ივერიონი / მთავრობა არჩევნების მშვიდად ჩატარების გარანტიას იძლევა

მთავრობა არჩევნების მშვიდად ჩატარების გარანტიას იძლევა

არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე -  ამის შესახებ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი.  

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობა  ყველა პირობას შექმნის, რომ არჩევნები ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში წარიმართოს.

“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და თავისუფალ საარჩევნო გარემოში ჩატარება ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე. მივესალმებით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობას ამ პროცესში.

ჩვენმა ხელისუფლებამ უკვე ჩაატარა პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ერთხმად აღიარა საუკეთესოდ და შეფასდა დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტით ჩატარებულად.

დარწმუნებულები ვართ, რომ ასე ჩატარდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიც. ჩვენ შევქმენით ყველა პირობა იმისათვის, რომ ხალხს ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის საშუალება და არჩევნები წარიმართოს ჯანსაღი პოლიტიკური კონკურენციის პირობებში, მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში.

ნებისმიერი მოქმედება, იქნება ეს პოლიტიკური კონკურენტების მიმართ ზეწოლა თუ მუქარა, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ განხორციელებული აგრესია, რომელი პოლიტიკური ძალის მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, პირდაპირ ემუქრება სამართლიანი არჩევნების პრინციპს და იმიჯს ულახავს ჩვენს ხელისუფლებას.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოველგვარი ძალადობა. არც ერთი კანონდარღვევა არ დარჩება სამართლებრივი შეფასების გარეშე, სამართალდამცავი ორგანოები სწავლობენ ყოველ კონკრეტულ შემთხვევას დასათანადო რეაგირებას განახორციელებენ მომხდარზე.

რაც შეეხება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცალსახად ვაცხადებთ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ორგანო, რომლის მუშაობასა და გადაწყვეტილებებში ხელისუფლება არ ერევა“, -  აღნშნულია საქართველოს მთვრობის განცხადებაში.

 

9-06-2014, 12:57
უკან დაბრუნება