„ჩვენ არ ვაწარმოებთ იმ პროდუქციას, რომელის გასაღებასაც საქართველოში ან უცხოეთში ვერ შევძლებთ“ - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ივერიონის" კითხვას სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ - შესახებ.
პრემიერის თქმით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ - ფარგლებში, საქართველოში წარმოებული პროდუქციის გასაღების ბაზარი ევროკავშირის ქვეყნები და რუსეთი იქნება.
„5 თვე ვმუშაობდით პროგრამაზე და ეს თემა სახელმწიფო დონეზე მყავს აყვანილი. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში წარმოებულმა პროდუქციამ ჩაანაცვლოს უხარისხო, ექსპორტირებული პროდუქცია. რაც ყველაზე მთავარია, ეს ყველაფერი საბოლო ჯამში ექსპორტს შეუწყობს ხელს. გასაღების ბაზარი იქნება ევროკავშირი და რუსეთი რა თქმა უნდა. ოღონდ ხარისხი უნდა იყოს მაღალი და ევროსტანდარტებს შეესაბამებოდეს“ - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი წარმოების განვითარება მისთვის მთავარი პრიორიტეტია და პროგრამის განხორციელებაში უშუალოდ არის ჩართული.
„ყველაზე მტკივნეული საკითხი რაც მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა, იყო გაჩერებული სოფლის მეურნეობა, დანგრეული სოფელი, გაღატაკებული, მშიერი გლეხი, დაუმუშავებელი მიწები, გაჩერებული სოფლები, საწარმოების არარსებობა. ძალიან ბევრს დავდივარ რეგიონებში. იქ სიცოცხლე არ იგრძნობა. აბსოლუტური უმოძრაობაა.
ქვეყანის ზოგადი ფონი არის ჩამკვდარი ადგილობრივი წარმოება. სწორედ სოფლის მეურნეობა და ადგილობრივი წარმოების განვითარება იყო ჩვენი მთვარი გამოწვევა.
85 % სოფლის მეურნეობის პროდუქტი შემოგვაქვს უცხოეთიდან. ეს არის სირცხვილი ჩვენთვის, ვინაიდან მიმაჩნია, რომ ჩვენ გვაქვს უნიკალური რესურსი, უნიკალური ჰავა, მიწები, რომელსაც - ხაზს ვუსვამ, ვერ ვიყენებდით. ვინაიდან, ჩვენ დღეიდან დავიწყეთ ამ რესურსის ათვისება. გვაქვს კონკრეტული გეგმა, როგორ უნდა ავამუშაოთ ეკონომიკა და გავაძლიეროთ სოფელი"- აღნიშნა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განმარტა, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო მეწარმეებს, 100 საწარმოს სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცემს.
„თითქმის ყველა დარგი შევარჩიეთ. შევისწავლეთ, რომელ რაიონში, რეგიონში რა მოდის, რადგან ამ ყველაფერს მუშა ხელი სჭირდება.
მოვიცავით, სოფლის მეურნეობის დარგები, ტყავის და შალის გადამამუშავებელი ქარხნები. ჩევენ გვაქვს უნიკალური თიხა საქართველოში, რატომ უნდა შემოდიოდეს უცხოური წარმოების კაფელი ან მეტლახი, როდესაც შეგვძლია ადგილზე ვაწარმოოთ უკეთესი, უნიკალური პროდუქტი? ამას გარდა, ვაწარმოებთ ყოველდღიური მოხმარების საგნებს, რაზეც მოთხოვნა არის საქართველოში, მაგრამ ამის ადგილობრივი წარმოება არ არსებობს. მთავარი იდეა სწორედ ისაა, რომ წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. ჩვენი საბოლოო ოცნება არის, რომ ყველა სოფელში რაღაც იქმნებოდეს“, - განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვებს საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ უპასუხა.
მირანდა ჭარხალაშვილი