ივერიონი / მარიამ კვარაცხელია: არავის აქვს უფლება, ადამიანს არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს!

მარიამ კვარაცხელია: არავის აქვს უფლება, ადამიანს არჩევანის თავისუფლება შეუზღუდოს!

ამ ბოლო ხანებში სოციალურ ქსელში საკმაოდ კრიტიკული სტატუსები და კომენტარები გამოჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას ქალიშვილი - მარიამ კვარაცხელია სამოდელო სტუდიაში დადის. განსაკუთრებული კრიტიკა მოჰყვა მის ბოლოდროინდელ ფოტოებს. ოპონენტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მოდელობა მღვდლის ქალიშვილის საქმე არ არის - ეს წინააღმდეგობაში მოდის ეკლესიურ დოგმებთან.

 

"ივერიონი" აღნიშნულის თაობაზე თავად მარიამ კვარაცხელიას ესაუბრა, რომელსაც ახლა გთავაზობთ. მოგვიანებით კი, ამ საჩოთირო თემაზე სასულიერო პირების კომენტარსაც შემოგთავაზებთ:

- მარიამ, სოციალურ ქსელში შენი ფოტოების გამოჩენამ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ბევრი ამბობს, რომ მღვდლის შვილი პოდიუმზე არ უნდა გამოდიოდეს.

 

-ამ მოსაზრებას, არ ვეთანხმებირადგან ვთვლი, რომ პოდიუმზე გამოსვლაში მიუღებელი არაფერია, განსაკუთრებით კი ჩემს ასაკში, ამაში ჩემი ოჯახიც მიწყობს ხელს. გავიზრდები და შეხედულება ბევრჯერ შემეცვლება - მოდელობა და ცეკვა სულაც არ იქნება ჩემი ძირითადი პროფესია. მე ძალიან განათლებულ ოჯახში ვიზრდები და ვიცი, რატომ არის მნიშვნელოვანი წიგნიერება. მამას არავინ დახმარებია. ყველაფერს თავისით მიაღწია და მეც სურვილი მაქვს ჩემით გავიკვალო გზა!..

 

-როგორ ფიქრობ, ეწინააღმდეგება თუ არა ქრისტიანული ეკლესიის დოგმებს შენი დღევანდელი საქმიანობა?

 

მოდელობა სულაც არ არის ჩემი დღევანდელი საქმიანობა, თუმცა, მაინც ვიტყვი, რომ ქრისტიანულ დოგმებს სრულებითაც არ ეწინააღმდეგება, რადგან ქრისტიანობაში მთავარია ყველა გიყვარდეს და ბოროტებას არ სჩადიოდე, ბედნიერებას ანიჭებდე ირგვლივ მყოფთ და შენც ბედნიერი იყო. მოდელობა კი ამაში ხელს ნამდვილად არავის უშლის ... მე ვფიქრობ, პირიქით, უწყობს ხელს სიკეთის ქმნაში. მაგალითად, ალესანდრა ამბროსიო ბავშვთა სახლს და მოხუცთა თავშესაფარს ყოველთვიურად ურიცხავს თანხას.

 

პოდიუმი ჩემი ცხოვრების რაღაც ეპიზოდია. პროფესია კი აუცილებლად მექნება და, არა მხოლოდ ერთი...

 

-ვიცი, რომ ცეკვავ, რაც ასევე არაერთგვაროვნად აღიქვა საზოგადოებამ. შენი აზრით, რატომ მოხდა ასე, ქრისტიანული რელიგია ცეკვას ხელოვნებად არ აღიქვამს?

 

-ცეკვით უკვე 9 წელია ვცეკვავ, აქედან 5 წელი კი ანსამბლ "ბასიანში" დავდიოდი, სადაც, ცეკვის გარდა, უამრავი სხვა რამ ვისწავლე, რაც ჩვენი პედაგოგის, ირაკლი ცერცვაძის, დამსახურებაა.

 

ჩვენ რეპეტიციას ყოველთვის ლოცვით ვიწყებდით და ლოცვითვე ვამთავრებდით, თუმცა საზოგადოება მხოლოდ იმას ამბობს, რომ ცეკვიდან სხვადასხვა ქვეყანაში მივდიოდი, რაც მათი აზრით, მღვდლის შვილს არ შეეფერება,მაგრამ ისინი ვერ ხვდებიან იმას, რომ ქართულ ცეკვაში მთელი ჩვენი ისტორიაა აღწერილი და ჩვენც ვცდილობთ, ჩვენი კულტურა სხვა ეროვნების ხალხებსაც გავაცნოთ.

საზღვარგარეთის გარდა, საქართველოშიც ვაწყობდით კონცერტებს, მივდიოდით  ბავშვთა სახლებში და ვცდილობდით, ერთი დღე მაინც გაგველამაზებინა მათთვის. საბედნიეროდ, ეს გამოგვდიოდა და ბავშვებს ბედნიერებას ვანიჭებდით , რაც, თავისთავად, ქრისტიანული საქციელია. სხვა რაა ქრისტიანობა, თუ არა სხვებისთვის ბედნიერების მინიჭება?!

 

-შენი აზრით, რამდენად შეუშლის ხელს შენი საქმიანობა მამაშენს, სვეტიცხოვლის ტაძრის დეკანოზს, მამა პეტრე კვარაცხელიას სასულიერო მოღვაწეობაში?

 

-პირველ რიგში, მინდა ვთქვამე ვამაყობ იმით, რომ მამაჩემი მამა პეტრეა. ის არა მარტო განათლებული მოძღვარია, არამედ შესანიშნავი პოეტი და შეუდარებელი მამაა... შესაძლებელია, ჩემმა საქმიანობამ მას ხელი შეუშალოს, რადგან საზოგადოება ჩემს თითოეულ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, კრიტიკულად აღიქვამს. მამამ თავისი ცხოვრების არჩევანი თვითონ გააკეთა, მეც მაქვს უფლება, თავად წარვმართო ჩემი მომავალი. არ ვაპირებ ისეთი რამ ჩავიდინო, რაც მარადიულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოვიდეს...

 

 -ეთანხმები თუ არა იმ მოსაზრებას, რომ მამაშენი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია, არაორდინალური მოძღვარია,რომელიც მოძველებული საეკლესიო დოგმების რღვევას ცდილობს და შენი დღევანდელი საქმიანობაც ამის დასტურია?

 

-ჯერ არ მაქვს არჩევანი ბოლომდე გაკეთებული, თუმცა, მოდელობა აუცილებლად იქნება ჩემი ერთ-ერთი პროფესია მაინც.

 

მამაჩემი, რა თქმა უნდა, ამაშიც ხელს მიწყობს, რადგან ესმის, რომ მოდელობა არ არის, უბრალოდ, პოდიუმზე სიარული  რომელიმე ცნობილი ბრენდის სამოსით, ამიტომ აქედანვე დავყავარ სამოდელოზე, სადაც უსაყვარლესი მასწავლებლები მყავს: ლალი, სოფო და ირინა, თუმცა ბოლო დროს, სამწუხაროდ, ვეღარ ვახერხებდი სიარულს და... სექტემრიდან აუცილებლად ვეცდები ავანაზღაურო ეს დანაკლისი პარალელურ რეჟიმში მოვემზადო ფრანგულ ენაში, რადგან საფრანგეთი მოდის ქვეყნად მიმაჩნია და ჩემი ერთერთი მიზანია პარიზში კარიერული განვითარება.

 

-რა გირჩიათ მამამ, როცა შენი პროფესიული არჩევანის შესახებ შეიტყო?

 

-მართლმადიდებლობა თავისუფლებაა. არავის აქვს უფლება, ადამიანს არჩევანის საშუალება შეუზღუდოს. ჩემთვის მაგალითი ჩემივე მშობლები არიან. ბედნიერი ვარ, რომ ამ ოჯახში დავიბადე. ჩვენ ექვსი დედ-მამის შვილები ვართ. აქედან არავის სურს ანაფორის ჩაცმა. დაჩი-ჩემი ძმა ფეხბურთზე დადის. მამა ყოველთვის გვიტოვებს არჩევანის საშუალებას. ის, რომ მამაჩემი მღვდელია, არ ნიშნავს იმას, მაინცდამაინც სასულიერო გზას უნდა დავადგე. და, საერთოდ, სულიერება ძალიან ინტიმური საკითხია. ძალიან შინაგანია...

 

-შენი აზრით, აქვს თუ არა მორალური უფლება მღვდლის ქალიშვილს,მიუხედავად ეკლესიის დოგმებისა, დაიმკვვიდროს თავი იმ სფეროში, რომელიც სურს?

 

შენს შემთხვევაში, ლახავს თუ არა საზოგადოება და ეკლესია ადამიანის პიროვნული თავისუფლების პრინციპებს?

 

-... ეკლესია არა, არასწორი ეკლესიური სწავლება ლახავს, მაგრამ აქაც გამიმართლა. მე ოჯახში ვსწავლობ ყველაფერს....

 

-რა უნდა მოხდეს, რომ შენს არჩევანზე უარი თქვა და თავი გაანებო პოდიუმსა და ცეკვას?

 

-უბრალოდ - უნდა მომბეზრდეს. შეიძლება ასეც მოხდეს. სხვა შემთხვევაში - უარს არ ვიტყვი და, თუ უარი ვთქვი, მიზეზი მხოლოდ ჩემი პიროვნული სურვილი იქნება.

 

ესაუბრა ია ჯღარკავა

27-06-2014, 12:24
უკან დაბრუნება