ივერიონი / თვითჩარეცხილები, ანუ აურზაური მწერალთა სალხინეთში

თვითჩარეცხილები, ანუ აურზაური მწერალთა სალხინეთში

ორი დღის წინ „ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ვწერდი:

 

ის,რაც დღეს საქართველოს მწერალთა ყრილობაზე ვიხილე, არის სრული მარაზმი, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს შემოქმედებასთან - მწერლები ასე არ უნდა იქცეოდნენ...

 

მე არ მაინტერესებს, ვინ რას წერს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვინ დგას ამ ნაწერების უკან!

 

როცა ასეთი სურათის მოწმე ხდები, არ უნდა გიკვირდეს-რატომ ჰყავს ქვეყანას ასეთი უზნეო პოლიტიკოსები და რატომ არის საზოგადოება სულიერად ასე გაძარცული!

 

ყრილობიდან გულდამძიმებულად გამოსულს ერთი აზრი ამეკვიატა: რატომ კლავენ გამიზნულად ქართულ მწერლობას, რატომ იქცნენ ვაჟას, ილიას, აკაკის, გალაკტიონის, კონსტანტინეს და სხვათა და სხვათა შთამომავლები ასეთ სამარცხვინო შოუმენებად, როგორ შეიძლება ამ ტაკიმასხრებს (ყველას არ ვგულისხმობ, ვინც იმ დარბაზში იჯდა) და მათ თანამედროვე, ყველასათვის საყვარელ გურამ დოჩანაშვილსაც ერთი და იგივე სტატუსი ჰქონდეთ და მწერალი ერქვათ. ჩემი გაგებით, მწერალი საკუთარი ერის სარკეა, სადაც ხშირად უნდა ჩაიხედო. ვაგლახ, რომ ეს სარკე დღეს გაბზარულია და ქართული მწერლობა საზოგადოების სულიერი წინამძღოლის ფუნქციას ვერ ასრულებს!

 

მე კვერცხებს არ ვდებ, მაგრამ

ქათამზე უკეთ ვიცი მისი გემო!

 

შეიძლება ვინმე შემომედაოს, რატომ ვაძლევ თავს უფლებას ასე ხელაღებით ვისაუბრო ქართულ მწერლობაზე. მართალია, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება წერა-კითხვას შევალიე, მაგრამ, ჯერჯერობით საკუთარი თავისთვის არ მიმიცია უფლება, ისეთი საქმისთვის მომეკიდა ხელი, სადაც ჩემს ადგილს ვერ ვიპოვი!..

 

მართალია, ამ ბოლო ხანებში პუბლიცისტიკამ (ანალიტიკამ) გამიტაცა, მაგრამ კრიტიკოსობაზე ნამდვილად არა მაქვს პრეტენზია - ჩემი ადგილი ჟურნალისტიკაშია და ვცდილობ ვაკეთო ის, რაც ყველაზე კარგად მეხერხება!

 

თუ ამჯერად კალამი გამექცა და საქართველოს მწერალთა ყრილობის ჩემეული შეფასება მოვინდომე, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმ გულისტკივილის ბრალია, რომელიც ყრილობიდან გამომყვა.

 

ვიდრე ზოგადად ქართულ მწერლობას შევეხებოდე, უპრიანია ყურადღება გავამახვილო იმ ვაკხანალიაზე, რაც 21 ივნისს საქართველოს მწერალთა ყრილობის დარბაზში სუფევდა.

 

ვისაც ჰქონდა „ბედნიერება“ ეხილა, თუ როგორ ტარდებოდა კომპარტიის კონფერენციები თუ ყრილობები, დამეთანხმება, რომ საქართველოს მწერალთა ეროვნული კავშირი იმ ჭაობიდან ჯერაც არ ამოსულა...

 

ხმების დათვლის პრიმიტიულ პრაქტიკას რომ თავი დავანებოთ, საკმაოდ არაადექვატური იყო ყრილობის თავმჯდომარის არჩევის პროცედურაც. თუმცა, ეს ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით ვითარდებოდა და მოსალოდნელი შედეგიც წინასწარვე იყო განსაზღვრული. ოღონდ, იმდენად ხელოვნურად და გულისამრევად თამაშობდნენ, ელემენტარული ღირსების მქონე ადამიანს პროტესტის გრძნობა აუცილებლად გაუჩნდებოდა.

 

ყრილობის დასაწყისშივე ჩანდა, რომ ორი დაპირისპირებული ძალა (მწერალთა ეროვნული კავშირი და მწერალთა აკადემია) უნდა დატაკებოდა ერთმანეთს, თუმცა, ძალთა განლაგება საკმაოდ არათანაბარი ჩანდა მწერალთა კავშირის სასარგებლოდ. იმდენი ბოღმა და აგრესია, რაც იმ დარბაზში „დაიფრქვა“, კარგა ხანია პარტიული გარჩევების დროსაც არ „დამიგემოვნებია“!

 

სხვა თუ არაფერი, მწერალს, თუ რა თქმა უნდა, იგი თავს მწერლად მიიჩნევს, არ ეკადრება ქუჩის დონემდე დავიდეს და თავისი უხამსობით და აგრესიული ჟესტიკულაციებით მოინდომოს თავისი უპირატესობა დაამტკიცოს!

 

თუ ობიექტური ვიქნებით, აგრესია უფრო მწერალთა აკადემიის წევრებისგან მოდიოდა, ხოლო ბრალდებებზე პასუხის გაცემა მწერალთა ეროვნული კავშირის ხელმძღვანელებს უხდებოდათ.

 

მიუხედავად მწერალთა ეროვნული კავშირის თავმჯდომარის ქ-ნ მაყვალა გონაშვილის მრავალგზის განცხადებისა, რომ ეს დღე ექციათ შერიგებისა და ურთიერთპატივისცემის დღედ და ისევ გაერთიანებულიყვნენ, ყური არავინ ათხოვა და სტუმარ-მასპინძლები ჩინებული ბალ-მასკარადის მოწმენი გახდნენ!

 

თუმცა, უმცირესობაში დარჩენილ აკადემიის წევრებს ადამიანურად არც გაემტყუნებათ - ყრილობა მშვიდ გარემოშიც რომ ჩატარებულიყო, შედეგი მაინც იგივე დარჩებოდა - უმრავლესობას ისევ ძველი შემადგენლობის გაყვანა ჰქონდა დაგეგმილი და ნებისმიერ გადაწყვეტილებას უპრობლემოდა გაიტანდა.

უპრიანია დავსვათ კითხვა: რამდენად საჭიროა დახავსებული კავშირის ასეთი ფორმით არსებობა, რა სარგებლობა მოაქვს მას მწერლებისთვის, მითუმეტეს იმ ფონზე, როცა თითქმის 10 წელია მწერალთა კავშირს ბიუჯეტიდან დაფინანსება ოფიციალურად შეუწყდა?!

 

მწერლებისთვის რა მოგახსენოთ, მაგრამ კავშირის ხელმძღვანელებისთვის მისი არსებობა რომ სასარგებლოა, მტკიცება არ უნდა - მწერალთა კავშირი მაინც ძველ ასოციაციას იწვევს - ცოტას, პირდაპირ თუ ირიბად, მერია და კულტურის სამინისტრო ეხმარება, ცოტასაც მიდგებ-მოდგებიან და... ერთი სიტყვით, უღირთ!

 

მაგათ კი უღირთ, მაგრამ, რა საჭიროა ასეთი, ისევ ძველ საბურველში გახვეული შემოქმედებითი კავშირი თანამედროვე ქართული მწერლობისთვის, უბრალოდ არ მესმის?! ისიც ვერ გავიგე, რა აზრი ჰქონდა მწერალთა აკადემიის შექმნას და მწერალთა გახლეჩვას, თუ იქაც მოკლე დროში აირეოდა „მონასტერი!“

 

სიტყვამ მოიტანა და ყრილობაზე საყვედური გაჟღერდა, რომ 10 წელია ბიუჯეტი მწერალთა კავშირს არ აფინანსებს.

 

თქვე კაი დედმამიშვილებო, რატომ გავიწყდებათ, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ვცხოვრობთ, რომლის დროსაც სახელმწიფო „ხელს იბანს“ შემოქმედებითი ინტელიგენციის მეურვეობაზე - ეს სოციალიზმის პირობებში იყო, როცა მწერალს საავტორო ჰონორარი გარანტირებული ჰქონდა და სხვა პრივილეგიებითაც სარგებლობდა - ახლა თქვენი მეურვე ქართული ბიზნესი და უპირველესად, ქართველი მკითხველი უნდა იყოს, რომელიც თანდათან დაკარგეთ. თუ რატომ, ამას ქვემოთ დავუბრუნდები...

 

ალბათ გახსოვთ სოციალიზმის დროს მწერალთა კავშირში შემთხვევითი ადამიანები არ ხვდებოდნენ - კავშირის წევრს გარკვეული კრიტერიუმები უნდა დაეკმაყოფილებინა. თქვენ კი, ვისაც არ ეზარებოდა და კალამს ხელი მოჰკიდა, ყველა გააწევრიანეთ და კავშირი ბალაგანად აქციეთ!

 

ამდენად, სრულიად ვიზიარებ მწერალ ვახტანგ ხარჩილავას პათოსს, რომელმაც გააპროტესტა ეს მავნე პრაქტიკა და კავშირი წევრების ხელოვნურად გაზრდაში დაადანაშაულა (გასაგებია, რისთვისაც სჭირდებოდათ).

 

სხვათაშორის, ერთ-ერთი მწერლის გამოსვლაში გაიჟღერა სიტყვამ „ჩარეცხილები“ - ამით მან გააპროტესტა სააკაშვილის რეჟიმის დამოკიდებულება ქართული მწერლობის მიმართ და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებამ მათ ყველაფერი წაართვა და ფაქტიურად ჩარეცხა.

 

სააკაშვილის რეჟიმს თავისი ცოდვები ისედაც ეყოფა, მაგრამ როცა ძველ სისტემას კბილებით ებღაუჭები და სიყალბისა და სიცრუის მორევში ხარ ჩაძირული, როცა არაფრით განსხვავდები უზნეო პოლიტიკოსებისგან,ჩარეცხილების კი არა, თვითჩარეცხილების მანტია უფრო მოგიხდებათ. ეს სხვათაშორის, ყველაზე  კარგად ჩანდა ყრილობაზე, სადაც ერთი მხარე ბრალდებების, ხოლო მეორე თავის მართლების რეჟიმში იყო გადასული.

 

მინდა გამოვეხმაურო აჭარელი მწერლის დავით თედორაძის სიტყვებს, რომელმაც სინანულით განაცხადა, რომ ქართულ მწერლობას ბევრი მტერი ჰყავს. ჭეშმარიტად ბატონო დავით, მაგრამ ყველაზე დიდი მტერი მაინც ქართველი მწერლები არიან, რომლებიც კვანტის დადებაში და ბოღმისა და გესლის დანთხევაში ეჯიბრებიან ერთმანეთს - ესეც კარგად ჩანდა ყრილობაზე.

 

ის, რომ დღეს ქართველ მწერალს არა აქვს ავტორიტეტი (გულნაზ ხარაიშვილი), არც ხელისუფლების ბრალია და არც ქართველი მკითხველის - როგორც წესი, ავტორიტეტს ადამიანი საკუთარი საქმიანობისა და ცხოვრების წესით იქმნის. იგივე პრინციპი ვრცელდება მწერლებზეც. ქართველმა მწერლებმა კი ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საკუთარი ავტორიტეტის დისკრედიტაცია მოეხდინათ. ამის ერთ-ერთი დასტური ის ვაკხანალიაც გახლდათ, რომელსაც , რატომღაც მწერალთა კავშირის ყრილობა ერქვა... უკვე არარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ვიღაცას „პოეზიის დედოფლობა“ მოუნდა, ვიღაცამ 25-ტომეული სხვების ხარჯზე გამოსცა და თაროზე ჩამოალაგა...

 

ახლა კი ქართულ მწერლობას დავუბრუნდეთ.

რა ადგილი უჭირავს მას დღეს ქართულ საზოგადოებაში?

როგორც სტატიის შესავალში აღვნიშნე, მან ერის სულიერი წინამძღოლის ფუნქცია უკვე დაკარგა - როგორც წესი, მწერალი ყველაზე ადრე უნდა გრძნობდეს ეპოქის მაჯისცემას, ყოველთვის მეწინავე პოზიციაზე უნდა იდგეს. ვერ ვიტყვი, რომ ქართველი მწერლები ამ მისიას დღეს პირნათლად ასრულებენ!..

 

სამწუხაროდ, თავს ვერ მოიწონებს თანამედროვე ქართული ლიტერატურა (როგორც პროზას, ისე პოეზიას ვგულისხმობ!). ტკბილ მოგონებებად დარჩა ჭეშმარიტი შედევრები, რომლითაც ასე იწონებდა თავს ქართული მწერლობა. დღეს ქართველი მკითხველი ქუჩაში რომ გააჩერო და ჰკითხო, რომელი თანამედროვე მწერალი (პოეტი) მოსწონს ყველაზე მეტად და რომელი თანამედროვე ნაწარმოებია მისთვის ისეთი, რომელიც სულს „ცხოვლად“ დააჩნდა, ვერ გიპასუხებთ.

 

აქედან გამომდინარე, ვერ დავეთანხმები ქალბატონ მაყვალა გონაშვილს - მაღაზიაში ბულვარული ლიტერატურა იმიტომ იყიდება, რომ მკითხველის გემოვნება დაქვეითდა. არა, ეს იმიტომ ხდება, რომ ქართველი მკითხველი ჭეშმარიტ ლიტერატურას ვერ პოულობს - მაკულატურამ წალეკა წიგნის ბაზარი.

 

მიუხედავად იდეოლოგიური წნეხისა, იმ ავადსახსენებელ კომუნისტურ ეპოქაში ქართველი მწერლები სწორედ იდეოლოგიურ საბურველქვეშ ახერხებდნენ ღირსეული ლიტერატურის შექმნას. დღეს კი, როცა მწერალი ყოველგვარი იდეოლოგიური წნეხისგან თავისუფალია, საპირისპირო სურათს ვღებულობთ - თანამედროვე ქართული მწერლობა (თუმცა არიან გამონაკლისებიც) მაგისტრალურ ღერძს აცდა და უხამსობის, უნიჭობისა და უგემოვნობის ჭაობში ჩაიძირა!..

 

ის, რომ წიგნი ქართულ ბაზარზე არ იყიდება, მარტო თანამედროვე ტექნოლოგიების (ინტერნეტი) ბრალი არ არის - შექმენით ბატონებო და ქალბატონებო ღირსეული ნაწარმოებები და დარწმუნებული ვარ, მკითხველიც გაგიჩნდებათ. ის რომ ახალგამომცხვარი წიგნების ტირაჟი 100 ეგზემპლარიდან იწყება და 1000-ს არ სცილდება, თქვენი უხერხემლობის ბრალია!

 

განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობაა პოეზიაში. ვისაც არ ეზარება, ყველა პოეტობას იჩემებს. თითქმის ყოველდღე ტარდება პრეზენტაციები გადაჭედილი დარბაზებით, იღვრება და იღვრება უნიჭო „პოეზია“, მაგრამ განმკითხავი არავინაა, რომ ახალგამოჩეკილ პოეტებს უთხრას სიმართლე - ლექსი მარტო რითმების შეთანაწყობა არ არის, ლექსი სათუთი ფენომენია და მასთან თამაში არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, ასეთ ვაი პოეტები მწერალთა კავშირის თუ აკადემიის წევრებიც არიან!

 

მე, როგორც პროფესიონალ გამომცემელს, რომელსაც ყოველდღიური შეხება აქვს უგემოვნო პოეზიასთან, თუ პროზასთან (მინდა, არ მინდა, მაინც მიხდება მათი წაკითხვა), მაქვს საშუალება წარმოდგენა მქონდეს, თუ რა ხდება დღეს რეალურად ქართულ  მწერლობაში.

 

თუ ასე გაგრძელდა, დარწმუნებული ვარ, ქართველი მწერლის იმიჯი ნულამდე დაეცემა, რომლის „ამოქაჩვა“ ძნელი იქნება!

 

დიახ, ბატონებო, მე კვერცხებს არ ვდებ, მაგრამ ქათამზე უკეთ ვიცი მისი გემო!

 

P.S.ცალკე საუბრის თემაა უზნეობამდე დასული პროზა და პოეზია, რომლითაც ძირითადად ახალგაზრდები იკვებებიან, ჩვენდა სამწუხაროდ, ახალგაზრდობა უფრო მეტად იცნობს ზაზა ბურჭულაძის და ირაკლი დეისაძის „შედევრებს“, ვიდრე ყველა ჩვენთაგანისთვის საყვარელ გურამ დოჩანაშვილს. არადა,ქართული მწერლობა თავისი მოწოდების სიმაღლეზე რომ იდგეს, ასეთ სიბინძურეებს ნაკლები გასაქანი ექნებოდა!

 

და საერთოდ, ახალგაზრდობა რომ დისტანცირებულია ქართველ მწერალთა ძველი გვარდიისგან, ეს ნათლად ჩანდა ყრილობაზეც. მათთვის არც არავის მოუსმენია და არც არჩევით ორგანოში მოიძებმა მათი ადგილი!..

 

რაც შეეხება კავშირის ახალ თავმჯდომარეს, არსებითი მნიშვნელობა არა აქვს რევაზ მიშველაძე იქნება თუ მაყვალა გონაშვილი, ან თუნდაც ბაღათურ არაბული  - მწერალთა სალხინეთში არაფერი იცვლება.

 

ზაურ ნაჭყებია

 

23-06-2014, 14:26
უკან დაბრუნება