2014 წლის 14 ივნისს კოალიცია "ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" პოლიტიკურმა მდივანმა გიგლა ბარამიძემ პარტიის სათაო ოფისში ბრიფინგი გამართა:
"ჩვენს კოალიციას "ნინო ბურჯანაძე - ერთიან ოპოზიციას" არაერთხელ განუცხადებია, რომ "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის არსებობს არათუ კოჰაბიტაცია, არამედ მათ შორის მიმდინარეობს ტოტალური თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. ასე იყო ეს საპრეზიდენტო არჩევნების დროს, და სამწუხაროდ ასე გრძელდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც. არსებობს ამის დამადასტურებელი რამოდენიმე ფაქტი, რომელზეც ახლა ვისაუბრებ:
"ქართული ოცნების" ადგილობრივი თვითმმართველობის სიაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატების ძალზედ დიდი წილია წარმოდგენილი. ეს ეხება როგორც პარტიულ პროპორციულ სიებს, ასევე ეს ეხება მერობის, გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებს. ის ვინც აპირებს ხმა მისცეს "ქართულ ოცნებას" უნდა დაფიქრდეს, რადგან იგი უნებურად უხანგრძილევს პოლიტიკურ სიცოცხლეს "ნაციონალურ მოძრაობას".
აჭარაში, ბათუმის მერობის კანდიდატად დასახელებულია გიორგი ერმაკოვი, რომელიც გახლდათ აქტიური "ნაციონალი". იგი მუშაობდა ძალოვან სტრუქტურებში, იყო აჭარის შემოსავლების სამსახურის უფროსი.
ხელვაჩაურის გამგებლობის კანდიდატად "ქართული ოცნების" მხრიდან დასახელებულია ნადიმ ვარშანიძე, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს "ნაციონალური მოძრაობის" შტაბის ხელმძღვანელი იყო.
ადიგენში პროპორციული სიით "ოცნების" მხრიდან კენჭს იყრის გრიგოლ გიგაშვილი, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ "ნაციონალური მოძრაობიდან".
ახალციხეში მაჟორიტარობის კანდიდატია არუთუნ აგაბაბიანი, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაჟორიტარი.
ლაგოდეხში "ქართული ოცნების" სიის პირველი ნომერია გივი ლობჟანიძე, რომელიც ასევე "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი გახლდათ.
გურჯააანში სიის მეორე ნომერია ავთო ზარდიაშვილი, "ნაციონალების" დროს საკრებულოს თავმჯდომარე.
ხობის გამგებლობის კანდიდატი გოჩა ქაჯაია გახლდათ საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან".
სენაკში მაჟორიტარობის კანდიდატია ბესიკ ნარმანია, რომელიც გახლდათ ასევე საკრებულოს წევრი "ნაციონალური მოძრაობიდან".
ზუგდიდში მერობის კანდიდატია ირაკლი გოგოხია, რომელიც როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბის წევრი იყო.
ოზურგეთის მერობის კანდიდატი ბეგლარ სიორიძე, გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი და ერთ-ერთი ფინანსური დონორი პირველი ოქტომბრის არჩევნების ჩათვლით.
სამტრედიაში "ქართული ოცნების" შტაბის მოქმედი თავმჯდომარე ავთანდილ თევზაძე გახლდათ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე.
ძვირფასო მეგობრებო, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, ნუ მოაბრუნებთ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებაში.