გვესაუბრება სვეტიცხოველის ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კვარაცხელია.
_ მამა პეტრე, ვიდრე თქვენს ახალ წიგნზე ვისაუბრებდეთ, ცოტა შორიდან დავიწყოთ _ თქვენ ხართ მოძღვარი, რომელმაც პატრიარქის კურთხევით წესი აუგო პაოლო იაშვილს. ეს გადაწყვეტილება, იმხანად, მრევლისთვის ცოტა გაუგებარი იყო, რადგან თვითმკვლელებს ეკლესია არ აკურთხებს. რატომ მოხდა ეს?
_ საეკლესიო სწავლების თანახმად, თვითმკვლელებზე წესის აგება არ ხდება. პაოლო იაშვილი და გალაკტიონი იშვიათი გამონაკლისია, რაც მისი უწმინდესობის კურთხევით დაეშვა და ათეული წლების შემდეგ, გახდა შესაძლებელი მათი ლოცვებში მოხსენიება.
თქვენ იცით, რამდენად მძიმე რეჟიმი იყო მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში და ეს ყველაზე მეტად ქართულ მწერლობას შეეხო. ალბათ გახსოვთ, რა მდგომარეობაში მოიკლა თავი სანადირი თოფით პაოლო იაშვილმა. ეს არის დევნის, შევიწროების, მწერლობაზე უარის თქმის ხანა, რასაც ყველა ვერ უძლებდა, მაგრამ პაოლოს სიკვდილში მხოლოდ პოეტი არა, ის რეჟიმი იყო დამნაშავე, რომლის გამოც მწერალთა კავშირი სროლის ხმამ დაადუმა - თვითმკვლელობას შეუძლებელია ჰქონდეს გამართლება, სასხლეტს ხელს გამოჰკრავ თუ არა, არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია ამის სურვილი არ გაგვიჩნდეს, თუმცა პაოლო შვილისადმი მიწერილ წერილში, გარკვეულწილად, მის ქმედებას სწორ ნაბიჯად თვლის - "ჩემო საყვარელო მედიკო! ჩემო შვილო,ჩემო კარგო მამიკო,ჩემო სიხარულო და ბედნიერებავ! მაპატიე,გემუდარები, მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე,მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე. მთელი ღამე არ მიძინია,დაგჩერებოდი შენ მძინარეს,მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა, და ვერც შენ გადამარჩინე.არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები,დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები,რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა,შენ უფრო უბედური იქნებოდი,რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობელი,ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამდენადმე მაინც გაგიადვილებენ ობლობას.მეტის წერა აღარ შემიძლია. მშვიდობით, მამიკო! მედეა, მედეა, მშვიდობით! ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი თქვი, ეცადე ,სასახელო ქალი გამოხვიდე,გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები". ძალიან მძიმეა ამის მოსმენა, მაგრამ რეალობაა. მიხეილ ჯავახიშვილმა აღნიშნა - ნამდვილი ვაჟკაცი ყოფილაო. ალბათ ასეც იყო. მისი უწმინდესობის კეთილი ნებით, წილად მხვდა პაოლოსთვის წესი ამეგო. ყოველთვის ვიამაყებ ამით...
_ იყო მოძღვარი და იყო პოეტიც, დიდი პასუხისმგებლობაა. როგორ ახერხებთ შეუთავსოთ ერთმანეთს ეს ორი მისია, ისე, რომ არცერთი არ დაზარალდეს?
_ მე სასულიერო პირი გავხდი, პოეტად დავიბადე. არ არის მარტივი, მაგრამ არც რთულია. ორივე ჩემია, ჩემეულია და ვერ წარმომიდგენია სხვაგვარად. ბედუინების ცხოვრება რომ შევისწავლე, გაგება გამიჭირდა, მაგრამ ისინი ამით უსაზღვრო თავისუფლებას და ბედნიერებას ეწევიან. აქლემებით, უდაბნოს მზის ქვეშ დაუსრულებელი ხეტიალი მხოლოდ მათი ჯვარია და სხვა ვერც შეძლებდა. ეს ტკბილი, მსუბუქი ჯვარია. მადლობა უზენაესს ამ ყველაფრისთვის. სასულიერო პირობაც პოეზიაა. ,,ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა"...
_ რამდენიმე დღეში თქვენი ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება. რას სთავაზობთ მკითხველს?
_ ჩემი წიგნი - ,,თიხის ბარათები" დიდი ხანია გამოიცა, მაგრამ წარდგენა არ გამიკეთებია. ახლა ყველაზე მეტად მინდა გულანთებული თვალები დავინახო და მათთან შეხვედრა სწორედ ამიტომ გადავწყვიტე. ასეთი კი უამრავია. ყველა მათგანი ჩემთვის დაუწერელი ლექსის სტრიქონია. არიან ფარისევლებიც, პირმოთნეებიც, თავმდაბალი ამპარტავნებიც, ყალბი მეხოტბეებიც, შურიანი ,,მოკეთეებიც", მაგრამ მესმის. როცა საკუთარი არ გაგაჩნია, ურთულესია სხვისი დაინახო და დააფასო. ეს ცალკე ნიჭია და ყველას არ მოეთხოვება. მათთვის კი, ვდებ პირობას, მამა პეტრე ყოველთვის აქტუალური იქნება. მსმენელს ლექსებს წავუკითხავ დაუღალავად.
_დაგვისახელეთ ერთი ლექსი, რომელიც პოეზიის მოყვარულთა სულს ცხოვლად დააჩნდება.
ანგელოზი რომ ვიყო, შენი სახლის ჩამოშლილ კიბეებს სიხარულით ავირბენდი,
რომ მძინარესთვის დამეხედა და კეთილი ჩემნაირები მესურვა...
ანგელოზი რომ ვიყო, შუაღამით დახშული სარკმლიდან შემოვიპარებოდი
და საწოლთან ჩუმად ვიჯდებოდი დილამდე...
დილის პირველი სხივის შემოჭრამდე გავუჩინარდებოდი...
ანგელოზი რომ ვიყო, შენი თვალებივით ამოვასუფთავებდი ჭაობებს და ფსკერზე
მოფარფატე ბალახებს სამკურნალო თვისებას მივანიჭებდი...
ახალ სამყაროს აღმოვაჩენდი და მის მესაკუთრედ დაგნიშნავდი...
ანგელოზი რომ ვიყო, შენც ანგელოცად გაქცევდი
და შენი სახლის ჩამოშლილ საფეხურებს ფრთებჩაკიფებულები ჩავირბენდით...
ბოლო გაჩერებამდე უკანმოუხედავად ვივლიდით, რომ ვინმეს ეჭვი არ აეღო...
_ პოეტი, თავისთავად, თავისუფალია აზროვნებაში. სად გადაკვეთავს ერთმანეთს პოეზია და ეკლესიის თავისუფლება?
_ მეჩვენება, რომ ამ შეკითხვის უკან ის ადამიანები დგანან, ვისაც ბოლომდე ვერ გაუგია, რა არის სულის თავისუფლება და სწორედ ამიტომ მღვდლობას და პოეზიას ვერ ათავსებენ ერთმანეთთან. რა შეიძლება იმაზე მეტად იყოს თავისუფლების სიმბოლო, ვიდრე ღმერთთან სიახლოვეა?! ეს კი ჩემთვის ლოცვასთან ერთად ლექსითაც მიიღწევა. არ მიყვარს მქადაგებლური ლექსები, რაც ამ ბოლო დროს ხშირია. აკაკი გამახსენდა, თეიმურაზ პირველზე რომ ამბობს, - პოლიტიკაში პოეტობს, პოეზიაში პოლიტიკოსობსო. ზოგ მოძღვარს ვურჩევ იყოს კარგი სასულიერო პირი, ვიდრე ცუდი ლექსები წეროს. ლექსის წერა სულაც არ ნიშნავს პოეტობას. პოეტი ან ხარ, ან არა. ასეთად უნდა დაიბადო. მეცინება, როცა იტყვიან-აღმოვაჩინე, რომ პოეტი ვარ. ამის შემდეგ, მეც აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ცინიკოსი ვარ. მაშინ ეს უკანასკნელიც პოეტურ ნიჭად უნდა ჩავთვალოთ (არ ვიცი ღიმილებს დაბეჭდავთ თუ არა, თორემ ბევრს გამოგიგზავნიდით)...
_ ხშირად ამბობენ, რომ ნამდვილი პოეზია დაიკარგა. რა არის ამის მიზეზი?
მე ასე არ ვთვლი. თანამედროვე ტენდენციები აუცილებელია, მაგრამ არა - უმთავრესი. ,,ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს" ეს დღემდე აქტუალურია. მე ვფქრობ, დღეს მკითხველის პრობლემა უფრო დგას...
_რა არის თქვენი შთაგონების მთავარი წყარო?
არაფერი-ყველაფერზე მეტი...
_ "ივერიონის" მკითხველი, ბოლო დროს, განებივრებულია თქვენი არაორდინალური სტატიებითა და ინტერვიუებით, შეიძლება ითქვას, _ სითამამითაც კი. ხომ არ გექმნებათ პრობლემები, როგორც მოძღვარს, ამის გამო?
ვშიშობ, სხვას არ შეექმნას პრობლემა. მადლობა იმისთვის, რომ ხშირად ვარ თქვენი ყურადღების ობიექტი. თქვენგან არც სითბო მაკლია და არც სიყვარული. ,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის ეს განწირული სულისკვეთება"...
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე