ივერიონი / ვაჟა ბერიძე: არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ მმართველი კოალიცია უპრინციპო და ეფემერული კონგლომერატია!

ვაჟა ბერიძე: არჩევნების შედეგები გვიჩვენებს, რომ მმართველი კოალიცია უპრინციპო და ეფემერული კონგლომერატია!

,,ივერიონს“ ესაუბრა ექსპერტი ვაჟა ბერიძე

-  როგორ შეაფასებთ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმათველობის არჩევნებს. რა იყო თქვენი მოლოდინი და რა ახალი ძირითადი სიმპტომები გამოვლინდა?

- ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო სამართლიანი და ობიექტური. მან ცხადყო, რომ ჩვენ ვეჩვევით გაუყალბებელი არჩევნების ჩატარების პრაქტიკას. 1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ფაქტობრივად, საქართველოში სამართლიანი და გაუყალბებელი არჩევნები არ ჩატარებულა. ასეთ პრაქტიკას იმდროინდელი მთავრობები ამართლებდნენ სამოქალაქო ომით, ეთნოკონფლიქტებით, რუსეთთან ფარული თუ ღია ომით, სოციალური სიდუხჭირით, ,,მეხუთე კოლონის“ სიძლიერით და ასე შემდეგ.

ქართულმა საზოგადოებამ არ მიიღო ეს არგუმენტები და 2012 წლის 1 ოქტომბის არჩევნებზე დაფიქსირდა ხალხის ნება – მოხდა ხელისუფლების პირველი მშვიდობიანი გადაბარება. შემდეგი საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორი არჩევნები თავისუფალი და სამართლიანია, გაუყალბებელი, ხოლო დაფიქსირებული შეცდომები და დარღვევები არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ზეგავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე.

რაც შეეხება ძირითად სიმპტომს, მე ვფიქრობ, რომ ეს იყო საპროტესტო არჩევნები. სხვა საქმეა, კარგია ეს თუ ცუდი ეროვნულ–სახელმწიფოებრივი ინტერსების თვალსაზრისით. მაგრამ ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ რეალობა. ის კი ასეთია: ეს არჩევნები ხასიათდებოდა საპროტესტო მუხტით რაც, უწინარეს ყოვლისა, გამოიხატა საარჩევნო ურნებთან მოქალაქეთა უმეტესობის მიუსვლელობაში. ქვეყნის მასშტაბით ხმის უფლების მქონეთა ნახევარზე მეტი სახლში დარჩა, ხოლო ორ უმსხვილეს ქალაქში – თბილისსა და ქუთაისში, დაახლოებით 30%–იანი აქტივობა დაფიქსირდა. მოგეხსენებათ, დედაქალაქი ქვეყნის მიკრომოდელია, აქ ინფორმაციაზეც უფრო მიუწვდებათ ხელი მოქალაქეებს და პოლიტიკაზე საფიქრელადაც მეტი დრო აქვთ. ამიტომ 70%–იანი იგნორი სერიოზული სიგნალი უნდა გახდეს, როგორც მმართველი პოლიტიკური კოალიციისთვის, ისე მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის.

ეს არჩევნები კიდევ ბევრი საპროტესტო ნიშნის მატარებელია. იგი პროტესტია არაუფლებამოსილი და არაანგარიშვალდებული პირის მმართველობაზე. ფაქტობრივად ქვეყანას ისევ ბიძინა ივანიშვილი მართავს, ამას კი აქვს როგორც თავისი დადებითი ისე უარყოფითი მომენტები.

ირაკლი ღარიბაშვილს არ ჰყავს თავისი პოლიტიკური გუნდი, მრჩეველთა თავისი ძლიერი ჯგუფი და ეს ყველაფერს დაეტყო, მათ შორის არჩევნებსაც, რომლის შტაბის გამართულ მუშაობაზე ბიძინა ივანიშვილმაც გამოთქვა კრიტიკული შენიშვნა. გიორგი მარგველაშვილი კი შერისხული, დამცრობილი და დატუქსულია, რომელიც ახლახანს იძულებული გახდა თავისი აპარატის საკვანძო ფიგურები დაეთხოვა თანამდებობებიდან. ხალხის თვალში ესეც არ მატებს ღირსებას მმართველ კოალიციას. ეს არჩევნები იყო პროტესტი სამართლიანობის აღდგენის მიმართულებით ,,ქართული ოცნების“ ,,სუსტ მუშაობაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ნაბიჯები გადაიდგა ამ მიმართებით, დაწყებული პარლამენტის მიერ მომზადებული გაბედული პროექტისა ამნისტიის შესახებ, სამართლიანობის აღდგენა–დამკვიდრება, ხალხმა მმართველ ძალას ნაკლად და მიუღწეველ და გადაუჭრელ ამოცანად ჩაუთვალა. ამომრჩეველმა თავისი პასიურობით ესეც გააპროტესტა. ,,ქართული ოცნების“ არცთუ სახარბიელო შედეგი იყო პროტესტი, არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაზე, რომლისადმი საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა საპროტესტო განწყობა დააფიქსირა.

 არჩევნებზე გამოცხადების დონე და შედეგი ქართველების სულსწრაფობის შედეგიცაა. ორ წელიწადში ახალი ხელისუფლებისგან მიწიერ სამოთხეს ელოდა მალემრწმენი საქართველო. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ გადავეჩვიეთ მესიებისა და ქარიზმატული ლიდერების მოლოდინსა და მოიმედეობას.

  – როგორც მოსალოდნელი იყო, ამომრჩეველთა აქტივობა ძალიან დაბალია. თქვენი აზრით, რა შედეგს მივიღებდით მაღალი აქტივობის შემთხვევაში?

– მაღალი აქტივობის შემთხვევაში უფრო უკეთესი მაჩვენებელი ექნებოდა ,,ქართულ ოცნებას“, ბურჯანაძის პარტიას და მის კანდიდატებს, სხვა ოპოზიციურ ძალებსაც. გაცილებით დაბალი ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. მისი რეიტინგი 8–10%–ს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რეალურად არ აღემატება.

– წინასწარი მონაცემებით, ,,ნაციონალური მოძრაობა" საპატიო მეორე ადგილს ინარჩუნებს. მეტიც, საუბარია თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურზეც. რას ნიშნავს ეს?

– ეს ნიშნავს მმართველი პოლიტიკური ძალის სისუსტეს, იმას, რომ კოჰაბიტაციით ,,ნაციონალებმა“ გვარიანად იხეირეს, მათ კარგად შეუძლიათ საარჩევნო კამპანიის წარმართვა, აქვთ ფული, ფინანსური და ადამიანური რესურსი, ჰყავთ მობილიზებული და მოტივირებული ელექტორატი. შედეგი რომელიც მათ აჩვენეს აშკარა წარმატებაა, თუმცა რეალური კათარზისის გარეშე ამ პარტიას ერთობ უღიმღამო პოლიტიკური პერსპექტივა აქვს.

– თქვენი აზრით, არჩევნების შედეგები ხელისუფლების უსუსურობის ბრალია თუ  ,,ნაციონალები" საკუთარი იმიჯის რეაბილიტაციას მიზანმიმართულად ცდილობენ?

– არჩევნების შედეგი, უწინარეს ყოვლისა, მიუთითებს, რომ მმართველი პოლიტიკური კოალიცია ეფემერული და უპრინციპო კონგლომერატია, მის სუბიექტებს ერთმანეთთან ბევრი რამ არ აქვთ საერთო, მათი საქმიანობის კოორდინაცია მოისუსტებს, ,,ტვინის ტრესტი“ იქ არ არსებობს, ხოლო ,,ოცნების“ თავდაჯერებული გამოცდილი პოლიტიკოსები ახალ რეალიებს ალღოს ვერ უღებენ. მათი მცდელობა ერთადერთი მიმართულებით აღმოჩნდა წარმატებული – შეძლეს „ნაციონალების„ მთავარ ოპოზიციურ ძალად და ხელისუფლების რეალურ ალტერნატივად შენარჩუნება.

– რა ფუნქციას ასრულებს ეგზიტპოლი, რომლის თითქმის იდენტურიცაა არჩევნების წინასწარი შედეგები?

–   ეგზიტპოლი დემოკრატიული არჩევნების აუცილებელი ატრიბუტია. თუ ის შესაბამისი მეთოდიკის გამოყენებით, კეთილსინდისიერად სრულდება, ძალიან ახლოსაა რეალურ შედეგთან. ამჯერად, წინა წლებისგან განსხვავებით, ,,რუსთავი2“–ისა და ,,იმედის“ ეგზიტპოლები გაყალბებული არჩევნების ,,გაპრავებას“ არ ცდილობდნენ და ამდენად, შედეგიც შესაბამისი დაიდო.

– ,,ნაციონალური მოძრაობა" თუ შეინარჩუნებს დღევანელ გეზს, შეძლებს თუ არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას?  

– ,,ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში მე ხილულ ისტორიულ პერსპექტივაში შეუძლებლად მიმაჩნია. ერთადერთი ასეთი შესაძლებლობა, მხოლოდ მაშინ გაჩნდება, თუ ,,ნაციონალური მოძრაობა“ 10 წლიანი მმართველობის შეცდომებს, გადაცდომებსა და კრიმინალს სწორად შეაფასებს, აღიარებს და გაემიჯნება.

–  არის საარჩევნო უბნები, თუნდაც რეგიონებში, სადაც შესაძლოა მეორე ტური დაინიშნოს.  გუშინდელი შედეგის ფონზე, ვის წისქვილზე დაასხამს ეს წყალს?

– მეორე ტური დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით ცუდი არ არის. იგი უდაო წარმატებაა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელიც მეორე ტურის თითქმის ყველა არჩევნებში ფიგურირებს, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ეს საერთო სურათს ვერ შეცვლის და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ გამარჯვებას ეჭვქვეშ ვერ დააყენებს.

–  როგორ ფიქრობთ, რატომ განიცადა კრახი ,,ბურჯანაძის ალიანსმა". არადა, იყო მცდელობა, მას ,,ნაციონალური მოძრაობა" ჩაენაცვლებინა?

– ბურჯანაძის ალიანსა უკვე მეორედ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა ძირითადი და მთავარი ოპოზიციური ძალის ამპლუაში ჩაენაცვლებინა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. ეს ნინო ბურჯანაძის და მისი თანამოაზრეების მცდარი და არათანმნიმდევრული მუშაობის შედეგია. პრორუსულ ძალად მოაზრებული პარტია წარმატებას ვერ მიაღწევს, თუ თანამედროვე, პროგრესულ და თანმიმდევრულ პოზიციებზე არ ჩამოყალიბდა. თუმცა ის, ჩემი აზრით, ყოველთვის იქნება მყარი მესამე.

მართალი გითხრათ არ გამკვირვებია დავით ნარმანიას პირველი ადგილი, მის მიერ ნაჩვენები შედეგი, არც ნიკა მელიას რეზულტატი, მაგრამ გარკვეული მოულოდნელობა იყო დიმიტრი ლორთქიფანიძის 12–13%. იგი ყველა თვალსაზრისით ძლიერი კანდიდატი იყო. თუმცა, ნინო ბურჯანაძემ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ, აგრეთვე ბურჯანაძის პარტიის სტრატეგიის შემმუშავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ თბილისისა და მთელი საქართველოს მიერ მათთვის არაერთგზის ჩატარებული გაკვეთილი. რადიკალური ნაციონალიზმი, ექსტრემიზმის ელემენტებით, პოპულისტური ფრაზეოლოგია და აგრესიული ტრადიციონალიზმი არ აღმოჩნდა საკმარისი თბილისელების და საქართველოს მოქალაქეების მისამხრობად და გულის მოსაგებად. ბურჯანაძემ ისევ მცდარი ტაქტიკა აირჩია და ამიტომ მეორე ადგილზეც ვერ გავიდა.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

16-06-2014, 18:09
უკან დაბრუნება