უფლებადამცველი თეა თუთბერიძე პრემიერს მიმართავს:
-"მიმართვა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ვფიქრობ, უკვე აუცილებლობას წარმოადგენს შეგახსენოთ, რომ თქვენ ბრძანდებით მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების - საქართველოს მთავრობის მეთაური. ხოლო ჩვენს ქვეყანაში გარდა აღმასრულებელი ხელისუფლებისა, თანახმად საქართველოს კონსტიტუციისა, კიდევ არსებობს საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება, რომლის მეთაურიც თქვენ არ ბრძანდებით. საკანონმდებლო ხელისუფლების, ანუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია, ხოლო სასამართლო ხელისუფლების, ანუ უზენაესი სასამართლოსი, კონსტანტინე კუბლაშვილი.
ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია ხელისუფლების დანაწილების შემდეგ პრინციპს ადგენს - საკანონმდებლო ხელისუფლება, აღმასრულებელი ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. ხოლო კონსტიტუციისვე თანახმად "საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური".
ასოცირების ხელშეკრულების თანახმად არა მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლება, არამედ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაც იღებენ ვალდებულებებს. თქვენ რომ თქვენ მთავრობასთან ერთად იმსჯელეთ და მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხელს თქვენ მოაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და იმ ლოგიკის თანახმად, რომელიც თქვენმა, ანუ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვინმე შალვა თადუმაძემ გაახმოვანა, გამოდის რომ ასოცირების ხელშეკრულებას თქვენთან ერთად ხელი დავით უსუფაშვილმა, როგორც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელმა და კონსტანტინე კუბლაშვილმა, როგორც სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელმაც უნდა მოაწერონ.
თუ ქვეყანაში, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო გზით არჩეული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის თანახმად ქვეყნის პირველი პირია, ვერ აიღებს მთავრობის ნაცვლად პასუხისმგებლობას, მაშინ თქვენ, ბატონო პრემიერო, როგორღა იღებთ საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებების ნაცვლად პასუხისმგებლობას?
ერთი შეხედვით შესაძლოა ჩანდეს, რომ არ აქვს მნიშვნელობა ხელს ვინ მოაწერს ასოცირების ხელშეკრულებას, მთავარია რომ მოვაწეროთ, მაგრამ ამ ყველაფერში საგანგაშო ის გახლავთ ბატონო პრემიერო, რომ თქვენი ხელმოწერის შემდეგ, ჩვენი ქვეყნის წარმატების არამოსურნემ, რომ გადაწყვიტოს და გაასაჩივროს ზემოხსენებული ხელშეკრულება სასამართლოში და მისი ბათილად ცნობა მოითხოვოს, როგორც არაუფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილის, აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ მოვიჭრით თავს საერთაშორისო მარშტაბით. თავი რომ დავანებოთ იმას, რომ ეს პირდაპირ იქნება რუსული ოცნების ასრულება.
და ბოლოს, ვერასოდეს ვიფიქრებდი ბატონო პრემიერო, ქართული ოცნების მიერ ზარზეიმით დასახელებული და ხალხის მიერ არჩეული ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის უფლებების დაცვისთვის ბრძოლა თუ ოდესმე მე მომიწევდა".
პატივისცემით
თეა თუთბერიძე