თბილისის ბოტანიკურ ბაღში ბიომრავალფეროვნების სტრატეგიისა და მოქმედებათა გეგმის 2014-2020 (NBSHAP) დოკუმენტის წარდგენა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ გახსნა. პრეზენტაციას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) წარმომადგენლები, ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები დაესწრნენ. ხათუნა გოგალაძემ და თამარ სანიკიძემ სერტიფიკატებით ის პედაგოგები დააჯილდოეს, რომლებიც საგანმანათლებლო კამპანიაში "ბაღის ფრინველთა საათი" იყვნენ ჩართული. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო უკვე ექვსი წელია წარმატებით ახორციელებს საგანმანათლებლო კამპანიას "ბაღის ფრინველთა საათი", რომელიც გარემოსდაცვით სფეროში ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
საქართველოს ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა (NBSHAP) წარმოადგენს, ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში, ქვეყნის ძირითად სტრატეგიულ და სამოქმედო დოკუმენტს, რომლის შემუშავებისა და შესრულების ვალდებულება ნაკისრი აქვს საქართველოს, როგორც ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ გაეროს კონვენციის (CHBD) მხარე ქვეყანას 1994 წლიდან. საქართველოს მთავრობამ №343 დადგენილებით განახლებული ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა 2014-2020 (NBSHAP) ცოტა ხნის წინ დაამტკიცა. დოკუმენტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების(GIZ) მხარდაჭერით შეიქმნა და მისი მიღების მიზანია ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, სახეობისა და ჰაბიტატების დაცვა, საქართველოს გენეტიკური რესურსების დაცვა და მათგან სარგებლის მიღება, დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება, მდგრადი მეტყევეობის ჩამოყალიბება და სხვა.
ბიომრავალფეროვნების სტრატეგია და მოქმედებათა გეგმა მნიშვნელოვანია ქვეყნის მიერ, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც. სტრატეგიის დანერგვა პირდაპირ შეუწყობს ხელს, საქრთველოს მიერ, ბიომრავალფეროვნების დაცვის სფეროში, ასოცირების შეთანხმების პირობების შესრულებას, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა, მაგალითად, ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზება.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანაა როგორც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების ტემპებით, ასევე განახლების პროცესის თანამონაწილეობრივი გზით წარმართვის მხრივ. გასული წლის ოქტომბერში, ბიომრავალფეროვნების კონვენციის მიერ, მონრეალში (კანადა) გამართულ შეხვედრაზე საგანგებოდ ცალკე იქნა განხილული იაპონიის, ბრაზილიის, ფინეთისა და საქართველოს მაგალითები, როგორც სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების თვალსაზრისით, მოწინავე ქვეყნები.