ივერიონი / უჩა ნანუაშვილი:-"ოსური სახლის აღდგენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა"

უჩა ნანუაშვილი:-"ოსური სახლის აღდგენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა"

   სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის და  რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიული მუზეუმის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილოს მუზეუმში არსებული ოსური სახლის რესტავრაციისა და მათში მუდმივმოქმედი გამოფენის მოწყობის დეტალური ხარჯები და უზრუნველყოს მისი რესტავრაცია.

    "ოსური სახლის აღდგენა წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა სახელმწიფოს მიერ ეროვნული უმცირესობების წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების საქმეში და ხელს შეუწყობს საქართველოში ოსური ეთნო-კულტურის პოპულარიზაციას, ოსური თემის კულტურული უფლებებისა და მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის  დაცვას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას  და კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას", -ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

   ცნობისთვის, ოსური სახლი, რომელიც ძმებ კოსტაევებს ეკუთვნოდათ, მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება, ორიგინალი ნიმუშია და ჩამოტანილია ჯავის რაიონის სოფელ სოხთადან 1975 წელს. 1990-იანი წლებში ვერ მოხერხდა სახლზე სათანადო ყურადღების მიქცევა და გარემოპირობების გამო იგი დაზიანდა.

 

28-05-2014, 09:22
უკან დაბრუნება