ივერიონი / პროექტი "სოფელი ავრანლო" წარმატებით დასრულდა

პროექტი "სოფელი ავრანლო" წარმატებით დასრულდა

   "სოფლის სოციოლოგთა კლუბის" მიერ დაგეგმილი ღონისძიება/პროექტი "სოფელი ავრანლო", რომელიც მიმდინარეობდა 1-2 ივნისს, წარმატებით დასრულდა. მის განხორციელებაში მოანაწილეობა მიიღეს მოხალისეებმა და მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა: Masterpeace Georgia, CaYNex, Apnsc Dayhome, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 360º - ახალგაზრდული ინტერნეტ-ჟურნალი. 

   პროექტის მთავარი მიზანი იყო ადგილობრივი ახალგაზრდების გააქტიურება და ჩართვა სხვადასხვა სახის კულტურულ, სპორტულ და ინტელექტუალურ ღონისძიებებში. გარდა ამისა, წინასწარ შეგროვებული შემოწირულობები და წიგნები გადაეცა სოციალურად დაუცველ ოჯახსა და სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას.

   პირველი დღე დაიწყო სკოლის ეზოში დასუფთავების აქციით, შემდეგ კი სპორტული აქტივობებით. მოხალისეებმა ადგილობრივებს შეასწავლეს თოკზე სიარული, ცეცხლის შოუ და ფრიზბის სროლა. საღამოს გაიმართა ჩარლი ჩაპლინის ფილმის - "The Kid" - ჩვენება და ჩატარდა ტრენინგი "როგორ წავიდეთ უცხოეთში", რასაც თან მოჰყვა დისკუსია სოფლის პრობლემების შსახებ.  დღე დასრულდა სკოლის მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრებით. 

მეორე დღის ღონისძიებები იყო: "თავისუფალი კითხვა", ტრენიგი მშვიდობისა თემასა და სახლემწიფოსთვის საერთაშორისო ორგანიზაციების როლის მნიშვნელობის შესახებ, ინტელექტუალური და "ოუტ დოორ" თამაშები. "თავისუფალი კითხვა" შედგებოდა ორი სექციისგან, ერთი დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის იყო განკუთვნილი, მეორე კი - უფროსკლასელებისთვის. აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს მხატვრული ნაწარმოებები. ტრენინგი და თამაშები ჩაატარა ერთ-ერთმა მხარდამჭერმა ორგანიზაციამ - Masterpeace Georgia.

   სოფელ ავრანლოს ახალგაზრდები აქტიურად მონაწილეობდნენ თითოეულ აქტივობაში. ასევე, სტუმრებს დაათვალიერებინეს სოფლის ბუნებრივი და ანთროპოგენული ძეგლები. პროექტის დასასრულს კი ისურვეს მსგავსი ტიპის ღონისძიებების ხშირად ჩატარება.

 

5-06-2014, 09:37
უკან დაბრუნება