„უფლებადამცველთა გაერთიანება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიას, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელებს.
როგორც „უფლებადამცველთა გაერთიანების“ თავმჯდომარემ, ნიკოლოზ მჟავანაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა,
გაერთიანების წევრები, თითოეულ დარღვევაზე, რეაგირებას მოახდენენ.
მან ასევე, მარნეულის საოქლო საარჩევნო კომისიაზე განხორციელებული ზეწოლის ფაქტი შეაფასა.
"ის რაც მარნეულში მოხდა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ ფაქტიურად დაარბიეს მარნეულის საარჩევნო ოლქი, პოლიციის გაფრთხილების მიუხედავად, ძალის გამოყენებით შეაღწიეს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ოთახში, განახორციელეს მუქარა, გაანადგურეს დოკუმენტაცია და ხელი შეუშალეს საარჩევნო ოლქის ხელმძღვანელს თავისი მოვალეობის განხორციელებაში. მის მიმართ განხორციელებული ძალადობა საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა.
მარნეულში განხორციელებული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით „უფლებადამცველთა გაერთიანებამ “ განცხადება უკვე შეიტანა მთავარ პროკურატურაში.
თუკი საარჩევნო ადმინისტრაციაზე განხორციელებულ ძალადობას სამართლებრივი შეფასება არ მიეცემა, ხვალ მსგავსი ინციდენტებისაგან დაზღვეული არავინ იქნება, ამიტომ, მოვითხოვთ, კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ კანონის დამრღვევი პირები’’-განაცხადა მჟავანაძემ.