პარტია „მომავალი საქართველოს” ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი ლაღიძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიის მიერ მიღწეული შედეგით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სხვანაირი შედეგი არც დადგებოდა, რადგან მთელი წინასაარჩევნო პერიოდი უთანასწორო ბრძოლაში მიმდინარეობდა, არ ჰქონდათ უფასო საეთერო დრო და დაფინანსება.
-„შედეგი, რაც მივიღეთ არჩევნების შემდეგ არის იმ მახინჯი კოჰაბიტაციის შედეგი, რომელშიც იყვნენ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ ორმა პოლიტიკურმა მონსტრმა გაინაწილა პირველი-მეორე ადგილები, თუმცა ჩვენ ბრძოლის შეწყვეტას არ ვაპირებთ, ახლა ვამზადებთ კანონპროექტს, რომლითაც მივმართავთ პარლამენტს, რათა საბოლოოდ დასრულდეს დისკრიმინაცია. ვიქნებით უფრო აქტიური. დღეს საქართველოში დიდი ფული ქმნის დიდ პოლიტიკას. თუ ისე გააგრძელა უმოძრაო და უნიათო ხელისუფლებამ, როგორც მოვიდა დღემდედა არ მოეგო გონს, მაშინ შემოდგომაზე ხალხი ქუჩაში გამოვა და პარტია “მომავალი საქართველო” აღნიშნულ საპროტესტო ტალღას შეუერთდება“.
ლაღიძის თქმით პარტია “მომავალი საქართველო” კოალიციის შექმნის მიზნით 5 პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რადგან თვლის, რომ დღეს აუცილებლად სჭირდება ქვეყანას სერიოზული ძალა, რომელიც შეცვლის პოლიტიკურ მდგომარეობას უკეთესობისკენ.