არა, სიგარეტსაც არ ვეწევი და მისი წინააღმდეგიც ვარ. რა დროს მარიხუანაა, ისედაც დაბოლილები ვართ ქართველები, ხან ევროპისგან და ხან ამერიკისგან (პოლიტიკურად). ხომ გაგიგია, მოცლილი კაცი ერთ ადგილას მახათს იყრიდაო თუ იმ ადგილს უყრიდა მახათშიო? საქართველო ისედაც იღუპება და ახლა მარიხუანის დროა?! გახსოვს, ალბათ, რაღაც უცხოური სერიალი გადიოდა ტელევიზიით, მთავარი გმირი იყო ხუანი და მთელი საქართველო იმით იყო დაბოლილი, ახლა ხუანი არ კმარა და მოვიდა მარი-ხუანი? სისულელეა!"

  ირმა მესხია:-"მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ქვეყანას სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენებს. ვფიქრობ აბსოლუტურად სხვა რამეა მოსაფიქრებელი. ახლა რა მდგომარეობაა და დეკრიმინალიზაციის შემდეგ რა მოხდება? მომხმარებელია, ავად არის, რას ეტყვი? ვერაფერს. მარიხუანას შესაძენად ფული უნდა, რომელიც არ აქვს, არ მუშაობს, არაფერს არ აკეთებს _ სად წავა? მოიპარავს, ვინმეს დააყაჩაღებს. საქართველოს მომავალი თაობა არ ეყოლება. ასე სწრაფად ამის გადაწყვეტა, იმის გამო, რომ ვიღაცა ითხოვს, არ შეიძლება. მესმის, რომ მოქალაქეების უფლება უნდა დაიცვას სახელმწიფომ, მაგრამ კეთილი ინებოს და ჩემიც დაიცვას. მომცეს გარანტია, რომ მარიხუანას დეკრიმინალიზაციით ჩემი უფლებები არ შეიზღუდება, კრიმინალი არ მოიმატეს."

  შორენა სიხარულიძე:-"მარიხუანას ლეგალიზების წინააღმდეგი ყოველთვის ვიქნები, რადგან ის მომავალ თაობას აჩლუნგებს და ადებილებს."

გოჩა ნაჭყებია: "მავნე ჩვევა ნებისმიერის ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება და ვფიქრობ, რომ თუ მოხდა მარიხუანას ლეგალიზება, ეს ცუდ გაგრძელებას ჰპოვებს და შესაძლოა მერე უკვე ნარკოტიკებზეც იგივე მოითხოვონ. ეს შეუქცევადი პროცესი იქნება."

  შალვა ჯოხაძე:-"სპეციალისტების ერთი ნაწილის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მარიხუანა ნარკომანიის კარიბჭეა. მით უმეტეს, არ არის მისაღები ასეთი კამპანიის დაწყება ცნობილი ადამიანების მიერ, რომლებიც ვიღაცისთვის მისაბაძ მაგალითს წარმოადგენენ. მიმაჩნია, რომ ეს არის პროპაგანდა და ნარკომანიის პროპაგანდას ვერასოდეს გავამართლებ."

  ნიკო ბელიაშვილი:-"მე მომხრე ვარ. დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ დასახვეწია ეს საკითხი. ვინც დეკრიმინალიზაციას ითხოვს, უნდა ესმოდეს, რომ ჯერ დასახვეწია კანონმდებლობა, შესაცვლელია ინფრასტრუქტურა, საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრები მაინც. როგორ უნდა გააკონტროლოს სახელმწიფომ მარიხუანას მოყვანის საკითხი? ვთქვათ, თუ არ ვისჯები სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით, მაშინ თავისუფლად შემიძლია სახლში, ქოთანში მოვიყვანო მარიხუანა? ამ შემთხვევაში რა ხდება? აი, ასეთი მსგავსი ნიუანსები ბლომად არის დასარეგულირებელი."

  თამარ ხვედელიძე:-"საერთოდ არ ვეთანხმები არანაირი ნარკოტიკის მოხმარებას, მაგრამ რადგან მარიხუანა უფრო სუსტი მოქმედების ნარკოტიკია, შეიძლება, ალბათ, სასჯელიც ნაკლები იყოს."

  ილია მარტყოფლიშვილი:-"არა, არც ვუერთდები და არც ვეთანხმები."

  თეა ჩეჩელაშვილი:-"დღეს ისეთი დრო დადგა, ისედაც ბევრი დანაშაული არაოფიციალურად დეკრიმინალიზებულია. არ ვეთანხმები _ კიდევ ერთი აღვირის ახსნა აღარ უნდა ჩვენ საზოგადოებას."

  ზვიად სეხნიაშვილი:-"ძალიან მძიმე თემაა. მოზარდები იოლად ეჩვევიან მარიხუანას და როცა მხოლოდ ჯარიმით დასჯა იქნება, ფულიანი მამების წყალობით იმედი ექნებათ, რომ პრობლემა არ ექნებათ. ამასობაში გაგვინადგურდება ერის საჯიშე თაობა, ჩვენი მომავალი, თორემ საციხედ რომ არ უნდა გაიმეტო ადამიანი, ეს ისედაც ვიცი. მერე ისე იქნება, როგორც ჰოლანდიაში _ ქუჩებში დაიწყებენ დაბოლებას. მეტი პრობლემა აღარაა საქართველოში? ბავშვები შიმშილით იხოცებიან _ ესაა მთავარი და არსებითი. ერი და სამშობლო მარტო პატრიარქის დასაცავი არაა, ყველა უნდა დავდგეთ ურყევად. წვრილმანის დათმობაც კი უკვე ღალატია, არადა დასათმობიც აღარაფერი არ გვაქვს უკვე!"

   მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ის საკითხია, რომელზეც კიდევ ერთხელ გაიყოფა საზოგადოების შეხედულება, ხოლო რა შედეგი დადგება და რას გადაწყვეტს მთავრობა, ეს უკვე მომავლის საქმეა.

 

22-05-2014, 08:16
უკან დაბრუნება