ივერიონი / ოფიციალური მიღება თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში

ოფიციალური მიღება თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში

   ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის (GDSG) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სახელით ოფიციალური მიღება გაიმართა. GDSC ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. კონფერენციის მონაწილეები უკვე ბათუმში იმყოფებიან. ღონისძიებაზე ირაკლი ალასანიამ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ნაყოფიერი მუშაობა უსურვა.

   -"ბათუმში იხსნება საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად ტარდება და წლევანდელი წელი გამორჩეულია იმით, რომ არის მაღალი საერთაშორისო წარმომადგენლობა, მინისტრები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები. კონფერენცია ძირითადად რა თქმა უნდა, ჩვენს რეგიონალურ, ევროპის უსაფრთხოებას და უსაფრთხოების არქიტექტურას შეეხება. დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან ღია, გულწრფელი, ინტელექტუალურ-პოლიტიკური დებატები, თუ რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს საკუთარი უსაფრთხოების ინტერესების დაცვისთვის ევროპამ, როდესაც ასეთი მზარდი რუსული აგრესია შეიგრძნობა მთელს რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო შეკითხვა დაისმება და ძალიან მრავალი პასუხიც გაეცემა იმ შეკითხვებს, რომელიც ჩვენ ყველას, როგორც რეგიონს, როგორც მსოფლიოს ცივილიებულ ნაწილს გვაღელვებს"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ მედიის წარმომადგენლებთან.

   კონფერენცია ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საერთაშორისო ფორუმს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციის დახურვაზე სიტყვით გამოვა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

   ფორუმის მონაწილეები ორი დღის განმავლობაში ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოება, ნატოს გაფართოება, დაგეგმილი სამიტი უელსში, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები, ISAF-ის ოპერაცია და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა.

   თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია მეცხრედ ტარდება. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. საქართველოს თავდაცვის კონფერენცია ჩამოყალიბდა უსაფრთხოების პოლიტიკის ფორუმად სამხრეთ კავკასიაში, რომელიც მიმოიხილავს როგორც უსაფრთხოების, ასევე თავდაცვის სფეროს მიმდინარე და სამომავლო გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს, როგორც რეგიონული ასევე, საერთაშორისო კუთხით.

27-06-2014, 10:11
უკან დაბრუნება