ივერიონი / ლია ელიავა: ვიდრე კომერციული ბანკები ძარცვავენ მოსახლეობას, გაღატაკების პროცესი არ შეჩერდება!

ლია ელიავა: ვიდრე კომერციული ბანკები ძარცვავენ მოსახლეობას, გაღატაკების პროცესი არ შეჩერდება!

ქვეყანაში, სადაც საბანკო დავალიანების გამო თვითმკვლელობაც აღარავის აკვირვებს, არ მეგონა თუ კიდევ რამე გამაოცებდა, ვიდრე “პრივატბანკის” ოფიცერმა არ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემი ვადაგადაცილებული დავალიანების გამო, გარდა იმისა, რომ ნებისმიერ ბანკში ვიბლოკები, სამსახურსაც ვერსად დავიწყებ, რადგან “პრივატბანკის” ურჩი მომხმარებლები ამგვარად ისჯებიან! ჩემი სამსახურის შესახებ რომ შეიტყო, თემა შეცვალა და დეტალებიც აღარ დააკონკრეტა...


საუბარი საბანკო ექსპერტ ლია ელიავასთან ამ თემით დავიწყე:

 


_ ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ “პრივატბანკის” ე.წ. მარწვი ბარათზე (რომელიც თავის დროზე თავად შემომთავაზეს) არსებული ვადაგადაცილების გამო, ყველა ბანკში დაბლოკილი ვარ, მათ შორის იმ ბანკებშიც, სადაც კარგი საკრედიტო ისტორია მაქვს, მაგრამ გსმენიათ თუ არა მსგავსი ფაქტის შესახებ, რომ ვინმე სამსახურში მიღების დროს დაებლოკათ მსგავსი ვადაგადაცილების გამო?


_  წვრილფეხა თანამშრომლების პირადი ინიციატივაა. მსგავსი ფაქტი არ მსმენია, ტყუილი გითხრეს და ამის გამო სრული უფლება გაქვთ, იჩივლოთ. 
გარდა ამისა, გირჩევთ, არასდროს იქონიოთ საქმე პრივატბანკთან, რადგან პრივატბანკს სახელი აქვს გატეხილი როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში. თქვენი ინფორმაცია, როგორც ვადაგადაცილების მქონე მომხმარებლის,  შეტანილია კრედიტინფოს მონაცემთა ბაზაში და მასზე ხელი ყველა კომერციულ ბანკს მიუწვდება.
დააკვირდით: კრედიტინფოს საქმიანობა კანონმდებლობით არ რეგულირდება. რამდენად სწორად მოქმედებენ ისინი? შეიძლება თუ არა მსგავსი ინფორმაცია გახდეს სესხის მიღების დაბლოკვის საფუძველი?_  ამ ყველაფერს ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტები უნდა არეგულირებდეს და უნდა არსებობდეს კანონი საკრედიტო ბიუროების შესახებ.


ვერ დავადასტურებ, რადგან ამ ფაქტებზე ხელი არ მიმიწვდება, მაგრამ სანდო წყაროსგან მაქვს ინფორმაცია, რომ კრედიტინფოს სერვერები საქართველოში კი არა,  რომელიღაც უცხო ქვეყანაშია განლაგებული, მთელი პირადი ინფორმაცია საქართველოს მოსახლეობის შესახებ, რომელიც კანონით უნდა იყოს დაცული, უცხო ქვეყანაში იმყოფება და ვინ აფათურებს იქ ხელს, ან ვინ რაში იყენებს ამ ინფორმაციებს, კაცმა არ იცის!


საფინანსო სექტორი ძარცვავს საქართველოს მოსახლეობას და ეროვნული ბანკი არაფერს აკეთებს ამის აღსაკვეთად. ვიდრე ეს ძარცვა არ დასრულდება, მანამ გაგრძელდება საქართველოს მოსახლეობის გაღატაკების პროცესი.


_ როგორია კომერციული ბანკების საკრედიტო პოლიტიკა და რამდენად რეგულირდება ბანკებისა და მსესხებლის ინტერესები ეროვნული ბანკის მიერ?


_ ყველა კომერციული ბანკი თვითონ განსაზღვრავს თავის საკრედიტო პოლიტიკას და მათი საქმიანობის ბევრი სფერო საერთოდ არ არის რეგულირებული ეროვნული ბანკის მიერ, მაგრამ თუ რამე მაინც რეგულირდება, მხოლოდ იმ მიზნით, _ რომ კომერციულ ბანკებს ჰქონდეთ კომფორტული პირობები და მათ ფინანსურ მდგრადობას საფრთხე არ შეექმნას, მსესხებლის, ანუ ფინანსური მომსახურების მომხმარებლის უფლებები, კი საერთოდ არ რეგულირდება, რის გამოც კომერციული ბანკები თავს უფლებას აძლევენ, გასცენ სესხები სამევახშეო პროცენტით და უზარმაზარი უზრუნველყოფით. განვითარებულ ქვეყნებში ამის უფლებას კომერციული ბანკები თავს არ მისცემენ _ არა იმიტომ, რომ მათ მადა არა აქვთ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კომერციული ბანკების სპეციალური მარეგულირებელი დოკუმენტები, რომლითაც კომერციულ ბანკს და ნებისმიერ სხვა სტრუქტურას ეკრძალება სამევახშეო პროცენტით სესხის გაცემა მოსახლეობასა და ბიზნესზე. 


ჩვენს ქვეყანაში კი მოსახლეობის ინტერესები აბსოლუტურად ამოვარდნილია ეროვნული ბანკის საქმიანობის სფეროდან. შედეგად, კომერციული ბანკები თავს უფლებას აძლევენ, არამარტო ძვირად მიყიდონ ფული მომხმარებელს, არამედ, რეკლამაშიც კი მოატყუონ ისინი, პირდაპირი თუ ირიბი გზით. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის საქმიანობა ფინანსური მომსახურების მომხმარებლის უფლებების და ინტერესების დაცვის თვალსაზრისით, პრაქტიკულად ნულის ტოლია, არადა, მას ქვეყანაში ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა ევალება, რაც  არამარტო კომერციული ბანკების მდგრადობის საკითხს, მხესხებლის გადახდისუნარიანობის საკითხსაც ითვალისწინებს.


თუ გაღატაკდა მსესხებელი და ვერ დააბრუნა კომერციული ბანკისგან აღებული თანხები, ბანკები თანდათან გაკოტრდებიან, ვერ გაუძლებენ ამ წნეხს. გამოდის, რომ პრაქტიკულად, ისინი ჭრიან ტოტს, რომელზეც სხედან, მაგრამ სურვილი იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი მოგება მიიღონ, სამომავლო გათვლებს ვეღარ ითვალისწინებს. ბიზნესს მტაცებლური ხასიათი აქვს, თუ ის არ რეგულირდება, აუცილებლად ავლენს ამ ხასიათს და ჩაგრავს მოსახლეობას. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა, ბანკის ვალების გამო უკვე არაერთი თვითმკვლელობის ფაქტია ცნობილი.


უცხოეთში ბანკს უფლება არა აქვს ვალში აიღოს და გააკოტროს ვიღაცის ბიზნესი, რადგან არსებობს სპეციალური პროცედურები, რომ ბიზნესმენს მიეცეს ვალის თანდათან გასტუმრების საშუალება. ჩვენთან რომ კომერციული ბანკი ართმევს ბიზნესს ადამიანებს, ასეთი რამ ცივილიზებურ ქვეყნებში დაუშვებელია. რაც შეეხება ფიზიკურ პირებს, _ ევროკავშირში არსებობს ევროკომისიის სპეციალური დირექტივები, რომლითაც განსაზღვრულია ფიზიკური პირის მიერ სესხის აღების პროცედურები.


საქართველოს კომერციული ბანკების მიერ, საკრედიტო პროდუქტების მაღალი ფასის შემოთავაზებას განაპირობებს ეროვნული ბანკის მხრიდან ძალიან სუსტი რეგულირება და ფინანსური მომსახურების მომხმარებელთა უფლებების დაცვის უგულებელყოფა.


_ რატომ არ შეიძლება, რომ საზღვარგარეთის პრაქტიკა ჩვენთანაც დაინერგოს?


_ შეიძლება და აუცილებებილიცაა. იმედი მაქვს, რომ საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ ეროვნული ბანკი კეთილს ინებებს და საქართველოს საბანკო საქმიანობას ევროპულ სტანდარტებში მოაქცევს, შემოიღებს იმ რეგულაციებს, რომელიც ევროპაში არსებობს, ისე რომ არ დაზარალდეს არც საბანკო ბიზნესი და არც ამ ბიზნესის მომხმარებელი. ამის გაკეთება შესაძლებელია, ოღონდ დღევანდელი ეროვნული ბანკის პირობებში ეს ძალზე რთულად განსახორციელებელად მეჩვენება.


_ ქალბატონო ლია, რა ბედი ელის ლარის კურსს?


_ ლარი _ ეს არის არაკონვერტირებადი შიდა ვალუტა, რომელიც პირდაპირაა დამოკიდებული აშშ დოლარზე, დამოუკიდებლად კი ლარი შეღებილი ფარატინა ქაღალდია, რომელსაც არავითარი ფასეულობა არა აქვს, თუ საქართველოში უცხოურმა ვალუტამ არ იტრიალა, რადგან საქართველო არ არის ექპორტიორი ქვეყანა. ჩვენ არაფერს ვყიდით და არ შეგვიძლია ჩვენს მიერ გაყიდულ საქონელში მოვითხოვოთ ლარი. ამიტომ, ლარის ავკარგიანობა სრულიად დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია დოლარის კურსი და რა რაოდენობის უცხოური ვალუტა შემოდის საქართველოში.


ამის გამოსწორება შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდის და მოსახლეობის კეთილდღეობის ამაღლების გზით. ეკონომიკურ ზრდაში იგულისხმება _ ეკონომიკის რეალური სექტორის მშენებლობა, მრეწველობა. სოფლის მეურნეობა...


სამომავლოდ, ლარის მდგომარეობა საკმაოდ გართულდება, რადგან ლარის კურსი ყალიბდება სადღაც კულუარებში, კომერციულ ბანკებსა და ეროვნულ ბანკს შორის, ამ პროცესის გაკონტროლება კი აბსოლუტურად შეუძლებელია. ლარის კურსის სიდიდე არის ეროვნული ბანკის ნება-სურვილზე დამოკიდებული მართვადი მაჩვენებელი. იმიტომ ვარდება ლარის კურსი, რომ ის პირდაპირ ინფლაციის მაჩვენებელზეა მიბმული იზრდება ფასები და, შესაბამისად, იზრდება ინფლაციის მაჩვენებელი. ეროვნული ბანკის რეკომენდაციით 2014 წლის ბიუჯეტი გათვლილი იყო 5 პროცენტიან ინფლაციაზე. ამიტომ აძლევს ხელს ეროვნულ ბანკს ლარის კურის დაცემა, რომ გაზარდოს ინფლაციის მაჩვენებელი და მთავრობას ბიუჯეტი შეასრულებინოს.


როცა ხელისუფლებას ლანძღავენ, სახელმწიფო ბიუჯეტს რატომ არავინ ახსენებს? რატომ არავინ კითხულობს, ვინ იყო ფინანსთა სამინისტროს მრჩეველი და ვინ ურჩევდა ამ მოცულობის ხარჯებსა და შემოსავლებს 5 პროცენტიანი ინფლაციის გათვლაზე? თუ ბიუჯეტს პრობლემები ექმნება, ეს ეროვნული ბანკის დიდი წვლილია. ლარის კურსის ბედ-იღბალი აბსოლუტურად ეროვნული ბანკის ნება-სურვილზე და საქართველოში შემოსულ უცხოურ კაპიტალზეა დამოკიდებული.


_ სად ხედავთ გამოსავალს, ქალბატონო ლია?


_  გამოსავალი არის კომერციული ბანკების მკაცრი რეგულირება ეროვნული ბანკის მხრიდან და ამ რეგულირების მისადაგება ევროპულ ქვეყნებში არსებულ რეგულირებასთან. დაცული უნდა იყოს კომერციული ბანკიც და მისი მომხმარებელიც.


არ ვიცი რამდენად სწორი ინფორმაციაა, მაგრამ ერთ-ერთი გამოცემის საშუალებით გავიგე, რომ,  თურმე, “თიბისი” ბანკის პრეზიდენტ მამუკა ხაზარაძეს არ მოსწონს, რომ საქართველოში იქმნება სახელმწიფო განვითარების ბანკი. ვიდრე ბიზნეს-სტრუქტურები უკარნახებენ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს რა უნდა აკეთონ, ვიდრე მოსახლეობის ძარცვა არ შეწყდება, არაფერი გვეშველება და მუდამ უღარიბეს ქვეყანათა რიცხვში დავრჩებით.


ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

25-06-2014, 11:17
უკან დაბრუნება