ივერიონი / თეა წულუკიანი:-"ნაციონალებს სურთ რაღაცა ტიპის დაპირისპირებები რეალობად წარმოაჩინონ, რაც არ არის სიმართლე"

თეა წულუკიანი:-"ნაციონალებს სურთ რაღაცა ტიპის დაპირისპირებები რეალობად წარმოაჩინონ, რაც არ არის სიმართლე"

   იუსტიციის მინისტრი, უწყებათაშორისო კომისიის ხელმძღვანელი თეა წულუკიანი მარნეულში განვითარებულ მოვლენებს დღეს კიდევ ერთხელ გამოხმაურა და განაცხადა:

   -"უწყებათაშორისი კომისია ძალიან მკაცრად გმობს იმ აგრესიას, რომელიც გიგი უგულავამ და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა წარმომადგენლებმა მარნეულში, საარჩევნო ადმინისტრაციის წინააღმდეგ განახორციელეს. ეს არის დაუშვებელი, ამას სახელმწიფო არ მოითმენს.

    ყველა პარტია, რომელიც საკუთარ თავს ამის უფლებას მისცემს, მთელი სიმკაცრით დაისჯება. იმ საგამოძიებო პროცესის პარალელურად, რომელიც გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს, მოვუწოდებ ყველა პარტიას, თავი შეიკავოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევისაგან, რადგან ჩვენმა მთავრობამ შესძლო ის, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია სარგებლობდეს ნდობით, იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ხოლო თუკი რაიმე სადავო გადაწყვეტილება იქნება, პირუთვნელ და მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია მიიღებს.

    უწყებათაშორისი კომისიის ყველა წევრი ერთპიროვნულად გმობს, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, პოლიტიკურ ჭრილში, პოლიტიკური კამპანიის პირობებში მუდმივად მოქალაქეთა ეთნიკურ წარმოშობაზე, მათ ეთნიკურ კუთვნილებაზე აპელირებს, ცდილობს, რომ ეთნიკური უმცირესობა თუ ეთნიკური უმრავლესობა საკუთარი პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენოს.

    ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, პოლიტიკური საქმიანობისას თავი შეიკავოს მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფისაგან, რადგან ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველია. პარტიებს, იმის მიუხედავად, რომ ერთმანეთს არჩევნებში გამარჯვების მიზნით ეჯიბრებიან, არ უნდა დაავიწყდეს საკუთარი სამშობლო.

    ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილი და ამ პარტიის სხვა წარმომადგენლები არ ისვენებენ და თავიანთ პოლიტიკურ ბრძოლაში აქცენტებს ეთნიკურ წარმოშობაზე, ეთნიკურ კუთვნილებაზე აკეთებენ. სურთ, რაღაცა ტიპის დაპირისპირებები რეალობად წარმოაჩინონ, რაც არ არის სიმართლე.

    საქართველოში არავითარი ეთნიკური დაპირისპირება არ არის და თუკი რაიმე კონფლიქტი ყოფილა, ყოფილა მხოლოდ ყოფით ნიადაგზე. რაც შეეხება დავით უსუფაშვილს, მე ქალბატონი ხათუნა გოგორიშვილის ადგილას შემრცხვებოდა ისეთ ლიბერალ ადამიანს, როგორიც "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი დავით უსუფაშვილია, ბრალი დავდო იმაში, თითქოს ეთნიკური ნიშნით რაღაც ზეწოლას ახორციელებდა. ეს არის სირცხვილი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

  წულუკიანმა პოლიტიკურ პარტიებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, პოლიტიკური საქმიანობის პროცესში მოქალაქეთა ეთნიკური ნიშნით დაყოფისაგან თავი შეიკავონ, რადგან ეს ქვეყნისათვის დამღუპველია.

 

6-06-2014, 20:38
უკან დაბრუნება