ივერიონი / მამუკა ჩარკვიანი: ვარსკვლავი გამიხსნეს და მეორე დღეს ხუთთეთრიანი არ მედო ჯიბეში!

მამუკა ჩარკვიანი: ვარსკვლავი გამიხსნეს და მეორე დღეს ხუთთეთრიანი არ მედო ჯიბეში!

„ივერიონს“ ესაუბრება მომღერალი და კომპოზიტორი მამუკა ჩარკვიანი

 -  ბატონო მამუკა, ახლახანს მძიმე ოპერაცია გაიკეთეთ, როგორ გრძნობთ თავს? ცოტა ხნის წინ კი ვარსკვლავი გაგიხსნეს თქვენ და ბატონ ჯანსუღს, რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

-  გავიკეთე საკმაოდ მძიმე ოპერაცია, ოთხი ხუთი ნაბიჯი გადავდგი დღეს, იმედია მალე გავივლი ფეხზე. რაც შეეხება ვარსკვლავს ყველას დიდ მადლობას ვუხდი დახმარებისა და თანადგომისთვის, განსაკუთრებული მადლობა საზოგადოებას მინდა გადავუხადო, სადაც მომწიფდა ეს აზრი. ვფიქრობ ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. მე და ჯანსუღი არ დაგვაშორეს ერთმანეთს - ჩვენ ერთმანეთან ისეთ კავშირში ვართ, არმგონია სადმე იყოს ასეთი პრეცენდენტი. ეს ყურადღების გამოხატვაა უბრალოდ, ადამიანის შრომის დაფასება. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი „თუნდაც ერთი სიმღერა რომ დარჩეს“, სამამდე მაინც ავედი, რომელიც ალბათ დარჩება!

-   როგორი ურთიერთობა გაქვთ  ბატონ ჯანსუღ ჩარკვიანთან?

-  ერთხელ პუბლიცისტმა, ჩემმა მეგობარმა ზაზა გოგიამ წაიკითხა ლექსები, მკითხა, თუ იცი ვისიაო - არ ვიცოდი. მითხრა - მამაშენისო. ჩავუჯექი, სიღრმისეულად გავითავისე ჯანსუღის პოეზია თუ რა სტკიოდა, რითი სუნთქავდა, რაზე ფიქრობდა. მივყევი ჯანსუღს. მთელი ჩემი შემოქმედება მის ლექსებზე მაქვს აგებული. ოცდახუთი წლის ვიქნებოდი იმ პერიოდში. სამი წელი აქტიურად ვკითხულობდი მსოფლიო ლიტერატურას, პერსონაჟების გავლენის ქვეშ ვიყავი. ერთხელ ჯანსუღთან ავედი, ვისაუბრეთ, წამოსვლის დროს თავისი ახალი წიგნი მაჩუქა. სახლში რომ მოვედი ვნახე წარწერა - ,,მე და მე“. მე იმდენი ვესაუბრე მან კი ერთ სიტყვაში მითხრა  ყველაფერი. ძალიან კარგი მეგობრები ვართ, ერთხელ მე და ჯანსუღი მიგვიწვიეს პალიტრაში, მე ვერ წავედი. ჰკითხეს მამუკა სად არისო, ასე უპასუხა: ,,მე პალიტრაში მოვედი, ის პოლიტრაშიაო“ (იცინის).

-    რას იტყვით თაობათა ურთიერთკავშირზე?

-  ძალიან კარგი თაობა იყო მამაჩემის თაობა, ოთარ ჭილაძესთან ავდიოდი, ამ უდიდეს პიროვნებასთან მთელი ღამე ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე, ჩემი შვილის ნათლია იყო, ირინოლა მან დაარქვა. ძალიან ბევრი კარგი ადამიანი გვყავდა, რომელი ერთი ჩამოვთვალო. იმ პერიოდის ადამიანებზე ამბობდნენ - კომუნისტებს ემსახურებიანო. სისტემა იყო ასეთი, ორი სამი კაცი რას შეცვლიდა. იმ პერიოდში ჯანსუღმა დაწერა „ტყვია მიზანში მოსახვედრია თავისუფლება ისე არმოდის თავისუფლება ლომთა ხვედრია“ ეს დაიბეჭდა, კულტურის მინისტრმაც ნახა. თვალს ხუჭავდნენ ხომ  ეტყოდნენ ვის ესვრი ამ ტყვიას, რომელი თავისუფლება, რა ლომთა ხვედრიო...

ვმეგობრობ ჩემი შვილების მეგობრებთან - ვაძლევ რჩევებს, ყველანაირად ვუდგავარ ახლგაზრდებს გვერდში რამე თუ შემიძლია. გავიხსენებ ერთ ფაქტს: ქუთაისში სოლო-კონცერტი მქონდა, თბილისში ვბრუნდებოდით. კარგი ნაქეიფრები ვიყავით - ვხუმრობდით, ვიცინოდით. რაღაცაზე ვთქვი, რომ ჩემს ცოლთან ჯვარი არ მქონდა დაწერილი-მეთქი, ბიჭებს ჯერ ხუმრობა ეგონათ რომ მიხვდნენ,  მართალს ვამბობდი, დაიწყეს რეკვა სასულიერო პირებთან....ჩამოვედით. მეორე დილაა.

თერთმეტ საათზე დამადგნენ თავზე, - გინდა თუ არა ჯვარი უნდა დაიწეროო... გავგიჟდი... ჩემმა მეუღლემ, - რა დროს ჯვრის წერა არისო... და ასე... იმ დღესვე დავიწერეთ ჯვარი - ჩემი მეჯვარეები აჩიკო ნიჟარაძე და მერაბ ვარდოსანიძე იყვნენ. ჩემმა ყველაზე პატარა მეგობარმა კი ლენკა ზვიადაძემ სუფრა გამიკეთა, მე ყველა თაობის წარმომადგენელთან ვმეგობრობ. მაგალითად სად გავიცანი ერეკლე ბადურაშვილი არ მახსოვს, ერთხელ ქალაქში ხელი ჩამოვართვი და იმის მერე მეგობრები ვართ, მე ასეთი ურთიერთობები მესმის.

- რა  ხდება დღეს ქართულ კულტურაში და რამდენად ექცევა ამ სფეროს ყურადღება?

- ძალიან მძიმე ვითარებაა! თითქმის  ყველა სამინისტროს აუთვისებელი დარჩა ბიუჯეტი. მისცენ ამ ხალხს რაიმე, დაუნიშნონ ხელფასები. ზოგი სიმღერას ჩაწერს, ზოგი ფილმს გადაიღებს, ძვრები აუცილებლად უნდა დაიწყოს. სახელმწიფოსგან არანაირი ყურადღება არ არის! ვარსკვლავი გამიხსნეს და მეორე დღეს ხუთთეთრიანი არ მედო ჯიბეში!..

-  რა ხდება  ახალი მამუკა ჩარკვიანის შემოქმედებაში და რას ეტყვის იგი თავის მსმენელს?

-  მე ჩემ მსმენელს ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვარსკვლავის გახსნაზე თორმეტამდე სიმღერა შევასრულე ცოცხლად, სადაც კორსეტი და ორი დრენაჟი მეკეთა. ორი ახალი სიმღერა დავწერე,  ალბომის  გაკეთება მინდა, სადაც შევა: ,,გრანადის ახლოს“ ,,მშვიდობით, არა ნახვამდის“ ,,ბოშა ქალები“ და სხვები ამ ორ სიმღერასთან  ერთად. ახალი სიმღერა მოგონებაზეა. ეს ლექსი ჯანსუღმა 2006 წელს მომიძღვნა ,,მამუკას მოგონება“ ჰქვია ლექსს. მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია ამ ლექსისთვის, ახლახანს რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით უჯრიდან გადმოფრიალდა ეს ლექსი. ახლა მივხვდი, თურმე რისი თქმა სურდა მამაჩემს. ამ სიმღერაში ყველა თაობის ადამიანი დაინახავს საკუთარ თავს. ამ სიმღერით ლამაზ თბილისზე ვმღერი, ჩემს სიყმაწვილეზე, ერთ დროს ლამაზი გოგონები რომ დადიოდნენ და დღეს რომ ვეღარ ვცნობ. ეს ლექსი ასე მთავრდება: „მოგონებაა ყველაფერზე დიდი ტკივილი მე ვტირი, მაგრამ სიმღერას გავს ჩემი ტირილი!“

 

ესაუბრა გიორგი მოსიაშვილი

11-06-2014, 16:12
უკან დაბრუნება