ივერიონი / დროა პოლიტიკური პარტიები მოვხვეტოთ და ნაგავში მოვისროლოთ!

დროა პოლიტიკური პარტიები მოვხვეტოთ და ნაგავში მოვისროლოთ!

როგორც ჩანს, მორიგი ფარსიც გადავაგორეთ - ოფიციალური განცხადებით, არჩევნებმა პატარ-პატარა ინციდენტებით, მაგრამ შვიდ გარემოში ჩაიარა.

კომპრომატების აფრიალებისა და გაწევ-გამოწევის შემდეგ საბოლოოდ გამოვლინდებიან „გამარჯვებულები“ და დამარცხებულები. ქვეყანა „ჩვეულ რიტმში“ გააგრძელებს ცხოვრებას - ვიღაც მერი გახდება, ვიღაც გამგებელი, ვიღაც საკრებულოს წევრი, თავიანთ ცხოვრებასაც მოიწყობენ და თავისიანებსაც დაეხმარებიან, ცოტას ენაგადმოგდებულ მხარდამჭერებსაც მიხედავენ, მთლად უმადურობაში რომ არ დასდონ ბრალი. შეცვლით კი ქვეყანაში არაფერი შეიცვლება!..

გამართლდა ექსპერტთა ვარაუდი ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ. ბ-ნ კახა კახიშვილის თქმისა არ იყოს, ამომრჩეველმა ამ შემთხვევაში პროტესტი არა რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალის, არამედ, ზოგადად არჩევნების, როგორც ასეთის, მიმართ გამოხატა - უბრალოდ არ მიიღო მონაწილეობა იმ სპექტაკლში, რომელიც ყოველთვის წინასწარ გაწერილი სცენარით იმართება და შედეგიც წინასწარ „გაიასნებულია“.

ამჯერადაც მართლდება საბჭოეთის დიდი  ბელადის იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ფორმულა: არჩევნებს იგებს ის, ვინც ითვლის! ვინ ითვლის არჩევნებს? „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, რომლებმაც წინასწარი შედეგებით ამომრჩეველთა პასიურობის ფონზე „შთამბეჭდავი“ შედეგები მიიღეს.

„ნაცმოძრაობამ“ კიდევ ერთხე დაგვიმტკიცა, რომ სიცოცხლისუნარიანია და არ არის გამორიცხული, დღევანდელი ხელისუფლების უნიათობით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ტრიუმფალური გამარჯვება მოიპოვოს - უკეთესის ღირსი არც არის საქართველო!

ისმება კითხვა: ვინ უფრო მეტად გააკეთა ქართული საქმე,იმან, ვინც პროტესტის ნიშნად არ მივიდა საარჩევნო ყუთთან, თუ იმან, ვინც 15 ივნისის არჩევნები „გააპრავა“?!

პასუხი ცალსახაა - უპირატესობა ამ შემთხვევაში პირველს ენიჭება: მან ამ ამაზრზენ სპექტაკლში (ფარსში) არმონაწილეობით უარი თქვა თავს მოხვეულ, ყალბ დემოკრატიაზე, რომელიც ყველაზე  მიუღებელი და შეიძლება ითქვას, ბინძური ფორმაა სახელმწიფოს (საზოგადოების) მართვის თვალსაზრისით მართლმადიდებელი მრევლისთვის. დიახ, დემოკრატია ეს არის ფარსზე და სიყალბეზე აგებული სისტემა, რომელიც ყველაფრის უფლებას გაძლევს, მაგრამ პასუხისმგებლობა ნულს უტოლდება!

გუშინდელმა არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ასეთი სპექტაკლებით ქვეყანაში არაფერი შეიცვლება, დაადასტურა ისიც, რომ „ეშმაკის მანქანა“ საკმაოდ ეფექტურად მუშაობს და იმას გვტენის, რაც მისთვის ხელსაყრელია აღნიშნულ მომენტში.

გუშინდელმა არჩევნებმა ისიც გვიჩვენა, რომ ხალხს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი აქვს და ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს!

სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! არჩევნების გაყალბებაზე როგორ შეიძლება საუბრობდეს „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არჩევნებს ცეცხლისა და მახვილის ფონზე ატარებდა და ჩვენ თვალში ნაცარს გვაყრიდა?!

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გამარჯვებას ზეიმობს, „ნაციონალები“ თბილისის მერის არჩევნებში მეორე ტურის აუცილებლობას აანონსებენ!!!

მე ადრეც ღიად ვუჭერდი მხარს დავით ნარმანიას, რადგან მიმაჩნია, რომ ივანიშვილის არჩევანი ამ შემთხვევაში ყველაზე ახლოს იდგა მიზანთან. სხვა საკითხია, იქნება თუ არა იგი დამოუკიდებელი და პრინციპული მერი!

თუ მეორე ტური მაინც გახდა აუცილებელი, ეს იმას ნიშნავს, რომ „ნაციონალებმა“ არამარტო მეორე საპატიო ადგილი შეინარჩუნეს, არამედ საზოგადოების ცნობიერების გარკვეულ ნაწილში გააჩინეს რწმენა, რომ ისინი შეუცვლელები არიან და „ქართული ოცნება“ ერთ საპარლამენტო ვადასაც ვერ უძლებს!

მითი, რომ „ნაციონალებს ბურჯანაძის ალიანსი ან „პატრიოტები“ ჩაანაცვლებდნენ, საპნის ბუშტივით გასკდა. მართალია ამბიცია ორივე მათგანს შეიძლება ჰქონოდა, მაგრამ თუ გამოცდილებაზე მიდგა საქმე, ბურჯანაძეს ამ მხრივ წინ ვერავინ დაუდგებოდა, მაგრამ ძია სემმა არაო - არ გენდობითო. ეტყობა, ისევ „ნაციონალებს“ ამჯობინებენ, რადგან მათ ყველაზე კარგად იციან დავალების შესრულება.

ასეთი ფარსით, ანუ ე.წ. დემოკრატიული არჩევნებით შეცვლილი ხელისუფლება რომ ქვეყანას ხეირს არ მოუტანს, ბოლო 20-წლიანმა პერიოდმაც დაადასტურა - მოდიან, სუქდებიან და მერე მიდიან.

მართალია, „მოქკავშირმა“, როგორც პოლიტიკურმა სუბიექტმა ჩაილურის წყალი დალია, მაგრამ იმდენად მოახერხა გარდასახვა „ნაციონალებში“ და „ქოცებში“, თუ სერიოზულად რამე არ ვიღონეთ, მეფის დინაასტიასავით მათი პოლიტიკური მემკვიდრეობა შთამომავლებზეც გადავა. არა აქვს მნიშვნელობა, რა „სახელისა და გვარის“ მატარებელი იქნება იგი.

მე ზედმიწევნით გავეცანი ექსპერტთა შეფასებებს გუშინდელ არჩევნებთან დაკავშირებით. ბევრი მათგანი „ქართული ოცნების“ უსუსურობას უსვამს ხაზს, რის გამოც, თურმე ამომრჩეველი პროტესტის ნიშნად საარჩევნო ყუთთან არ გამოცხადდა...

ვთქვათ და ამომრჩეველთა 100-პროცენტიანი მონაწილეობა ყოფილიყო, ვისთვის უნდა დაგვეჭირა მხარი და რას შეცვლიდა ეს ქვეყანაში? არც არაფერს!

არც ერთი პარტია არ არის ღირსი ნდობა გამოვუცხადოთ და მხარი დავუჭიროთ - უფრო აჯობებს მოვლენის ზედაპირზე მოტივტივე ყველა პოლიტიკური სუბიექტი მოვხვეტოთ და ნაგავში მოვისროლოთ!

დიახ, რაღაც სხვა უნდა მოვიფიქროთ, თორემ ქვეყანა კატასტროფისკენ მიდის!

P.S. ივერიონი“ „ლაითად“ აშუქებდა გუშინდელ არჩევნებს. მიგვაჩნია, რომ დადგმულ სპექტაკლში თანამონაწილეობა რეჟისორთა მხარდაჭერის ტოლფასია, რაც ჩვენს მორალურ სტანდარტებში არ ჯდება. მართლაც რაღაც სხვა გზას უნდა დაადგეს ქვეყანა.

 

ზაურ ნაჭყებია

16-06-2014, 11:46
უკან დაბრუნება