ივერიონი / დემურ გიორხელიძე: ,,ეს არჩევნები სრული კრახია მმართველი კოალიციისთვის!"

დემურ გიორხელიძე: ,,ეს არჩევნები სრული კრახია მმართველი კოალიციისთვის!"

,,ივერიონს" ესაუბრა ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე
- როგორ შეაფასებთ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის რჩევნების შედეგებს. რა იყო თქვენი მოლოდინი და რა ახალი სიმპტომები გამოვლინდა?
-სამწუხაროდ, მოლოდინი ზუსტად ისეთი იყო, რაც მივიღეთ.
არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე ვთქვი, რომ ეს არჩევნები კი არა, დიაგნოზი იქნება-მეთქი და ასეც გამოვიდა. თითქმის 70%-მა  მოქალაქეებისა უარი თქვა არჩვენებზე მისვლაზე და ამით გამოხატა უკმაყოფილება არსებული მდგომარეობისადმი...
 მე ისიც დავწერე დღეს, რომ ეს არჩევნები სრული კრახია მმართველი კოალიციისათვის ("ოცნებისათვის"), მიუხედავად იმ თითქოსდა გამარჯვებისა, რომელსაც აღწევენ... ეს მხოლოდ ინერციის შედეგია და იმისა, რომ სხვა პოლიტიკურმა ძალებმა კვლავ არასწორად და ჩვეულ რეჟიმში იმოქმედეს. საქმე რაშია იცით? როცა გამარჯვება არ არის გაწეული საქმიანობის და დანაპირების უპირატესად შესრულების შედეგი, არამედ, გამოუვალი მდგომარეობის შედეგი და ისევ ილუზორული მოლოდინების შედეგია, - იქ "გამარჯვებულს" არაფერი უნდა უხაროდეს...
მე ვფიქრობ, არაფერი შეიცვლება და ეს "გამარჯვება" ოცნების დასასრულის დასაწყისი იქნება... არ ჩანს, რომ "ოცნებას" აქვს ძალა, შეცვალოს საკუთარი თავი და გარემო.
-როგორც მოსალოდნელი იყო, ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალია. თქვენი აზრით, რა შედეგს მივიღებდით მაღალი აქტივობის შემთხვევაში?
-მაღალი აქტივობის შემთხვევაში გევქნებოდა სხვა არჩევნები, - ამისთვის კი საჭირო იყო ხელისუფლებას 20 თვის განმავლობაში გაეკეთებინა ის, რაც დაპირდა საქართველოს მოსახლეობას, იმ ხალხს, რომლის შემართების ხარჯზე და რომლის მობილიზაციის ხარჯზე მოვიდა ხელისუფლებაში...
ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს ქართველი ხალხის განწყობა და მისი დამოკიდებულება იყო დომინირებული და განმსაზღვრელი და არა ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია... ასე, რომ რასაც მეკითხებით, ის სულ სხვა სცენარიდანააა.
-წინასწარი მონაცემებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" საპატიო მეორე ადგილს ინარჩუნებს. მეტიც, საუბარია თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურზეც. რას ნიშნავს ეს?
-ეს არაფერს ნიშნავს, უფრო სწორად, - ,მხოლოდ იმას, რომ "ოცნებამ" დაკარგა ამომრჩევლები, ხოლო ,,ნაცმოძრაობამ"  ვერ შეიძინა იგი, - მას თავისი სტაბილური ამომრჩველი ჰყავს... არანაირი ტრაგედია ეს არ არის... მეორე ტურში დალაგდება ყველაფერი, რადგან, არა მგონია, ხალხს მეხსიერება ასე სწრაფად დაბინდოდეს... სხვათა შორის, ამ არჩევნებს ერთი დიდი დადებითი მომენტი ახლავს, რაც იმას ნიშნავს, რომ დროში ჩვენ ნელ-ნელა დავლაგდებით: არ იყო ისეთი დაძაბულობა და გაყალბების მცდელობები, რაც თითქმის 1995 წლიდან ნორმად იყო ქცეული.
- თქვენი აზრით, არჩევნების შედეგები ხელისუფლების უსუსურობის ბრალია თუ ,,ნაციონალები" საკუთარი იმიჯის რეაბილიტაცას მიზანმიმართულად ცდილობენ?
-არჩევნების შედეგები ხელისუფლებამ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დააბრალოს.  (მიუხედავად, თითქოს, "გამარჯვებულია")... მისი მცდარი პოლიტიკის შედეგია, - მისი დიდი მცდელობის შედეგია, გადაერჩინა ,,ნაციონალური მოძრაობა" იმ საქმის კეთების ნაცვლად, რომელიც მას ევალებოდა და მისგან ხალხი მოელოდა. ეს არის შედეგი იმისა, რომ თურმე... საქართველოს დემოკრატიის მთავარი მიზანი ,,ნაცმოძრაობის"  გადარჩენა ყოფილა. უფრო უაზრო პოლიტიკური რამ ძნელად წარმოსადგენია!!!
-რა ფუნქციას ასრულებს ეგზიტპოლი, რომლის თითქმის იდენტურიცაა არჩევნების წინასწარი შედეგები?
-ეგზიტპოლი ტექნოლოგიაა, რომლის მიზანია  არჩევნების შედეგების მომავალ გამოცხადებამდე ადამიანები შეაგუოს შედეგს, აზრს და ა.შ.
 დასავლეთში უაზრობაა ეს ეგზიტპოლები, - თითქოსდა, "ძალიან პროფესიული ფირმების" საქმიანობის სფერო. სასაცილოა! ფულის კეთების პარაზიტული საშუალებაა.
 ისეთ არშემდგარ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეგზიტპოლს აქვს უდიდესი ფუნქცია, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ! წინა ხელისუფლებამ კარგად "დაამუღამა" ეს ტექნოლოგია...
-,,ნაციონალური მოძრაობა" თუ დღევანდეგ გეზს შეინარჩუნებს, შეძლებს თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას?
-,,ნაციონალურ მოძრაობას" ჰყავს თავისი ამომრჩეველი, - კარგია ეს თუ ცუდია, ეს არ არის საუბრის თემა... ამიტომ, თუ პოლიტიკური პარტიის მიმართ რაიმე სასამართლო განაჩენი არ არის, არავის აქვს უფლება შეზღუდოს მისი პოლიტიკური საქმიანობა... ჩვენს ხალხლზეა დამოკიდებული კონკრეტული პოლიტიკური ძალისადმი დამოკიდებულება...
მე ვერ გეტყვით, რას გააკეთებს ,,ნაცმოძრაობა"... თუ ძველი ლიდერები არ ჩამოსცილდებიან - ანუ წინა ხელისუფლების ლიდერები და ხალხი, რომელიც არ არის იმ დანაშაულებებში გარეული, გააგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას, ეს გასაგები იქნება...
მაგრამ თუ ამ პარტიას ისევ ის ლიდერები ეყოლება, არა მგონია, რაიმე შანსი ჰქონდეს გამარჯვებისა, თუმცა  პარლამენტში შეიძლება მოხვდნენ...
არის შანსი მათი ხელისუფლებაში მობრუნებისა, მაგრამ არა მარტო, არამედ "შერეული" სხვა მსგავს პოლიტიკურ ძალებთან, რომლებიც ახლაც შესანიშნავად თანამშრომლობენ ერთად, მაგრამ ეს მაშინ მოხდება, თუ სხვა ძალები ისევ თავისი თავის განადგურების გზით ივლიან და არ გააქტიურდება ახალი, რომელიც ყველაზე რეალურად მეჩვენება საშუალოვადიან პერსპექტივაში.
-არის საარჩევნო უბნები, თუნდაც რეგიონებში, სადაც, შესაძლოა, მეორე ტური დაინიშნოს. გუშინდელი შედეგს ფონზე, ვის წისქვილზე დაასხამს ეს წყალს?
-ეს არავის წისქვილზე არ დაასხამს წყალს... ეს ჩვეულებრივი პროცედურებია, დამახასიათებელი დემოკრატიული საარჩევნო პროცესისთვის... უმეტესად, ალბათ, ხელისუფლება გაიმარჯვებს, თუმცა მათ "გამარჯვებას" 15 ივნისის არჩევნებზე მე გამარჯვებას არ ვუწოდებ... ეს უფრო დამარცხების დასაწყისია.
-როგორ ფიქრობთ, რატომ განიცადა კრახი ,,ბურჯანაძის ალიანსმა", არადა იყო მცდელობა, მას ,,ნაციონალური მოძრაობა" ჩაენაცვლებინა?
-არა ვარ ამ ალიანსის საქმეებში ჩახედული, მაგრამ გარეგნული შეფასებით, მე ვერ დავინახე ამ ალიანსის დაუღალავი, თავდადებული და მიზანმიმართული წინასაარჩევნო საქმიანობა...
ასე "ლაითი" პოლიტიკით და, სხვათა შორის, სად ხდება გამარჯვებების მოპოვება? მე მგონი, ისინი კვალიფიციური სუბიეტები გახდნენ და დაფინანსებას მიიღებენ 1 მლნ ლარის ოდენობით! შეიძლება, ამ ეტაპზე ამ ალიანსს ასეთი ამოცანა ჰქონდა, - ვერფერს გეტყვით! ,,ნაცმოძრაობა" კი თავის რესურსს დღედაღამ ამუშავებდა და არაა გასაკვირი, რომ მეორე ადგილზე გავიდნენ...
თუ 70% მოვიდოდა არჩევნებზე და ამ მოსულ ხალხს თავიანთი ინტერესის შესაბამისი ძალა ეყოლებოდა ასარჩევად, ,, ნაცმოძრაობა" მაშინ, ალბათ, ხუთეულში აღმოჩნდებოდა!


ესაუბრა ია ჯღარკავა

16-06-2014, 18:00
უკან დაბრუნება