,,ივერიონს" ესაუბრა "არასაპარლამენტო ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებია.
-ქალბატონო მანანა, რატომ გადაწყვიტა თქვენმა პარტიამ ყრილობის ჩატარება ხვალ, არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე. ეს შემაჯამებელი ყრილობაა და მას თქვენი პარტიის თბილისისა და რეგიონების წარმომადგენლები დაესწრებიან?
-არა, ეს ყრილობა ტარდება ჩვენი პარტიის თბილისის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიას ეწეოდნენ. ჩვენ შეგვიძლია 800-კაციანი უფასო დარბაზიდან მივმართოთ ჩვენს ამომრჩეველს და შევახსენოთ, რომ ცვლილებების დროა. ყრილობას, რომელიც ყველასთვის ღიაა, მასმედია გააშუქებს და აქედან გამომდინარე, უკეთ შევძლებთ ჩვენი ამომრჩევლისთვის ხმის მიწვდენას.
-ხვალინდელი ყრილობით წინასაარჩევნო აგიტაციას ხომ არ წყვეტთ?
-არა, რა თქმა უნდა! წინ ერთი კვირაა და დიდ შეხვედრებს ვგეგმავთ თბილისში, ქუთაისსა თუ სხვა რეგიონებში. სხვათა შორის, ცესკო-ს წერილობით მივმართეთ, რათა შეეცვალა მიდგომა წინასაარჩევნო უფასო რეკლამასთან დაკავშირებით და ვნახოთ, არჩევნებამდე 5 დღით ადრე, შეიძლება სატელევიზიო კლიპების გაშვების უფლება მოგვცეს.
-დღეს არასაპარლამენტო ოპოზიცია ცესკო-ს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, შეხვდა და წინასაარჩევნო დარღვევებზე ესაუბრა. კონკრეტულად თქვენმა პარტიამ თუ დააფიქსირა დარღვევები?
-დარღვევები ჩვენ მიმართაც იგივეა, რაც სხვათა მიმართ - ზეწოლა სიით და მაჟორიტარ კანდიდატებზე. ყველა, ვინც ჩვენი პარტიის წევრი იყო, ვინც ხელმძღვანელობდა ჩვენს რეგიონულ ორგანიზაციებს, საარჩევნო კამპანიას გამოეთიშა. ჩემთვის ეს იყო ტესტი და მე ვუთხარი მათ, თუ თქვენ ეს გაიძულათ ხელისუფლებამ, ე.ი. ქვეყანაში არაფერი შეცვლილა-მეთქი. მათ განგვიცხადეს, რომ, რადგან საჯარო მოხელეები არიან, ოპოზიციურ პარტიაში კენჭს ვერ იყრიან.
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ თავისი კანდიდატურა მოხსნა, რადგან ერჩივნა, მის ოჯახს ლუკმა-პური შეენარჩუნებინა. მაჟორიტარების დაკარგვა კი დიდი დანაკლისია ოპოზიციისთვის. ამ ფაქტებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიც აფიქსირებენ.
-თქვენი აზრით, მარნეულის გამგებლობის კანდიდატის, იმამკულიევის, რეგისტრაციიდან მოხსნა კანონდარღვევაა?
-იმამკულიევის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება ნათელი მაგალითია იმისა, რომ ცესკო და საოლქო კომისიები ხელისუფლებას ემორჩილებიან. ცესკო-ში 8 ადამიანმა მისცა ხმა იმ კანონს, რომელიც იმამყულიევის რეგისტრაციიდან მოხსნას ითვალისწინებს (ის ბიზნესმენია და საზღვარგარეთ ხშირად უწევდა ცხოვრება), მაშინ იგივე კანონი რატომ არ ამოქმედდა ,,ქართული ოცნების" რუსთავისა და ფოთის მერობის კანდიდატებზე?
-როგორი იქნება ბოლო ერთი კვირა არჩევნებამდე?
-გაძლიერდება ზეწოლა და დაპირისპირება. პრემიერის მუქარა, რომ არ დაუშვებს ოპოზიციური კანდიდატების გამარჯვებას, მექანიკური შეცდომა არ არის. მე ვთხოვ ამომრჩევლებს, მობრძანდნენ არჩევნებზე, რათა ყველაფერი ძველი ინერციით არ წავიდეს!
ესაუბრა ია ჯღარკავა