რა საფრთხის შემცველია მოსალოდნელი რეფერენდუმის გამოცხადება სამაჩაბლოში და ჰქონდა თუ არა შანსი ხელისუფლებას, მმართველობის თითქმის ორი წლის განმავლობაში, რუსეთთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე? _ ექსპერტები: ვაჟა ბერიძე და სოსო ცინცაძე გვიპასუხებენ:
ვაჟა ბერიძე:
_ რომელ რეფერენდუმზეა ლაპარაკი, რა მიმართულებით ან რა მიზნით უნდა გამოცხადდეს რეფერენდუმი, მაშინ, როცა ადამონ ნიხასიდან ერთიან ოსეთამდე აბსოლუტურად განსხვავებული გზაა. თუ ერთი საუბრობდა თავისუფლებაზე, რომელიც ქართველებთან თანაცხოვრებაში მოიაზრებოდა, დღეს საუბარია რუსეთის სახელმწიფოსთან შეერთებაზე, ანუ ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის ფაქტიურ დაკანონებაზე. რაც, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელია და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკაფიო და მკვეთრი პოზიციის დაფიქსირებას საჭიროებს. რადგან, "დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახე"_ რუსეთთან მიმართებაში აშკარად არ ამართლებს. მიზანმიმართული და ერთმანეთთან ლოგიკურად დაკავშირებული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე მთავრობის მხრიდან. სტრატეგიაა შესამუშავებელი, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, როგორ დაუსჯელად მოქმედებს რუსეთი უკრაინასთან მიმართებაში და როგორი უსუსურია დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თვალსაზრისით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართველ ლიდერებს უნდა ჰქონდეთ თავიანთი ხაზი და თავიანთი პოლიტიკა, რაც სულაც არ გულისხმობს უანგარიშო დათმობებს რუსეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი დიდი და ძლევამოსილი იმპერიაა, ყველა ფაქტსა და მოვლენაზე, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უკავშირდება, მკაფიო რეაგირება უნდა ხდებოდეს, როგორც ქვეყნის შეგნით, ასევე საერთაშორისო არენაზე.
_ რუსეთისა და საქართველოს პირველი პირების შეხვედრა ასე მარტივი გადასაწყვეტი არ არის. შეხვედრის ორგანიზებას აფერხებს ერთის მხრივ, ევროატლანტიკური კურსის შეუქცევადობა, მეორე მხრივ, ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება რუსეთის მხრიდან და სხვა უამრავი პრობლემა, უპირველეს ყოვლისა, კი - დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა. ერთხელ ვთქვი, რომ პირველი შეხვედრა უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის და უმჯობესია გაიმართოს პუტინსა და მარგველაშვილს შორის. შემდეგ, უკვე, ირაკლი ღარიბაშვილი და პუტინი უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და რმდენად მძიმეც უნდა იყოს ეს დიალოგი, რამდენად ღირსების შემლახველიც უნდა იყოს ჩვენი ლიდერებისთვის, _ უნდა შედგეს, აუცილებლად, რადგან სასწორზე დევს საქართველოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა, პერსპექტივა. ყველაფერზე უნდა წავიდეთ, მათ შორის _ პოლიტიკური ქულების დაკარგვაზე, უხერხულობებზე, რეიტინგების დაქვეითებაზე და ა.შ. და რუსეთთნ ურთიერთობა უნდა დავიწყოთ. მაქსიმალურად უნდა დავაჩქაროთ ეს პროცესი, რადგან ყოველი დღე, ყოველი თვე და წელი სულ უფრო აშორებს საქართველოს თავის ისტორიულ რეგიონებთან, რაც, ხელს აძლევს, რუსეთს და დასავლეთს, მაგრამ საქართველოსთვის დამღუპველია.
სოსო ცინცაძე:
_ 7-8 თვეა ლეონიდ თიბილოვი ყოველ მეორე გამოსვლაში ამ რეფერენდუმს ახსენებს, მაგრამ მას არც იურიდიული და არც მორალური ძალა არ ექნება, ვინაიდან ქვეყნის მხარის მოსახლეობის 15-20 პროცენტია ადგილზე დარჩენილი, სადაც ერთი ქართველიც კი აღარ არის. რისი რეფერენდუმი? რა რეფერენდუმი? _ სასაცილოა ეს ყველაფერი, ყურადღებასაც კი არავინ მიაქცევს. დომბასში, ლუგანსკში და დონეცკში ვერ გაბედა პუტინმა რეფერენდუმის გამოყენება, რაც მისთვის მართლა გემრიელი ლუკმა იქნებოდა. ახლა მისი მთავარი ამოცანაა, როგორმე ყირიმი მოინელოს. პუტინისთვის ძალიან ცუდი დრო შეარჩია თიბილოვმა თავისი სულელური ინიციატივის განსახორციელებლად. რადგან პუტინი ახლა ავსტრიაშია და ძლივს იგერიებს ჟურნალისტებს, რომლებიც გამუდმებით ეკითხებიან ანექსიაზე, სხვისი მიწების მიტაცებაზე, და ა.შ. ახლა კიდევ სამხრეთ ოსეთი? _ როგორ გეკადრებათ, ეს გამორიცხულია, ამ ეტაპზე მაინც.
_ აქამდეც შესაძლებელი იყო საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა, რასაც ბიძინა ივანიშვილი თავიდანვე არ გამორიცხავდა, მაგრამ გასათვალისწინებელი იყო როგორც საშინაო, ასევე საგარეო ფაქტორი, _ ხომ გახსოვთ, დასავლეთმა ერთი წივილ-კივილი დაიწყო მაშინ, რომ საქართველომ საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალა, აქეთ "ნაციონალებმა" ატეხეს მთელი უბედურება და ჩაიარა ამ ამბავმა. ამიტომ, თუ რუსეთთან მართლა გვინდა ურთიერთობების დალაგება, პირველი პირები უნდა შეხვდნენ ერთმანეთს. ზურა აბაშიძე რომ თავისთვის რაღაცას ცდილობს, მაია ფანჯიკიძე კი ეჭვის თვალით უყურებს, რომ შემთხვევით აბაშიძე დიპლომატიის სფეროში არ შეიჭრას და "ბორჯომსა" და პეტრუშკა- წიწმატის საკითხებს არ გაცდეს, _ ასე არაფერი გამოვა. აუცილებლად უნდა გვქონდეს პროდასავლური კურსიც, მაგრამ თუ მართლა გვინდა დაბალანსებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, პირველ რიგში, რუსეთთნ მოლაპარაკებები უნდა დავიწყოთ.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე