საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრ ზარიკ ჰასანოვს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობაზე.
მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სფეროში საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის სამმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივა, ასევე, წვრთნების ერთობლივი დაგეგმვისა და განხორციელების საკითხი რეგიონის სტრატეგიული ენერგოსატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაცვის თვალსაზრისით.
შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა, რომელსაც აზერბაიჯანის დელეგაციის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ივანე მაჭავარიანი.