ივერიონი / ავთანდილ დემეტრაშვილი: ,,გიგი უგულავა ასაბუთებს, რომ ის კი არ გადააყენეს თანამდებობიდან, არამედ დროებით შეუწყვიტეს უფლება-მოსილება"

ავთანდილ დემეტრაშვილი: ,,გიგი უგულავა ასაბუთებს, რომ ის კი არ გადააყენეს თანამდებობიდან, არამედ დროებით შეუწყვიტეს უფლება-მოსილება"

   გიგი უგულავას გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ "ივერიონი" ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

-ბატონო ავთანდილ, დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ დააკმაყოფილა თბილისის ყოფილი მერის,  გიგი უგულავას,  სარჩელი. თქვენი აზრით, რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რას დაეყრდნო საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებისას და პროკურორმა ხომ არ დაარღვია კონსტიტუციური ნორმა არჩევითი მერის გადაყენებისას?

-როგორც მოგეხსენებათ, მოსარჩელე გახლდათ მოქალაქე გიგი უგულავა, რომელიც ასაბუთებს, რომ იგი თბილისის მერის თანამდებობიდან კი არა გადააყენეს, არამედ დროებით შეუწყვიტეს უფლება-მოვალეობა. საკონსტიტუციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე არაკანონიერია ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეული თანამდებობის პირის საქმის განხილვა. ასე რომ, საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმა არ დაურღვევია.

-პოლიტიკური თვალსაზრისით, დაიწყებს თუ არა უგულავა მერობისთვის ბრძოლას არჩევნებამდე 15 დღით ადრე და  დაუბრუნდება თუ არა იგი თავის პოსტს.  თქვენი აზრით,  ეს დღევანდელი ხელისუფლების კრახი იქნება?

-მე აქ პოლიტიკურ კვალს ვერ ვხედავ. სხვათა შორის, ექსპერტებისგან და თვით ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან გამიგონია, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ერთადერთი ორგანოა, რომელიც ნდობას იმსახურებსო. მე თავად კი არ მომწონს ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ზოგიერთ საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ანუ მოსარჩელე და ადვოკატები არ მონაწილეობენ საქმეში და სასამართლო ბრალდების მხარის საფუძველზე განიხილავს საქმეს. აქ დარღვეულია თანასწორი შეჯიბრებითობის პრინციპი, არადა ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა თავისი მტკიცება წარუდგინოს სასამართლოს.

-ბატონო ავთანდილ, თქვენ რა აზრის ხართ ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით?

-ის ტერმინები და ცნებები, რომელთა გარშემოც ასეთი აჟიოტაჟია ატეხილი, საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო აქტებშია ჩაწერილი. უბრალოდ, ის გამოაცალკევეს ანუ  ცალკე კანონად დააფიქსირეს ევროპული ტრადიციის მიხედვით. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს კანონი მაინცდამაინც იმ ,,უმცირესობებს"  კი არ იცავს მხოლოდ, არამედ მასში იგულისხმება ყველანაირი ,,უმცირესობა".

 

                                                        ესაუბრა ია ჯღარკავა

 

23-05-2014, 23:25
უკან დაბრუნება