,,ივერიონს" მსახიობ ნანა ხურითს ესაუბრა.
-ქალბატონო ნანა, ოსეთ-საქართველოს შორის ვითარება დაძაბულია. გაქვთ თუ არა ოს ხელოვანებთან ურთიერთობა და ქართულ-ოსური ურთიერთობის აღდგენას სახალხო დიალოგი ხომ არ შეუწყობს ხელს?
-ახლა სიტუაცია მართლაც რომ დაძაბულია. ადრე, ჯერ კიდევ 2008 წლის ომამდე, მე მქონდა ურთიერთობა ოს მსახიობებთან. თუ შევთავაზებდით, ჩვენს სერიალებშიც სიამოვნებით ითამაშებდნენ. მაშინ, როცა მართლა შეიძლებოდა ოს ერთან ურთიერთობის მოგვარება, ,,ვიღაცები", ვინც პოლიტიკურ პროცესებს წარმართავდნენ, ხელს შეგნებულად უშლიდნენ ამას.
2004 წლამდე, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, მე ვიყავი ცხინვალში და ოსებთან ,,მწვანე ტალღის" ოსურ ენაზე გახნაზე ვსაუბრობდი, მაგრამ ვარდებით მოსულმა ხელისუფლებამ ამის საშუალება წაგვართვა.
ერთხელ ჯავაში მივდიოდი და მაშინ, როცა ჩვენი ხელისუფლება ოსებს მტრებად წარმოგვისახავდა, ოსები მანქანაში ქართულ ხალხურ სიმღერებს უსმენდნენ.
მახსოვს 6 მაისიც, როცა ოსებმა მთხოვეს, ქართულ სოფელში სტუმრად მივდივართ და წამოდიო.
იქაურ შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად სუფრაზეც ვყოფილვარ. დარეკა ტელეფონმა და თბილისში, ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსებს, მეგობრულად ესაუბრა. შემდეგ დაღუპული ოსი და ქართველი ბიჭების შესანდობარი დალია.
ისეთი ამაღელვებელი იყო ეს სიტუაცია...
-თქვენი აზრით, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ოსების შემოსარიგებლად?
-საქართველოში ბევრი ოსი ჩამოდის. მოგეხსენებათ, სამკურნალოდ ჩამოსულ ოსებსა და აფხაზებს ჩვენთან უფასოდ მკურნალობენ. ჰოდა, ჩამოვიდა ერთი ოსი მსახიობი ავადმყოფი დედით. სამწუხაროდ, ასეთ ვითარებაში ჩამოსულ ოსებს უნდა დაველაპარაკოთ. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ დაველაპარაკოთ, მათთვის საქართველო მიმზიდველი უნდა იყოსო. ერთი მხრივ, მართალია. ხედავენ, სამუშაო რომ არ გვაქვს და ეშინიათ აქეთ გამოხედვის.
-რა აზრის ხართ ქართულ-დასავლური და ქართულ-რუსული ურთიერთობის შესახებ?
-რუსეთი პირდაპირი აგრესორია, ამერიკა-,,ჰუმანური". რუსული სისასტიკე და ამერიკის მიერ პირდაპირ ეთერში ნაჩვენები ჰუსეინის ჩამოხრჩობა ერთი და იგივე არ არის? ეს ორი სახელმწიფო სხვადასხვა ხასიათის მოძალადეა. პირველი არ ალამაზებს, მეორე ჰუმანურად კლავს!
,,ქართულ ოცნებას" რომ განეხორციელებინა თავისი პროგრამა, ოსები აქ სამუშაოდაც გადმოვიდოდნენ და ჩვენვე მოვაგვარებდით მათთან ურთიერთობას. ოსებს ქართველებისგან ,,პოსლეზეც" მიჰქონდათ სავაჭრო საქონელი, ისე ენდობოდნენ ერთმანეთს.
ცხინვალში 3-ჯერ მოხდა ომი: 90-იან წლებში, 2004 და 2008-ში, მაგრამ აგრესია ჩვენს შორის მაინც არ არის. ისევ პოლიტიკოსები აფუჭებენ ყველაფერს. ჩემთვის ამერიკა და რუსეთი კი არა, ვაჟა-ფშაველა და ,,ამბავი ვეფხისა და მოყმისაა" ღირებული!
-კარს მოგვადგა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. კოალიცია ,,ქართული ოცნება" თავს იკავებს პომპეზური რეკლამებისგან. თქვენ ,როგორც მსახიობი, როგორ ფიქრობთ, ეს მისი მოკრძალებული ჟესტია თუ ,როგორც ამბობენ, მართლა არ მუშაობს ,,ქართული ოცნების" პიარმანქანა?
-მე ვეხმარები მათ წინასააჩევნოდ. მართალია, 2012 წლის განწყობას ვერ დავუბრუნებთ ხალხს, მაგრამ დაპირებას აუცილებლად შევასრულებთ. მე არც ერთ ძალას არ ვეკუთვნი, უბრალოდ, რადგან მშვიდი წინასაარჩევნო გარემოა, ჩავერთე ამ თამაშში.
წყალტუბოში რომ მივდიოდით ხალხთან შესახვედრად, სიჩქარეს გადავაჭარბეთ და პატრულმა გაგვაჩერა. იცოდა, ვინც ვიყავით, მაგრამ დაგვაჯირიმა და 15 წუთითაც დაგვაგვიანა. ამას ვინ გაუბედავდა წინა ხელისუფლებას?
მე ხშირად აღვნიშნავ ,,ქართულ ოცნების" გუნდის წევრებთან, რომ კოალიციას უკეთესი პიარი სჭირდება.
-ოსები, ალბათ, ინტერესდებიან ჩვენი ქვეყნის ვითარებით. მოსწონთ თუ რა მათ ჩვენი პოლიტიკური კურსი და ანტიდისკრიმინაციული კანონი?
-ერთ რამეს გეტყვით, მე მჯერა პატრიარქის და ის რომ გეტყვის შეჩერდიო, უნდა შეჩერდე! თუ ამ კანონში აღსაშფოთებელი არფერი წერია, რატომ მიიღეს ამ შინაარსით? ან რა ეჩქარებოდათ? ეს შემოგდებული ტერმინები კი მე საერთოდ არ მომწონს!
-,,ქართულ ოცნებას" მრავალი ცნობილი ხელოვანი ჰყავს თავის გუნდში. ბევრი მათგანს საკრებულოებსა და მერიებში ვიხილავთ. რა ნიშნით შეირჩა ისინი და რატომ უნდა მისცეს მათ ხალხმა ხმა?
-მგონია, რომ იურისტები ყველაფერს ყოველთვის იურისტის თვალით უყურებენ. ის, რაც მათ შეიძლება გამოეპაროთ, არ გამოეპარება ემოციურ ხელოვანს, თუნდაც მსახიობს. ჩვენ, მსახიობები, ისე ღრმად ჩავდივართ ქვეტექსტებში, კანონის აღქმა არ გაგვიჭირდება. თუ კანონები იურისტების საქმეა და რკინისებურია, რატომ იგებს და განმარტავს მას სხვადასხვა პოლიტიოსი სხვადასხვაგვარად?! მე მგონია, იურისტები ადამიანებს კანონებს გაუგებარ ენაზე უხსნიან, ხელოვანები კი ისე, ადამიანებს რომ ესმით.
-რა ხდება დღეს ქართულ კუტურაში. რამდენად აქტიურია კულტურის სამინსტროს როლი ქვეყანაში?
-კულტუროს სამინისტრო ახორციელებს არაჩვეულებრივ პროექტს ,,ჩემი საქართველო", თუმცა პიარის არქონის გამო ეს ბევრმა არც იცის, ჩვენი ტელევიზიები ხომ მხოლოდ პოლიტიკოსების კინკლაობას უთმობს დროს...
ოზურგეთელი ბვშვები ჩადიან, მაგალითად, დმანისში და იქ მართავენ ღონისძიებას... დმანისელები ოზურგეთში ჩავლენ და ასე...
მე მგონი, მეტი პიარი ნამდვილად არ აწყენდა ახალ ხელისუფლებას!
ესაუბრა ია ჯღარკავა