,,ივერიონს" ესაუბრება მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანი.
-ბატონო ონისე, ქვეყანაში არსებული დუხჭირი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ ახერხებს თეატრში სიარულს. თქვენი აზრით, ახდენს თუ არა ეს გავლენას მსახიობთა განწყობასა და თეატრის ბიუჯეტზე?
- ძალიან ბევრ შეჭირვებულ ადამიანს მოუმართავს ჩემთვის და უთქვამს, რომ 10-ლარიანი ბილეთიც კი ვერ შეიძინა სპექტაკლზე დასასწრებად. მე ზოგიერთი მათგანი მომიპატიჟებია თეატრში, მაგრამ ხშირად მეც არ მაქვს ამის გაკეთების საშუალება.
რაც შეეხება ჩვენი თეატრის ბიუჯეტს, ის, ღვთის წყალობით, არასოდეს ცარიელდება, რაც ჩვენი თეატრის რეჟისორის, დირექტორისა და მსახიობთა დასის თავგადაკლული შრომის შედეგია. მარჯანიშვილის თეატრში არ იდგმება ისეთი სპექტაკლები, ანშლაგით რომ არ სრულდებოდეს. ბილეთები 1 თვით ადრე უკვე გაყიდულია, შეიძლება 2 კვირით ადრე ძლივს მოახერხო შოვნა.
-როგორ ფიქრობთ, არის თუ არა თეატრალური ცხოვრება საინტერესო დღევანდელი მაყურებლისთვის და რა ჟანრის სპექტაკლები აინტერესებთ ყველაზე მეტად?
-განსაკუთრებით კომედიური ჟანრის სპექტაკლები მოსწონს ხალხს, რადგან დაღლილი არიან ყოველდღიური ყოფით. რაც შეეხება ისტორიულ სპექტაკლ ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილს", მან ისეთი ინტერესი გამოიწვია, რომ მეშვიდე სეზონია დარბაზში სკამებს ვამატებთ. დღეს ,,მთვრალ ალუბალზე" ბილეთს ვერსად იშოვით, ასე რომ, ყველა სპექტაკლს თავისი მაყურებელი ჰყავს.
-როგორ ახერხებს თქვენი თეატრი დეკორაციებისა და კოსტიუმების შეძენას და ,საერთოდ, ზრუნავს თუ არა თქვენზე კულტურის სამინისტრო?
-კულტურის სამინისტრო ერთიან თანხას უმტკიცებს ჩვენს თეატრს, რომელშიც ხელფასებიცაა გათვალისწინებული. თქვენ რომ იცოდეთ, რამდენი სჭირდება ერთი ღირებული სპექტაკლის დადგმას, მიხვდებით, რომ ის თანხა არაფერია. ამიტომ ეძებს და ეძებს გამუდმებით მარჯანიშვილის თეატრის დირექტორი ეკა მაზმიშვილი სპონსორებს.
-მსახიობის პროფესია და ხელფასი რამდენად რეალიზებული და ადეკვატურია საქართველოს პირობებისთვის?
-იყო დრო, როცა 80 ლარს ვიღებდი, დღეს 10-ჯერ მეტიც მაქვს, მაგრამ რაც მაქვს, იპოთეკაში ვიხდი და ხელფასიდან-ხელფასამდე კაპიკებით გამაქვს თავი. ამ ქვეყანაში, მგონი, ექიმსა და მასწავლებელზე მეტი ხელფასი მაინც მაქვს და საწუწუნოდ როგორ ამოვიღო ხმა?!
-ქართული თეატრის კორიფეებს კომუნისტური რეჟიმის დროსაც კი გაუტანიათ ქართული კულტურა საზღვარგარეთ. დღეს რა მდგომარეობაა ამ მხრივ?
-მართალია, ამას ისინი ახერხებდნენ მაშინ, როცა ,,მოსკოვს" თათი ჰქონდა ყველაფერზე დადებული. მათთან შეთანხმების გარეშე ვინ გაბედავდა სპექტაკლის დადგმას!
ჩვენი თეატრიც არ არის ამ საქმიანობას მოკლებული. სეზონი ისე არ ჩაივლის, გასტროლებზე რომ არ წავიდეთ. მთელი მსოფლიო მოვიარეთ და ბევრგანაც გვეპატიჟებიან. შექსპირის ,,როგორც გენებოთ!" გლობუსის თეატრში მიიწვიეს და გარდიანმა ხუთი ვარსკვლავი მოგვანიჭა. მას შემდეგ 6 სპექტაკლი ჩავიტანეთ იქ. მთელი მსოფლიო მოვიარეთ - 19 ივნისისთვის მოვემგზავრებით ისრაელსა და სერბეთშიც, მეტი აღიარება რა გინდათ!
-როგორ შეაფასებთ პაპუაშვილი-ფოფხაძის ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მსახიობთა დასისა და სამხატვრო ხელმძღვანელის უფლებების გათანაბრებას ითვალისწინებს?
-მე როცა ამ აკანონმდებლო ინიციატივის შესახებ შევიტყვე, ძალიან გამიკვირდა. მე და სამხატვრო ხელმძღვანელს თანაბარი უფლებები როგორ გვექნება, არ მესმის! მე სპექტაკლის რეპეტიციისას რეჟისორივით რომ მოვიქცე, მოგეწონებათ? აქედან გამომდინარე, მე ვერ დავეთანხმები ამ პროექტის ინიციატორებს.
-შეუთანხმებია თუ არა თქვენს სამხატვრო ხელმძღვანელს მსახიობთა დასთან რომელიმე მნიშვნელოვანი საკითხი?
არასოდეს! 24 წელია თეატრში ვარ და ასეთი რამ არ მომხდარა. მსახიობს რა უნდა? ის, რომ როლი ჰქონდეს. სხვა დანარჩენი მისი საქმე არ არის!
-თქვენ, როგორც მსახიობი, როგორ შეაფასებთ ანტიდისკრიმინაციულ კანონს , რომელიც გენდერული იდენტობის დაცვასაც ითვალისწინებს?
- ღიმილისმომგვრელა ეს კანონიც და ისიც, რაც მას მოჰყვა! გული მწყდება, რომ ,,ასეთი" ადამიანები ძალიან მრავლდებიან ჩვენში, თუმცა ქვის სროლითაც ვერ გამოვეკიდები მათ.
ლომის წილი ასეთი ,,უმცირესობებისა" და ნარკომანების გაპიარებაში, ტელევიზიებს მიუძღვით. მოიწვევენ მათ და ისე აკითხებენ მორალს, თითქოს ამ ქვეყნის მთავარი მესიტყვეები ეგენი იყონ! ჩემი შვილი უყურებს მათ და ხვდება, რომ ამ ცხოვრებაში წინ სწორედ ისინი მიდიან და მეშინია ...
მე მოვითხოვ, არ გააჭაჭანონ ტელევიზიებში თვალებჩმოძინებული ნარკომანები და ერთსქესიანთა დაწყვილების მქადაგებლები. არ მენაღვლება, ვისაც უნდა იმას ეწყიბოს ჩემგან ასეთი რეაქცია!
-როგორ ზემოქმედებს თეატრზე სამთავრობო ცვლილებები ქვეყანაში?
-ეს არ უშლის თეატრს ხელს. რეჟისორი პოლიტიკურ პროცესებს სპექტაკლით სცემს ხოლმე პასუხს. ეს ნორმალური დამოკიდებულებაა ნორმალური ქვეყანისთვის.
-ბატონო ონისე, უჭერთ თუ არა მხარს მარიხუანის ლეგალიზებას სახელმწიფოში და რა შეიძლება მოჰყვეს მარიხუანით თავისუფალ ვაჭრობას ქვეყანაში?
-მარიხუანის ლეგალიზება - ეს არასწორი ნაბიჯია, რადგან ახალგაზრდებს ჯანსაღი ვხოვრებისკენ უნდა ვუბიძგოთ და არ უნდა დავუდოთ ცხვირწინ აკრძალული ხილი. ცხვირწინ თუ დაუდებენ, გასინჯავს, და ასჯერაც გაიმეორებს. ეკლესიას რატომ არ ვუჯერებთ, რომელიც სიამოვნების ძლიერ მორევში შესვლას გვიკრძალავს?!
თქვენი აზრით, როგორ არჩევს მარჯანიშვილი თეატრი მსახიობებს, თუ ნეპოტიზმი აქაც არ არის უცხო?
ადრე იყო ხოლმე - ჩემი დისშვილია, ახლობელია და მიიღეთ... ქრთამიც იყო... დღეს, თუ პროფესიონალი არ ხარ, ვერ მოხვდები თეატრში. მე ჩემს მსახიობ დისშვილსაც კი არ გავუწიე რეკომენდაცია თეატრში სამუშაოდ და ეს მგონია ჩემი პატიოსანი საქციელი.
-რომელია თქვენი ყველაზე საყვარელი როლი და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები თეატრალურ ცხოვრებაში?
-,,ზაფხულის ღამის სიზმარი" გამორჩეულად მიყვარს! ჩემი საკუთარი თეატრი კი არასოდეს მექნება. სამომავლიდ კვლავ მარჯანიშვილის თეატრში დავრჩები, იქ ერთი უბრალო მსახიობი ვარ, ჩემი პატარა ადგილი მიჭირავს და ვცხოვრობ ამბიციების გარეშე.
ესაუბრა ია ჯღარკავა