არასამთავრობო ორგანიზაციის "გზა აფხაზეთისკენ" დამფუძნებლის, კახა შამათავას განცხადებით ბევრი პრობლემაა დევნილთა მიმართებაში, რომელიც არ არის გადაწყვეტილი. ის ამ პრობლემების გადაჭრის გზასაც ასახელებს და ამბობს, რომ სამთავრობო პროგრამაში ჩადებული პუნქტების ამუშავებით პროგრესი ნამდვილად მიიღწევა.
-"რა არის საშველი დევნილთა პრობლემების გადაწყვეტისა და საერთოდ აფხაზეთის თემის გადასაწყვეტად? მე პატარა ციტატას მოგიყვანთ სამთავრობო პროგრამიდან. "შეიცვლება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცხინვალის რეგიონის ავტონომიების მთავრობების საქმიანობის პრინციპები. მათ ცენტრალური ხელისუფლებიდან გადაეცემათ დევნილებთან დაკავშირებული საკითხების მართვა. აგრეთვე, არჩევნების გზით დაკომპლექტდება დევნილთა წარმომადგენლობითი ორგანოები". ამაში ყველაფერი ნათქვამია, მაგრამ თუ ეს საკითხი კონტროლზე პრემიერმა და ვიცე-პრემიერმა არ არიღეს, რომელთა იმედი აქვს ხალხს, თუ ეს არ განახორციელა ღარიბაშვილმა და კალაძემ, არაფერი შედეგი არ დადგება. სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც პასუხისმგებლობას აიღებდა თავის თავზე და პრემიერს ეტყოდა, რომ ავამოქმედოთ სამთავრობო კანონში ჩადებული მუხლები და რეალურად დავიწყოთ ნაბიჯების გადადგმა. გამოვიყენოთ სახალხო დიპლომატია, პრესა, რადიო, ტელევიზია, ბიზნესი...დღეს აფხაზეთის ტელევიზია არ არსებობს, მაუწყებლობის შესახებ კანონში აფხაზეთი არსად არ წერია, ეს დანაშაულია. საზოგაგადოებრივ არხში ჩვენი ფულიც ხომ არის და კანონიერი უფლება გვაქვს მოვითხოვოთ. ჩემი და ჩემი თანამოაზრეების დიდი შრომის, კამათის და მოთხოვნის შემდეგ აფახაზეთის ტელევიზია არა, მაგრამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის გაკეთება გადაწყდა, თუმცა როდის ამუშავდება... მოკლედ დიდი ქაოსია.
ქაოსი და დარღვევებია ბიუჯეტშიც. რომ გადახედოთ, ნახავთ, რომ კოლოსარულ თანხებთან გვაქვს საქმე და კატასტროფულად ვითარდება მოვლენები. ამიტომ საჭიროა არჩევნების შემდეგ, იქამდე არაფერს ვამბობთ, რადგან არავინ მოგვდოს შარი არჩევნების ჩაშლა უნდა მავანსო...ამიტომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ჩვენ პრემიერს შევთავაზებთ ჩვენეულ ხედვას და დავაყენებთ საკითხს აფხაზეთის მთავრობაში ცვლილებების აუცილებლობაზე. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ აფხაზეთში! ყველამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე და შევიმუშავოთ ფორმატი, ჟენევის ფორმატი ვხედავთ, რომ არაფერს არ იძლევა...
აფხაზეთის მთავრობაში საჭიროა ცვლილებების განხორციელება, საკითხავია, რატომ არიან ისინი თბილისში? აფხაზეთის მთავრობა ზუგდიდში უნდა იჯდეს და მუშაობდეს ყველა მიმართულებით. უნდა გავითვალისწინოთ, რომ თაობების ცვლა მიდის, სხვანაირი აზროვნების, სხვანაირი განათლების ადამიანები მოდიან და საჭიროა ჩვენმა მთავრობამაც განიცადოს ცვლილებები. სამწუხაროა, რომ აფხაზეთის მთავრობამ საერთაშორისო ბერკეტი გაუშვა ხელიდან. არ შეიძლება ამდენი წელი ერთი და იგივე სახეები იყვნენ ამ წარმომადგენლობით ორგანოებში".
შამათავას თქმით დიდი პრობლემებია ტერიტორიულ ორგანოებში და დროა ამას მიექცეს ყურადღება. მისივე თქმით პრემიერის ერთი მოადგილე მაინც რომ იყოს აფხაზი, ეს იქნება დიდი ბერკეტი პრობლემების დარეგულირებაში.
-"წარმოიდგინეთ საქართველოს ერთ-ერთი ვიცე-პრემიერი აფხაზი რომ იქნება, რა რევოლუციური ნაბიჯები გადაიდგმება. საჭიროა გვყავდეს დესპანები, რომლებიც იქ მცხოვრებლებს დაელაპარაკებიან, აუხსნიან საქართველოში მიმდინარე ცვლილებებს...აქ უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს კულტურას, რომელსაც ულევი რესურსი აქვს. საჭიროა ყველა ერთად დავირაზმოთ და ყველა რესურსის გამოყენებით მოვაგვაროთ პრობლემები.