2 წლის იყო, როცა მშობლებმა საქართველოდან წაიყვანეს... 22 წლის ლუკა ფულარიანი ჰოლანდიაში გაიზარდა. წარმოშობით სვანია და ამაყობს, რომ ის ქართველია, თუმცა გული წყდება, რომ მის ირგვლივ ძალიან ბევრი გაჭირვებული ადამიანია და მისი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ესაა, დაეხმაროს ადამიანებს რითაც შეუძლია.
ლუკა, მუსიკოსია, თუმცა მუსიკალური განათლება მას არ აქვს. პატარა იყო, როცა დედამ მუსიკას აზიარა, თუმცა ნიჭიერმა ახალგაზრდამ მაინც რეპი არჩია, რადგან ის მიიჩნევს, რომ ამ ჟანრში თავის სათქმელს უკეთ იტყოდა...
-"დედაჩემის დამსახურებაა, რომ დღეს ვმღერი, ჩამომიყალიბდა მუსიკალური გემოვნება. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემი პროფესიით მუსიკოსი არ არის, მაგრამ ის იყო და არის, მელომანი. ძალიან უყვარს მუსიკა და ეს სიყვარული ჩემზეც გადმოვიდა"-აღნიშნა ლუკამ.
ერთი თვეა, რაც ლუკა ფულარიანი საქართველოში იმყოფება. მუსიკის გარდა ის ვებ-დიზაინერია. აპირებს რომ ამ პროფილითაც იმუშაოს და შემოსავალი ჰქონდეს. ჯერჯერობით საქართველოდან წასვლას არ აპირებს, რადგან ქართულ შოუბიზნესში მუსიკალური კარიერის გაკეთებას აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მან გადმოცემით იცის ქართული შობიზნესის ბედის ამბავი, ის მაინც შემართებით არის და ფიქრობს, რომ თავის სათქმელს სერიოზულად იტყვის.
საქართველოში ჩამოსვლისას ის საერთო მეგობრის მეშვეობით, მომღერალ მანჩოს და "M-სტუდიო" დაუკავშირდა. მას შემდეგ მოხდა ორი მომღერლის თანამშრომლობა და გადაწყვიტეს, რომ ერთად რამდენიმე პროექტი განახორციელონ, რაზეც უკვე მიმდიანრეობს მუშაობა. ამჟამად 22 წლის მომღერალმა მანჩოს სტუდიაში ერთი ახალი სიმღერა ჩაწერა, რომლის პრემიერაც ერთ-ერთ რადიო-სადგურში შედგება.
"11 წლის ვიყავი, როცა პირველად დავწერე სიმღერა. სხვათაშორის ჩემი ძმაკაცის სიყვარულის ისტორიაზე იყო, შემდეგ 17-18 წლის ვიყავი, როდესაც კიდევ დავწერე სიმღერა და კლიპიც გადავიღე. სიმღერას ვწერ მაშინ, როცა მუზა მომდის, ამის განწყობაზე ვარ, შეიძლება ითქვას, რომ მის გარეშე ცხოვრება არ შემიძია, რადგან ამ საქმიანობას ძალიან სერიოზულად ვეკიდები და ზუსტად ვიცი, რომ საქართველოში ეს სფერო ძალიან მალე განვითარდება. თითოეულმა ადამიანმა უნდა იფიქროს ამაზე, მთელი გულით და სულით მოინდომონ და ყველაფერი კარგად იქნება. მთავარია შრომა, შრომა და შედეგიც იქნება. როგორც გითხარით მე მომღერალ მანჩოს სტუდიაში ვმუშაობ და მასთან ვაპირებ რამდენიმე დუეტის, პროექტის გაკეთებას და ძალიან საინტერესო გამოვა. გარდა ამისა, ამ სტუდიაში არაჩვეულებრივ, უნიჭიერეს ადამიანთან, მუსიკოსთანდათო ზამთარიძესთან ერთად მიწევს მუშაობა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა, რადგან ასეთი პროფესიონალების გვერდით მოვხვდი. წინასწარ დეტალებზე არ ვისაუბრებ, თუმცა ერთს გეტყვით, რომ ჩემი და მანჩოს ხმები ერთმანეთს ძალიან უხდება და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო დუეტი ვიქნებით" _ გვითხრა ლუკა ფულარიანმა.
კითხვაზე, თუ როგორ აპირებს 22 წლის ნიჭიერი მომღერალი საქართველოში ფულის შოვნას და საერთოდ, რატომ ჩამოვიდა აქ, ის ასე გვპასუხობს:
-"10 წელია საქართველოში არ ვყოფილვარ, ძალიან მომენატრა ყველა, ჩემი ქვეყანა, რომელიც ძალიან შეცვლილი დამხვდა. ბევრი რამ მომეწონა, ბევრიც _ არა. მეწყინა რომ ხალხი ძალიან შეცვლილი დამხვდა, ერთმანეთის მიმართ ნდობა აქვთ დაკარგული, რაც ძალიან ცუდია. ყველა კაპიკს, რასაც კი მე საქართველში ვიშოვნი, დავეხმარები ჩემებს (ახლობლებს). მე ვარ პროგრამისტი, ვებ-დიზაინერი. გარდა ამისა, ვაკეთებ მუსიკას, რომელიც ქართველებს ძალიან მოეწონებათ, ეს იქნება სიახლე და ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ. ასე, რომ თუ კარგად გათვლი ყველაფერს, აქაც შეიძლება ფულის შოვნა, რა თქმა უნდა, დიდი შრომის შედეგად".
და ბოლოს... ლუკას მიზანია, რომ ყველა ბედნიერი იყოს, მის ირგვლივ მყოფმა ადამიანებმა წარმატებას მიაღწიონ და კარგად იყვნენ.