,,ივერიონი" მსახიობ ნინელი ჭანკვეტაძეს ესაუბრა.
-ქალბატონო ნინელი, თქვენ ადრე ეხმარებოდით ,,ქართულ ოცნებას" პიარსამუშაოებში, რაც აისახებოდა კიდეც მის რეიტინგზე. დღეს ის პომპეზური რეკლამებისა და პიარისგან თავს იკავებს. ეს მოკრძალებული ჟესტია თუ მართლა არ მუშაობს ,,ქართული ოცნების" პიარმანქანა?
-მე ეს ფაქტი ძალიან მაწუხებს. ,,ქართულ ოცნებას" მართლაც აკლია პიარი. წინა ხელისუფლება მხოლოდ პიარისა და ტყუილებისგან ხომ შედგებოდა, ახალ მთავრობას კი ძალიან სჭირდება იმ კეთილი საქმეების გამომზეურება, რომელსაც მართლა აკეთებს. ვუყურებ ტელევიზორს და მიკვირს, საიდან მოდის ასეთი უარყოფითი მუხტი, მე ჩავდივარ რაიონებში და ხალხისგან მხოლოდ პოზიტიურ განწყობას ვგრძნობ! ხალხი გრძნობს, რამხელა საქმე გაკეთდა ჯანდაცვაში. მე სოციალური დახმარების ფონდის ხელმძღვანელი ვარ და ჩემი მფარველობის ქვეშ მყოფ უამრავ ბავშვს ურთულისი და ძვრადღირებული ოპერაციები უტარდება. მშობლებს არ ეშინიათ, იციან, რომ სახელმწიფო ეხმარებათ. სად იყო ეს ასე ორი წლის წინ?
ბევრო მსახიობი, სააკაშვილს კუდს რომ უქიცინებდა, კონცერტებზე, ფილმებსა თუ სპექტაკლებში მუდამ რომ ჩანდნენ, დღეს იკრძალება სადმე? დღესაც ხომ ისევე თავისუფლად გრძნობენ თავს და პასუხი არავის მოუთხოვია მათთვის? რომ მეთხოვათ, პირველი მე დავიცავდი მათ უფლებებს. ჩემი ოჯახი კი სახლის გარეშე დატოვეს, ჩემი და ჩემი მეუღლის კონცერტებსა და ფილმებში გამოჩენა იკრძალებოდა. სააკაშვილის დრო რომ დაბრუნებულიყო, ხომ ამოგვხოცავდნენ მათ ,,მოწინააღმდეგეებს"?!
ძველი ხელისუფლება კრავის ქურქში რომ გახვეულა და თითს ჩვენკენ იშვერს, ჯანდაცვა და სხვა დანარჩენი მათ ხელში არ იყო, საქმის კეთება თუ უნდოდათ?! მაგრამ სწორედ პიარში დახარჯეს მთელი ფული. მე მთელი საქართველო მოვიარე და დაგებული გზა და გაყვანილი წყალი არსად შემხვედრია. უგულავა და მისი მოწაფე მელია მერები უნდა იყვნენ, როცა ჭაბუა ამირეჯიბი უსახლკაროდ დატოვეს? თუ ჯანსაღი იყო მაშინ საზოგადოება, სად იყო, რატომ დუმდა?
მე ვუყურე ნარმანიას გამოსვლას ტელევიზიით და დავრწმუბდი, რომ ,,ქართული ოცნების" პიარმანქანა ასამუშავებელია. ხალხმა უკეთ უნდა გაიგოს, ახალი ხელისუფლების ახალი პროექტების შესახებ, იმ დამუშავებული მიწების რაოდენობის შესახებ თუნდაც, უქმად რომ ეგდო სააკაშვილის დროს.
-აფხაზეთში დაძაბული ვითარებაა. თქვენ ,მსახიობები, ხომ არ გეგმავთ აფხაზ ხელოვანებთან ურთიერობის სახალხო დიალოგით აღდგენას?
-ჩვენი თეატრი დღესაც ამბობს, რომ მზადაა, თუნდაც ყველაზე ცხელ წერტილში ჩავიდეს და ითამაშოს სპექტაკლი ,,ვეფხი და მოყმე", რომელიც ზუსტად ეხმაურება ამ ტკივილიან საკითხს, მაგრამ თუ სახელმწიფო არ დაგვეხმარა, ამის პოლიტიკური ნება არ გამოავლინა და დიპლომატიურ დონეზე არ დაგვეჭირა მხარი, მხოლოდ ჩვენ რას გავხდებით? მგონია, რომ ჩვენ ბევრი წყალქვეშა დინების შესახებ არ ვიცით და პოლიტიკოსები თავიანთი მიზნებისთვის გვიყენებენ.
დიდი შეცდომა იყო კოდორის ჩაბრება. იქ მართლაც იყო სახალხო დიალოგის ჩანასახი, ხალხი ერთმანეთთან ქორწილებშიც დადიოდა, მაგრამ აგვისტოს ომმა რა შედეგიც მოიტანა, იცით. დღეს კი ისინი, ვინც ამ შედეგის რეფორმატორები არიან, თითს ჩვენკენ იშვერენ!
-ქართულ ოცნებას" ბევრი ცნობილი ხელოვანი ჰყავს თავის გუნდში. ბევრი მასთგანი მერიებსა და საკრებულოებში შეიძლება ვიხილოთ. რა ნიშნით შეირჩნენ ისინი?
-მე ვარ ,,ქართული ოცნების" რიგითი მხარდამჭერი. ადრე, როცა საინიციატივო ჯგუფის წევრი ვიყავი, მინდოდა აქტიურად ჩავბმულიყავი საზოგადოებრივ საქმიანობაში და გადავწყვიტე ეს პირველი არხის ზეწოლისგან გათავისუფლებით დამეწყო. 7 ნოემბერსა და 26 მაისს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქუჩებში გვთელავდა, პირველი არხი კომედიას უჩვენებდა. კავკასიის ტელევიზია რომ არა, ალბათ ვერაფერს შევიტყობდი. გადავწყვიტე, პირველი არხის სამეურვეო საბჭოში მეყარა კენჭი, თუმცა იქ დამიწუნეს, როგორც ,,ოცნების" მხარდამჭერი. როგორც ჩანს, იმ ავბედით 9 წელს თავი კი დავაღწიე, მაგრამ შეიძლება მომდევნო 9 წელიც ამ ,,ნაკლით" დამიწუნონ ყველგან! რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, მეც შემომთავაზეს პარლამენტარობა და სხვა თანამდებობები, მაგრამ, როგორც ბიძინასაც ვუთხარი, მე მყოფნის, ვინც ვარ! ბევრს ეგონა, რომ ფული მინდოდა, მინისტრობაზე ვოცნებობდი, თეატრის ხელმძღვანლობას ვუმიზნებდი... მე უარი ვთქვი მათზე და ჩემს საქმეს ისე ვასრულებ, როგორც ყველა ხედავთ. იმ ხელოვანებმა კი, რომლებმაც იტვირთეს პოლიტიკოსობის ხვდრი, პასუხი უნდა აგონ თავიანთ საქმეებზე, რადგან ისინი ჩვენი მსახურები არიან და არა ბატონები. მე მათგან მსახურებას მოვითხოვ! ეს თუ არ გავითავისეთ, არაფერი გვეშველება!
ესაუბრა ია ჯღარკავა