ივერიონი / ზაქარია ქუცნაშვილი: ,,მეორე ტურის არანაირი წინაპირობა არ არსებობს!"

ზაქარია ქუცნაშვილი: ,,მეორე ტურის არანაირი წინაპირობა არ არსებობს!"

   ,,ივერიონი"  კოალიცია ,,ქართული ოცნებისა"  და პარლამენტის წევრ ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრა.

 

-ბევრს დაობენ იმაზე, თუ ვინ უნდა მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოცირების დოკუმენტს - პრემიერ- მინისტრმა თუ პრეზიდენტმა. თქვენ რა აზრის ხართ ამაზე?

-საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საგარეო ურთიერთობებში ორივეს აქვს - პრეზიდენტსაც და პრემიერ-მინისტრსაც. საქართველოში უამრავ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე ხელი  მოწერილი აქვთ მინისტრებსაც და მათ მოადგილეებსაც კი. ასე რომ,  ჩემთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ ხელმოწერილი დოკუმენტი. 

-თქვენი აზრით, რა ბედს უმზადებს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწრა საქართველოს?

-ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერას მე რამდენიმე  მხრიდან ვუყურებ:  პირველი, საქართველო ევროპას უერთდება არა როგორც ევროპის ნაწილი, არამედ ევროპა აღიარებს მას თავის ნაწილად, თორემ საქართველო ისედაც ევროპაა;  მეორე, ამ ხელმოწერით გაუმჯობესდება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილება ევროკავშირის ქვეყნებში. მესამე, ვინაიდან, საქართველოს ეკონომიკას  ჯერ-ჯერობით არ შეუძლია შექმნას სამუშაო ადგილები, ამ დოკუმენტზე ხელმოწერით ქართველები,  რომლებიც არალეგალურად ცხოვრობენ  და მუშაობენ ევროპაში, ლეგალურად დამკვიდრდებიან იქ; მეოთხე, ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობები გაადვილდება, რაც ახალ ბაზრებზე გასვლას შეუწყობს ხელს. 

-როგორ ფიქრობთ, რა რეიტინგით სარგებლობს დღეს საზოგადოებაში ,,ქართული ოცნება" , რა შანსს აძლევს ის დავით ნარმანიას გამარჯვებისთვის და დაინიშნება თუ არა მეორე ტური?

-,,ქართული ოცნების" რეიტინგი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვაა. რაც შეეხება თბილისს, მჯერა, რომ აქ დავით ნარმანია თავისი გაკეთებული საქმეების მიხედვით გაიმარჯვებს. მეორე ტურის კი არანაირი წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან დავით ნარმანიას სასტარტო მდგომარეობა დღეს 40% -ია, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევნების მოგება 50%-ზე მეტით შეუძლია. NDI-ის კვლევებიც იძლევა იმის ფიქრის საფუძველს, რომ მეორე ტური არ იქნება!"

 

                                                   ესაუბრა ია ჯღარკავა

 

22-05-2014, 23:28
უკან დაბრუნება