,,ივერიონს“ ესაუბრება თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია
-ბატონო ჯაბა, თქვენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ნაძალადევის რაიონში იყრით. რატომ შეელიეთ ,,ქრისტიან-დემოკრატებს“, ვისი კვოტითაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდით. საინტერესოა თქვენი აზრი ყოფილ თანაგუნდელებზე - რატომ წავიდნენ ისინი ნინო ბურჯანაძესთან -ეს ხელოვნურად შექმნილი ალიანსია თუ იდეოლოგიური ერთობა?
-მე ექსპერტი არ ვარ და ამ კითხვას პასუხს ვერ გავცემ, თუმცა, როგორც მე ვიცი, ,,ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ბურჯანაძესთან ბევრი არავინაა. ეს ალიანსი სხვადასხვა პარტიის წევრებისგან დაკომპლექტდა და მათ პირველ ნომერს, ზაზა ვეკუას, ვიცნობ, შანსებიც აქვს, შეიძლება იმაზე მეტი პროცენტი აიღონ, რამდენიც საპრეზიდენტოზე აჩვენეს.
-თქვენი გამოცდილების გათვალისწინებით, გამარჯვების შემთხვევაში მოიაზრებით თუ არა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ?
-არა, რა თქმა უნდა, ამ საკითხის ასე დასმა ჯერ ნაადრევია... ამის განხილვაც არ ყოფილა. ეს მხოლოდ პრემიერისა და პოლიტსაბჭოს დასაწყვეტია.
-საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ ,,ქართული ოცნების“ რეიტინგმა იკლო. ოფიციალურად მაინც მმართველი გუნდის გამარჯვებას წინასწარმეტყველებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ამას გაყალბების გზით მიაღწევენ...
-გაყალბებას, რამდენად უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, ჰყავს ორი მხარე: პირველი-რომელიც აყალბებს და, მეორე, რომელიც უდასტურებს ამას. თუ ჩვენი ოპოზიცია თვლის, რომ ასეთი ფაქტი იცის და თვალს ხუჭავს, მათი პრობლემაა.
გააყალბებენო, ამბობდნენ, საპრეზიდენტო არჩევნებზე, მაგრამ აღიარეს, რომ დემოკრატიულად ჩატარდა, შუალედურ არჩევნებზეც ასე გაიძახდნენ, მაგრამ ერთი ფაქტიც ვერ მოიძიეს. დღევანდელი ხელისუფლება იცავს თამაშის წესებს, მას გაყალბება არ სჭირდება, რადგან ხალხის დიდი ნდობით სარგებლობს.
ხალხი ხედავს, რომ ჩვენ არ ვქმნით ე.წ. ფასადურ პროექტებს, როგორც სააკაშვილის დროს ხდებოდა. მაგალითს მოგიყვანთ, მიშას დროსაც იყო 3-ლარიანი დაზღვევა, მაგრამ ხალხი საავადმყოფოებში წნევის გასაზომად ვერ შედიოდა. დღევანდელი საყოველთაო დაზღვევით კი უამრავი ადამიანი გადარჩა.
თბილისელელების 80-90 პროცენტს იპოთეკის პრობლემა ავადმყოფი ახლობების სამკურნალო თანხის არქონის გამო გაუჩნდა. ნაციონალებმა საბავშვო ბაღები ფასიანი გახადეს, ჩვენ კი უფასო, ეს არ აისახება ჩვენს ჯიბეზე? უნივერსიტეტებში 14 უფასო ფაკულტეტი დავამატეთ, სოფლის მეურნეობაში იმაზე მეტი საქმე გაკეთდა, რაც კომუნისტების დროსაც არ გაკეთებულა. წელიწად-ნახევარში ხომ ვარ ავაშენებდით 20 წლის დანგრეულ ქვეყანას!
ამ არჩევნების შემდეგ დავიწყებთ ქვეყნის აღმშენებლობის მეორე ეტაპს - შეიქმნება სამუშაო ადგილები, გაიხსნება საწარმოები, ოღონდ არა ისე, მიშა ვიღაცისგან რომ ითხოვდა ხოლმე ასაწყობ ქარხანას, ააწყობდა, გადაუღებდა სურათს, შემდეგ ისევ დაშლიდა და პატრონდ დაუბრუნებდა.
-როგორია თქვენი წინასაარჩევნო პროგნოზი, რა შანსი აქვს არასაპარლამენტო ოპოზიციას?
-ხმებს ისინიც აიღებენ, მაგრამ გამარჯვების იმედი არ უნდა ჰქონდეთ. მე ობიექტურად ვერც შევაფასებ ამ ვითარებას, რადგან მხარეს წარმოვადგენ და სუბიექტური ვარ.
-ვინ არის თქვენი რეალური კონკურენტი საკრებულოს არჩევნებში და რამდენად თანაბარია წინასააჩევნო გარემო?
-თანაბარია, რა თქმა უნდა! შეხედეთ, ოპონენტების პლაკატები უფრო მეტია ქალაქში, ვიდრე ჩვენი. საუკეთესო სარეკლამო ბანერები ,,ნაციონალებს“ უკავიათ, საინფორმაციო გადაცემებში გაშუქების მხრივაც თანაბარუფლებიანობაა. ასე რომ, ვერცერთი ვერ იტყვის, ასე არ არისო.
-როგორ შეაფასებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგი უგულავასთან დაკავშირებით. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ნაციონალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ კოჭი ისევ ნაციონალებს გაუგორა ანუ ხომ არ ამოქმედდა ფორმულა ,,ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს“?
-გიგი უგულავამ საკუთარ თავზე მოირგო ,,კანონი თბილისის მერის შესახებ“, რომელიც ისეთი მარაზმია, რომ თბილისელების დაცინვად შეიძლება შევაფასოთ. შეიძლება ვთქვათ, რომ ამ კანონის მიხედვით მას პრეზიდენტზე მეტი პრივილეგიები ენიჭებოდა. მერმა, რომელმაც ხალხს 50 მილიონი მოპარა, თბილისის მერიაში მეორე სახელმწიფო შეიქმნა ქაჯეთის ციხის სახით.
ესაუბრა ია ჯღარკავა