გვესაუბრება პოლიტიკური ექსპერტი ბატონი ვაჟა ბერიძე.
ბატონო ვაჟა, თქვენ ხაზგასმითაღნიშნეთ, რომ დღეს ბევრ სტრუქტურაში ,,ნაციონალების" ერთგული ადამიანები მუშაობენ და მათ მკვდრეთით აღდგომაზე ოცნებობენო. როგორ ფიქრობთ, ისინი მხოლოდ ოცნებობენ,თუ ასრულებენ კიდეც ,,ნაციონალების" დავალებებს?
-უწინარეს ყოვლისა, მინდა ხაზი გავუსვა, რომ ,,ივერიონის“ ხშირი რესპოდენტი ვარ და ეს დიდ პატივად მიმაჩნია. ამ სააგენტოს, მაღალი რანგის პროფესიონალები უდგანან სათავეში და ეტყობა კიდეც მის შემოქმედებით მხარეს. აქ ადგილი ყოველთვის არსებობს განსხვავებული ხედვებისა და თვალსაზრისებისთვის. მკითხველიცა და მომხმარებელიც იმიტომ ჰყავს ღირსეული. ყველაფერ ამის გათვალისწინებით, არ შემიძლია არ გამოვთქვა ჩემი სინანული იმ არაკორექტული და უმართებულო კომენტარების გამო, რომელიც ზოგიერთი მკითხველისგან გაკეთდა ჩემს წინა ინტერვიუსთან დაკავშირებით. არადა, მე როგორც ვებ–გვერდის და მისი მკითხველის პატივისმცემელი, არ შეიძლებოდა გულწრფელი არ ვყოფილიყავი და არ ვიმსახურებდი შეურაცხყოფას არც ჩემი მოსაზრებების და არც მათი ფაქტობრივი მხარის გამო. უბრალოდ, ყველამ ერთმანეთის მოსაზრებებს პატივი უნდა ვცეთ და ვიკამათოთ ძალიან მწვავედ, მაგრამ მისაღები ლექსიკის გამოყენებით.
ახლა რაც შეეხება თქვენს შეკითხვას: რა თქმა უნდა, ბევრ სტრუქტურაში „ნაციონალები“, ყოფილი „ნაციონალები“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთგული ადამიანები მუშაობენ, ოღონდ, ისინი ,,მკვდვრეთით აღდგომაზე“ კი არ ოცნებობენ, არამედ, ფენიქსებრ ფერფლიდან აღდგომასა და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებაზე. ისინი არამარტო ოცნებობენ ამაზე, არამედ, რაც შეუძლიათ, აკეთებენ კიდეც.
ასრულებენ თუ არა ისინი "ნაციონალების“ ლიდერების დავალებებს, ვერაფერს გეტყვით, ფაქტები არ მაქვს, მაგრამ სავარაუდოდ, პარტიული დისციპლინის ფარგლებში ალბათ, ასრულებენ კიდეც.
პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გურიაში მოსახლეობასთან შეხვედრისას ხალხს საქართველოს მომავალი გაბრწყინების პერსპექტივა დაახლოებით ამ სიტყვებით შეახსენა, როგორც ბრძენმა ბიძინამ ბრძანა, 2 წელი გაგვიჭირდება და 2 წლის შემდეგ ნაკლები პრობლემა გვექნებაო. თქვენ ხედავთ თუ არა ამ სიბრძნის პერსპექტივას?
– ვფიქრობ, 4 წელი, ანუ ერთი საარჩევნო ციკლი აუცილებელია ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლების სრულყოფილად შესაფასებლად. მე მომწონს სამართლიანობის აღდგენისკენ გადადგმული ნაბიჯები, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად ბევრი მილიონის მიმართვა, თუმცა, ბუნებრივია, უფრო შეკრული პოლიტიკური ორგანიზმი და მონოლითი რომ იყოს კოალიცია ,,ქართული ოცნება“, უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა. პოლიტიკური მენეჯმენტი ,,ქართულ ოცნებაში“ მოიკოჭლებს და აქედან გამომდინარე. შედეგებიც შედარებით მოკრძალებულია.
როგორ შეაფასებთ აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს და რა გავლენას მოახდენს ეს საქართველოზე?
– აფხაზეთში ერთი პრორუსული ძალა, უფრო პრორუსულმა ჩაანაცვლა და ეს 24 აგვისტოს საბოლოოდ გაფორმდება. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, აფხაზეთის ქართველობასა და მთლიანად საქართველოზე უარყოფითად აისახება. მიზანი ნათელია – აფხაზეთის ქართველობა, აფხაზეთში დღეს მცხოვრებ ქართველებს ვგულისხმობ, უნდა იქნას გაძევებული საზოგადოებრივ–პოლიტიკური ასპარეზიდან, არადა, მათი ხმები ბაღაფშისა და ანქვაბის დე–ფაქტო პრეზიდენტად არჩევისას გადამწყვეტი იყო. ახლა უფრო პრორუსული ძალების მოსვლა დაიგეგმა ხელისუფლებაში, ყირიმისა და უკრაინის მოვლენების კონტექსტში. ტარას შამბას მიერ გაჟღერებული აფხაზეთის რუსეთთან ასოცირებული კავშირის იდეა, კრემლის პალატებშია დაბადებული და პასუხია საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მომავალ ხელმოწერამდე.
სამწუხაროდ, ჩვენ აღარ გვაქვს დიალოგი არც აფხაზებთან და არც ცხინვალის რეგიონთან, ხოლო რუსეთთან ასე საჭირო და საშური ურთიერთობების დალაგება დღემდე აბაშიძე–კარასინის არცთუ ეფექტური ფორმატით შემოიფარგლება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვშორდებით აფხაზეთს და ვეგუებით ეთნოწმენდის შედეგებს, ხოლო, რიტორიკაში ოკუპირებულ ტერიტორიებად აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოხსენიებით ვკმაყოფილდებით, ხოლო პერსპექტივას მხოლოდ რუსეთის დაშლის შემთხვევაში ვხედავთ. არა მგონია, ასეთი მიდგომა მთლად შორსმჭვრეტელური და ბრძნული იყოს.
როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ხელისუფლებას მეგობარი ქვეყნები მაპის მოპოვებას საქართველოს იურისდიქციაში დღეს არსებული ტერიტორიებით ურჩევენ, ხოლო აფხაზეთ-სამაჩაბლო დროებით ,,განზე უნდა გადგეს". თქვენი აზრით, რას (ან ვის) ემსახურება ასეთი რჩევა?
– მე არ ვიცნობ ასეთ რჩევას. მე ვფიქრობ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისას კიდევ უფრო მკაფიოდ უნდა იქნას ხაზგასმული, რომ ევროკავშირი ცნობს და აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. იმავეს მოვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, მაპის და ,,ნატოს“ შემთხვევაშიც. თუმცა მაპის რეჟიმში გადასვლა სადღეისოდ არარეალურად მესახება.
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი საჭიროდ მიიჩნევს ,,მთის კანონის" სასწრაფოდ შემუშავებას, რამაც იქ მოსახლეობის დაბრუნებას უნდა შუწყოს ხელი. თქვენი აზრით, რა მდგომარეობაა მთაში და ,ზოგადად, ბარიდანაც ხომ არ იმატა მოსახლეობის საზღვარგარეთ გადინებამ?
– მთის მხარდაჭერა აუცილებელია, საქართველო სოფელია და მთა უწინარეს ყოვლისა. ამ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანა იქ მოსახლეობის დაბრუნებას ეფექტიანად ხელს ვერ შეუწყობს. თუმცა, კანონები, გაგიხარია, კარგია. დიახ, საქართველოდან მოსახლეობის გასვლა გრძელდება და თუ ქვეყანას ვერ მოვუარეთ, ეკონომიკა ვერ წამოვწიეთ, უკონტროლო მიგრაცია კატასტროფულ მასშტაბებს მიიღებს. დიახ, სულ უფრო შემაშფოთებელი გახდება უკონტროლო იმიგრაციაც.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვალ, წმინდა სინოდის კრებაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს,თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ, პენსიაზე გაუშვებენ. რას ნიშნავს მართლმადიდებელი მრევლისა და პატრიარქის საწინააღმდეგოდ გალაშქრება და რა როლს შეიძლება თამაშობდეს ამ შეთქმულებაში ხელისუფლების ფაქტორი?
– მიმაჩნია, რომ ეს უნიადაგო ჭორებია. ილია მეორეს, ერის სულიერ მამას ვერც ეკლესიის შიგნით და ვერც მის გარეთ, ასეთ რამეს ვერავინ გაუბედავს. თუ ვინმე მაინც წინდაუხედავად რაიმე მსგავსს მოიმოქმედებს, მას მთელი საქართველოს რისხვა დაატყდებათავს! ესაუბრა ია ჯღარკავა