,,ივერიონს“ ესაუბრა საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახი კახიშვილი.
-ბატონო კახი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კარს მოგვადგა. როგორ ფიქრობთ, ჩაივლის თუ არა ის მშვიდობიანად და შეინიშნება თუ არა გაყალბების სიმპტომები ხელისუფლების მხრიდან?
-არჩევნები მშვიდად ჩატარდება თუ არა, ბევრად იქნება დამოკიდებული კენჭისყრის დღესა და იმაზე, თუ როგორ იქნება დაცული საარჩევნო კანონი არჩევნების შედეგების შეჯამების დროს.
თუ არჩევნების გაყალბება დაფიქსირდება, არასაპარლამენტო ოპოზიცია ქუჩის აქციებს არ მოერიდება!
-თქვენი აზრით, თანაბარკონკურენტულია თუ არა დღევანდელი საარჩევნო გარემო . არადა არასაპარლამენტო ოპოზიცია და ,,ნაციონალური მოძრაობა“ ზეწოლაზე საუბრობენ.
-,,ნაციონალების“ მიერ მიღებული საარჩევნო კოდექსი მორგებული იყო მათ მიზნებს. ,,ქართული ოცნება“, ფასადური ცვლილებების გარდა, სამწუხაროდ, ზედმიწევნით იცავს იმათ მიერ მიღებულ საარჩევნო კოდექსს.
დღეს, რა თქმა უნდა, სახელისუფლებო კანდიდატსა და სხვა კანდიდატებს შორის წინასაარჩევნო გარემო არათანაბარია. 2016 წელს ხელისუფლება, ალბათ, მოახერხებს და საზოგადოებას წარუდგენს ისეთ საარჩევნო კოდექსს, სადაც მეტ-ნაკლებად დაცული იქნება ყველა პარტიის ინტერესი.
-საინტერესოა თქვენი აზრი უკვე ჩატარებულ წინასაარჩევნო კამპანიაზე. გაიმარჯვებს თუ არა დავით ნარმანია პირველივე ტურში და ეთანხმებით თუ არა ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებას მეორე ტურის გამართვასთან დაკავშირებით?
-მეორე ტური გაიმართება თუ არა, ეს დამოკიდებული იქნება ამომრჩევლის რაოდენობაზე.
თუ ამომრჩევლის აქტიურობა იქნება დაბალი და არჩევნებზე წავა მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი, მეორე ტური არ გაიმართება.
რაც შეეხება ,,ნაციონალების შანსებს“, მათ ჰყავთ პოლიტიკურად მოტივირებული ამომრჩეველი, რომელსაც ვერც ერთი პოლიტიკური პარტია ვერ გადაიბირებს. ვაცხადებ, თუ ბევრი ამომრჩეველი მივა არჩევნებზე, ,,ნაციონალური მოძრაობა“ ვერ დაიკავებს მეორე ადგილს.
თუ ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად განვითარდება, მაშინ პირველ ადგილს დაიკავებს ,,ქართული ოცნება“, მეორეს - ,,ნაციონალური მოძრაობა“, აი, ცვლილებები კი, არასაპარლამენტო ოპოზიციის აქტივობაზე იქნება დამოკიდებული.
-ბატონო კახი, საინტერესოა თქვენი აზრი სააკაშვილის ,,ცნობილ რჩევებთან“ დაკავშირებით, რომელიც მან ხელისუფლებას მისცა.
-სააკაშვილს აქვს უფლება და, როგორც ჩანს, საშუალებაც, რომ მიმართოს საზოგადოებას. მთავრობის გადასაწყვეტია, მის რომელ რჩევას გაითვალისწინებს.
-რამდენად ლეგიტიმურად ცნობს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნების შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება?
-ოსეთის მოსახლეობის 70% ლტოლვილია, არჩევნებში კი მონაწილეობა მიიღო იმ ამომრჩეველმა, რომლის პოზიცია წინასწარ იყო ცნობილი. ასე რომ, ამ არჩევნების შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს!
ესაუბრა ია ჯღარკავა