ივერიონი / ლაშა გვასალია: თუ გუნავა უდანაშაულოა, თქვას, ვინ ჩაიდინა ის დანაშაული!

ლაშა გვასალია: თუ გუნავა უდანაშაულოა, თქვას, ვინ ჩაიდინა ის დანაშაული!

ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატს „ნაციონალური მოძრაობიდან“ თენგიზ გუნავას ბრალდებებს პასუხობს ზუგდიდის „ქართული ოცნების“  შტაბის ხელმძღვანელი ლაშა გვასალია.

 

-ბატონო ლაშა, თენგიზ გუნავა და ,,ნაციონალური მოძრაობა“ თქვენ, პრემიერ - მინისტრსა და ზოგადად ,,ქართულ ოცნებას“ ზუგდიდში მათ წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციებში გადანაშაულებთ. როგორია თქვენი პოზიცია?

-გუნავა თავადაა მსხვერპლი ,,ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებისა. მოვიდა ჟამი და გაცხადდა მათი ბოროტება, რის გამოც ხალხი მათ პასუხს უკვე სთხოვს.

ჩვენ არანაირი წვლილი არ მიგვიძღვის ამ დაპირისპირებაში, არადა გუნავა ჩვენს შორის ეძებს ვიღაცას, ვისაც ამას დააბრალებს. ვურჩევ, თავის თავს დააბრალოს, რაც სჭირს. ჩვენი აქტივისტები თუ გამწარებულ ოჯახს თანაუგრძნობენ და გვერდში უდგანან, ამას მათ ვერ ავუკრძალავთ!

მოკლულის ოჯახის წევრები პასუხს სთხოვენ გუნავას და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჩადენილი დანაშაულის გამო და რა არის აქ გასაკვირი? თუ თვითონ უდანაშაულოა, მაშინ თქვას, ვინ ჩაიდინა ეს , ვინ იყო ამის შემოქმედი და შემსრულებელი...

-თენგიზ გუნავამ ღარიბაშვილს ნაძირალა უწოდა. ეს ხომ ღირსების შემლახველი სისხლის სამართლის დანაშაულია?

-ნაძირალა თვითონაა გუნავა თავისი წარსულიდან გამომდინარე. მის  ქმედებებს საზოგადოება გასცემს პასუხს.

პრემიერმა კი დიდი გუნდი შეინარჩუნა და ღირსეულად მართავს ქვეყანას.

- თენგიზ გუნავა ,,ქართული ოცნების“ წინააღმდეგ სასამართლოში აპირებს ჩივილს და თავს დამნაშავედ არ აღიარებს.

-,,ქართული ოცნება“ მოგონილი არ იყო, როცა ისინი დანაშაულს სჩადიოდნენ. ვის უნდა უჩივლოს? სამართალი პურს შეჭამს, როცა შესაბამისი ორგანოები ყველაფერს გამოიძიებენ.

-მოსალოდნელია თუ არა პროვოკაციები არჩევნების დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან?

-მიხვდნენ არჩევნებს რომ წააგებენ და მათი მხრიდან ყველაფერია მოსალოდნელი. უკვე გადადიან თვითშეთითხნილ პროვოკაციებზე და ამის თავიანთ სასარგებლოდ გამოყენება უნდათ. არეულობის შემოტანის იმედი ნურავის ექნება, რადგან ეს არჩევნები ყველაზე მშვიდი არჩევნები იქნება სამეგრელოს რეგიონში.

9-06-2014, 13:41
უკან დაბრუნება