ივერიონი / "ქართული ოცნება"-"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დააფასა ჩვენი კოალიციის ინიციატივა"

"ქართული ოცნება"-"ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დააფასა ჩვენი კოალიციის ინიციატივა"

   მარნეულში განვითარებულ მოვლენებს ბლოკი "ქართული ოცნება" ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ქმედებები  საარჩევნო ადმინისტრაციაზე ღია ზეწოლაა. 

   "გვინდა გამოვეხმაუროთ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ დღეს, მარნეულის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეზე ზეწოლის ფაქტს.

 როგორც საზოგადოებამ მედიიდან შეიტყო, გიგი უგულავა, რომელიც ბრალდებულია მოქალაქეების კუთვნილი მილიონობით ლარის გაფლანგვაში, "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან ერთად, შეიჭრა ცსკ-ის მიერ დანიშნული მარნეულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის სამუშაო ოთახში, მუქარის ტონით მიაყენეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა და დემონსტრაციულად დახიეს საოლქო კომისიის თავმჯდომარის მიერ ხელმოსაწერი განკარგულება, რათა კომისიას სამუშაო ვადებში ვერ მოესწრო თავისი უფლებამოსილების განხორციელება, რაც დანაშაულებრივი ქმედებაა.

    "ქართული ოცნება" აღნიშნულ ქმედებას საარჩევნო ადმინისტრაციაზე ღია ზეწოლად აფასებს.

 როგორც ჩანს, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ვერ დააფასა ჩვენი კოალიციის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცსკ-მ მიიღო გადაწყვეტილება, პარტიული სიის ნაწილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის შემთხვევაში, საარჩევნო პროცესში მთელი სიის დანარჩენი შემადგენლობის დატოვების შესახებ.

ნაცვლად იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შემოვიდეს ჯანსაღ პოლიტიკურ კონკურენციაში და მიიღოს ის განაჩენი, რომელსაც მათ ქართველი ხალხი განუსაზღვრავს, საარჩევნო ადმინისტრაციასთან ჩვეული მუქარის ტონით აგრძელებს საუბარსა და ქმედებას.

   ეს ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, დროულად შეაფასონ მომხდარი ფაქტი და მისცენ სათანადო კვალიფიკაცია"-ნათქვამია განცხადებაში.

   ბლოკი შესაბამის უწყებებს მომხდარი ფაქტის დროული შეფასებისა და სათანადო კვალიფიკაციის მიცემისკენ მოუწოდებს.

 

6-06-2014, 08:28
უკან დაბრუნება