ივერიონი / ნატო ონიანი: მესამე ძალის ადგილი ისევ თავისუფალია!

ნატო ონიანი: მესამე ძალის ადგილი ისევ თავისუფალია!

,,ივერიონს“ ესაუბრა ჟურნალისტი ნატო ონიანი

 

-ქალბატონო ნატო, როგორ შაფასებთ 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს. გამართლდა თუ არა თქვენი მოლოდინი და რა პარადოქსი დააფიქსირეთ?

 

-მოულოდნელი და პარადოქსული ჩემთვის არაფერი ყოფილა.

ერთადერთი, რამაც გამაკვირვა, ეს იყო ,,პატრიოტული ალიანსის“ მიერ იმ 2 ადგილის დაკავება, რომელიც ბევრ 100-ს უდრის ,უდავოდ. მან დაამტკიცა, რომ არის ახალი ძალა, თუმცა ფინანსურად გაუნებივრებელი. ვფიქრობ, მათ ჟურნალისტური მოღვაწეობით მიაღწიეს ამას.

 

სხვა პარტიებს ის შედეგი აქვთ, რაც ადრეც ჰქონიათ და ჩემთვის ესეც მოსალოდნელი იყო.

 

რაც შეეხება საზოგადოების განწყობას ხელისუფლებისადმი, არც ეს იყო მოულოდნელი, ვინაიდან ისინი მეტს ელოდნენ და მოლოდინი არ გაუმართლდათ. ეს იყო ხელისუფლებაზე გაბრაზებული ხალხის განწობა, თუმცა, ეს ელექტორატის ბრალი ნამდვილად არ არის, რადგან, ხალხის განწყობის დუღილის ტემპერატურა მაღლიდან ქვემოთაც იწევს ხოლმე.

 

სასიამოვნი იყო არჩევნების გაუყალბებლობის ფაქტი, რაც ,,ნაციონალებს“ არნახულ სიმაღლეზე ჰყავდათ აყვანილი.

ასევე სასიამოვნო იყო მეორე ტურის დანიშვნაც  და ისიც, რომ 98-99%-იანი მოგება არ დააფიქსირა ხელისუფლებამ.

 

-არც ისე შორს, 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნები გველოდება. თქვენი აზრით, მიაღწევს თუ არა დღევანდელი ხელისუფლება აქამდე თუ ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია?

 

-პოლიტიკაში პროგნოზების გაკეთება ძალიან რთულია, როგორც ამას მიმართავს  ხოლმე ზოგიერთი პოლიტიკოსი და სტატისტიკოსი. პოლიტიკაში ერთხელ და სამუდამოდ არაფერი ხდება. პოლიტიკა ქმნის ისტორიას და ეს ცოცხალი პროცესია.

2016 წლამდე დიდი დროა, თუმცა,  ხელისუფლების ზოგიერთი რგოლის უნიათობის გამო, საზოგადოებაში ამის მოთხოვნა არსებობს!

 

მე როგორც ვვარაუდობ, მესამე ოილიტიკური ძალის ჩამოყალიბება გარდაუვალია. დღევანდელი ხელისუფლება კი თავის გამარჯვებას ,,ნაციონალებს“  უნდა უმადლოდეს - რომ არა მათი რევანშისტული წინასაარჩევნო პოლიტიკა, საზოგადოების პანიკური შიში მათდამი და რომ არა აგრესიული ფორმებით (და არა შინაარსით) მოქმედება, მაღალი შედეგები ,,ოცნებას“ არ ექნებოდა.

 

მართალია, ,,ოცნებამ“  შეასრულა რაღაც ნაწილი დაპირებისა, მაგრამ პიარმანქანის უქონლობის გამო, ვერ მიიტანა მოსახლეობასთან. ეს იმ მხრივაა კარგი, რომ დამშვიდდა ყური და დაისვენა თვალმა, მაგრამ პიარიც აუცილებელია . 21-ე საუკუნე ახალი კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების საუკუნეა, რომლის იგნორირება არ შეიძლება.

 

რატომ აქვს ბატონ სერგეენკოს მაღალი რეიტინგი სხვა მინისტრებთან შედარებით, ამაზე რატომ არავინ ფიქრობს ხელისუფლებაში?!

 

 2016 წლამდე ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რატომ მისცა მას ხმა ხალხმა და რატომ - არა. თუ რამე შესაცველია, სასწრაფოდ უნდა შეცვალოს. მართალია, 2-3 წელი ცოტაა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, მაგრამ თუ შემდეგაც სურთ პოლიტიკაში დარჩენა, ხალხის ინტერესები უნდა გაითვალისწინონ.

 

ვისაც უნდა იმას ეწყინოს, მაგრამ ,,ქართულ ოცნება“ დღესაც  ივანიშვილის რეიტინგზე დგას, თორემ მრავალპარტიული ბლოკის დაშლაზე იოლი არაფერია!...

 

-ბევრი ვარაუდობდა, რომ ,,ბურჯანაძის ალიანსი“ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ჩაანაცვლებდა, მაგრამ ეს ვარაუდი არ გამართლდა. რატომ ვერ მოახერხა ეს ბურჯანაძემ?

 

-ბურჯანაძე ნამდვილად  პოლიტიკური ფიგურაა, რომელსაც ხელს თავისი წარსული უშლის- რევოლუციური სამეულის ერთ-ერთი ძირითადი რგოლობა, პუტინთან შეხვედრის ცნობილი ფაქტები, 7 ნოემბერი  და ა.შ.

 

მე ვაკვირდები  ჩვენი ხელისუფლების კადრებს და ვხედავ, რომ ბურჯანაძეზე  უკეთესი პოლიტიკური ფიგურა არ ჰყავთ. პირიქით, ,,ოცნებასაც“ ჰყავს ნატოს მოწინააღმდეგები თავის გუნდში თოფაძისა და ტყემალაძის სახით, მაგრამ ბურჯანაძესავით არ იდევნებიან ამის გამო. 7 ნოემბერს ბურჯანაძე კედელთან მიიმწყვდიეს და ნებისმიერი ადამიანი მასავით იბრძოლებდა თავის გადასარჩენად. მე მგონია, რომ ბურჯანაძე უნდა გამოეყენებინა გონიერ ხელისუფლებას, მით უმეტეს, რომ მას ამის შეთავაზება თვით ბურჯანაძისგან ჰქონდა.

 

მესამე პოლიტიკური ძალის ამბიცია ჰქონდა ,,ბურჯანაძის ალიანსს“, მაგრამ უცებ გამოჩნდა ასპარეზზე ახალი ძალა-,,პატრიოტული ალიანსი“,  რომელმაც ,,ობიექტივის“ საშუალებით შეძლო თავისი სათქმელი მიეტანა ამომრჩევლამდე. ისე, ჩემი აზით, მესამე ძალის ადგილი ისევ თავისუფალია, რადგან ის რეალურად დღესაც ვერავინ შეავსო.

 

-თქვენ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში სახელმწიფო ტელევიზიის პირველ არხზე რეიტინგული ანალიტიკური გადაცემის ,,ტაიმ-აუტის“ წამყვანი იყავით. რატომ ჩამოშორდით ჟურნალისტურ საქმიანობას, პოლიტიკაში გადასვლაზე  ფიქრობთ?

 

-ჟურნალისტურ საქმიანობას სააკაშვილმა ჩამომაცილა. მე მას ,,მოქალაქეთა კავშირიდან“ ვიცნობდი და ვიცოდი, რა ძალა მოდიოდა ქვეყანაში, ამიტომ მასთან მუშაობაზე უარი ვთქვი. გახდა თუ არა ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ჩემთვის მოიცალა.

 

მე ახლა ჩემი საქმე მაქვს - ორ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს ვკითხულობ, ერთგან ასოცირებული პროფესორი და მიმართულების ხელმძღვანელი ვარ.

 

პოლიტიკა დღეს თავშესაფარი ჰგონია ბევრ წარუმატებელ ადამიანს. არადა პოლიტიკოსობისთვის აუცილებელია მშვიდი ნერვები, მიზანდასახულობა, მოთმინება, შენი ქვეყნის მომავალზე ზრუნვა და მატერიალური საცდურებისგან თავის შორს დაჭერა.

 

ჯერ  არ მიფიქრია პოლიტიკოსობაზე, თუმცა რა მოხდება ხვალ, არ ვიცი.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

 

 

 

18-06-2014, 13:04
უკან დაბრუნება