ივერიონი / ლია რუსიაშვილი: არ გამოვრიცხავ კულისებში მიმდინარეობდეს ნაცქოცური მოლაპარაკება!

ლია რუსიაშვილი: არ გამოვრიცხავ კულისებში მიმდინარეობდეს ნაცქოცური მოლაპარაკება!


,,ივერიონს" ესაუბრა პოეტი ლია რუსიაშვილი

-ქალბატონო ლია როგორ შეაფასებთ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. გაამართლა თუ არა თქვენი მოლოდინი?
-ფაქტია, რომ ამომრჩევლების 70 პროცენტი არ მივიდა არჩევნებზე,  რაც თვალნათლივ მიანიშნებს ხელისუფლებისადმი ხალხის ნდობის დაკარგვაზე. ამის ერთ - ერთ მიზეზად მიმაჩნია ახლახან მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელიც,  რაც დრო გავა, მით უფრო ნეგატიურად იმოქმედებს.
ამ მოულოდნელმა გადახრამ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია ხალხში, რაც, ბუნებრივია, ავტომატურად აისახა არჩევნებზე.
რაც შეეხება ჩემს მოლოდინს, სოციალურ ქსელებში არსებული "ტემპერატურის" მიხედვით, ვვარაუდობდი, რომ არმიმსვლელთა გარდა, ამომრჩევლის ერთი ნაწილი ყველა კანდიდატს გადახაზავდა, ხოლო, დარჩენილი ნაწილის ხმები მეტ-ნაკლებად განაწილდებოდა ყველა კანდიდატზე. აი, სწორედ ეს გადანაწილება რამდენად სამართლიანად დაფიქსირდა--ამის გარკვევა და დამტკიცება, სამწუხაროდ, რიგითი მოქალაქეების შესაძლებლობებს მუდამ სცილდებოდა....
- თქვენი აზრით, რამ განაპირობა თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურის დანიშვნა?
 -ცესკოს განცხადებით, თბილისის უმრავლეს უბანში ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ გადალახა 50% -იანი ბარიერი. მაგას თუ გაჰყვებიან, ხუმრობით ვიტყოდი, რომ სახლში დარჩენილი ამომრჩევლების მოზიდვა როგორმე უნდა მოახერხონ , თორემ, სავარაუდოდ, მერს ახალ წლამდე ან ავირჩევთ ან არა, რადგან არა მგონია, ამ ფაქტის გამო ის ამომრჩეველი, რომელმაც ბოიკოტი გამოაცხადა, სინანულში ჩავარდეს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცეს მეორე ტურზე "შეცდომის" გამოსასწორებლად!
ამიტომ, ალბათ, არსებული შედეგების მიხედვით გადაწყდება ეს საკითხი, ანუ "პროკრუსტეს სარეცელივით" ან გაზრდიან გაყალბებულ რიცხვს ამომრჩევლებისას ("მკვდარი სიებით"), ან პირიქით - პროცენტებს შეამცირებენ და იტყვიან - 50-იანი ბარიერი გადალახულიაო...
არსებობს კიდევ ერთი მოსალოდნელი სვლაც--არ გამოვრიცხავ, რომ კულისებში მიმდინარეობდეს ნაცქოცური მოლაპარაკება და მაშინ, სავარაუდოდ, მეორე ტურზე მელია ან ლორთქიფანიძე გადააჭარბებს 50%-ს,--ანუ კიდევ ერთხელ  გადასინჯავენ, თუ ვინ გაიყვანონ.
-მეორე ტურში ერთმანეთს ყველგან დავით ნარმანია და ნიკა მელია ხვდებიან...
-ეს იმაზე მიანიშნებს, რომ, როგორც უკვე მოგახსენეთ (და დასამალი არაა), ხალხი ამ კოჰაბიტაცია-გარიგების გამო არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში . კულისებში გადაწყდება - მელია გაიყვანონ, ლორთქიფანიძე თუ ინაშვილი...
- თქვენი აზრით, ვის მხარეს გადაიხრება გამარჯვების სასწორი მეორე ტურში?
 - თუ "ოცნება" მზადაა ხელისუფლება გადააბაროს სხვა ძალას, მაშინ, სწორედ ეს მეორე ტური იქნება ამ ეტაპის დასაწყისი.
 -როგორ შეაფასებთ ,,პატრიოტული ალიანსის" გამოჩენას პოლიტიკურ ორბიტაზე?
 - ასე იოლი არაა სახელწოდების და ლაპარაკის მიხედვით ნებისმიერი ორგანიზაციის თუ პარტიის ნამდვილი მიზნის გამოცნობა. ყველამ ვიცით, რომ ქართველებს გულის ამაჩუყებელ ლაპარაკში ვერავინ გვაჯობებს. ამიტომ, პოლიტიკური ძალის დაკვირვება დროში უნდა მიმდინარეობდეს იმისდა მიხედვით, თუ რა იდეას ემსახურება და ახორციელებს რეალურად, ან მაშინ გამჟღავნდებიან, როცა ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან.
არ გეგონოთ, რომ ამას მხოლოდ "პატრიოტულ ალიანსზე" ვამბობ, ზოგადად,  ყველას ვგულისხმობ.... ისე კი, თარხან-მოურავსაც და ინაშვილსაც დადებითად ვაფასებ და, ვფიქრობ, რომ მათ შეუძლიათ საქართველოსთვის რეალური და არა მარტოდენ სიტყვიერი ზრუნვა.
ან, თუნდაც, ნათელაშვილისთვის რომ გვეცლია ქვეყნის მართვა, განა ეს ნაკლებ საინტერესო იქნებოდა? ანუ  ჩვენ ვსაუბრობთ იმ მოცემულობაზე, რაც სახეზეა, თორემ - მჯობნის მჯობნები ქართველ ერში არ დაილევა. ..

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

17-06-2014, 16:40
უკან დაბრუნება