ივერიონი / მერაბ შათირიშვილი: როგორ იყო არჩევნები დემოკრატიული, როცა 70 პროცენტი საარჩევნო ყუთთან არ მივიდა?!

მერაბ შათირიშვილი: როგორ იყო არჩევნები დემოკრატიული, როცა 70 პროცენტი საარჩევნო ყუთთან არ მივიდა?!

 „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მწერალმა მერაბ შათირიშვილმა „რეპორტიორის“ პრეს-კლუბში ჟურნალისტებისთვის დღეს ბრიფინგი გამართა და იმ მიზეზებზე ისაუბრა, თუ რატომ დატოვა მან „ქართული ოცნება“.

 

შათირიშვილი არ მიიჩნევს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მშვიდობიან გარემოში, დემოკრატიული პრინციპების დაცვით ჩატარდა, როგორც ამას ოფიციალურად აცხადებენ, რადგან, როგორ შეიძლება არჩევნები დემოკრატიულად ჩატარებულად გამოცხადდეს, როცა ამომრჩეველთა 70 პროცენტმა საარჩევნო ყუთთან თავისი პოზიცია არ დააფიქსირა?!

მისი თქმით თბილისში მეორე ტურის დანიშვნა ხელისუფლების უნიათობას ნიშნავს!

 

ყოფილი „ოცნებისტი“ აცხადებს, რომ პარტიიდან მისი წამოსვლის მიზეზი ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება იყო.

იქიდან გაბრაზებით წამოსულმა კი საზოგადოება მოძრაობა „ქართული სინამდვილე-ერისკაცთა სათათბირო“ დააფუძნა. მასში ის ადამიანები გაერთიანდებიან, ვინც „ოცნებიდან“ ვერაფერი მიიღეს და მათი აზრები არ გაითვალისწინეს.

 

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ დაუჭირა მხარი მისმა თანამოაზრემ და მეგობარმა სოსო ჯაჭვლიანმა ანტიდისკრიმინაციულ კანონს, შათირიშვილმა უპასუხა, რომ „ჯაჭვლიანი ბოლო მომენტამდე არ უჭერდა მხარს ამ კანონს, რა მოხდა ბოლო 15 წუთში თავად ჯაჭვლიანს ჰკითხეთ!“

19-06-2014, 12:57
უკან დაბრუნება