ივერიონი / 2014 წლის ბოლომდე საქართველოში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

2014 წლის ბოლომდე საქართველოში ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნება

ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა, ახალქალაქის რაიონის სოფელ კარწახში დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა.

ობიექტის  მშენებლობის ვადებსა და ტექნიკურ დეტალებზე ინფორმაცია, საქართველოს მთავრობის მეთაურს  ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და რეგიონის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მიაწოდეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარწახის გამშვები პუნქტი საქართველოს თურქეთთან ახალი, ეფექტური დერეფნით დააკავშირებს, შემოკლდება მანძილი არდაგანამდე, გაუმჯობესდება სასაზღვრო პოლიტიკა, რეგიონს და ადგილობრივებს კი შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებათ.

როგორც პრემიერს მშენებლობაზე განუმარტეს, ახალ პუნქტში სწრაფი და კომფორტული მომსახურებისთვის ყველა პირობა შეიქმნება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.

კარწახის საბაჟო-გამშვები პუნქტის მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება დაახლოებით 10 მილიონი ლარია. 

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მშენებლობაზე ამჟამად, 100-მდე მოქალაქე მუშაობს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, კიდევ 70 ადამიანის დასაქმება იგეგმება, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრები იქნება.

 

24-05-2014, 12:06
უკან დაბრუნება