ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების დადებით და უარყოფით გამოწვევებზე გვესაუბრება ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე:
_ ნებისმიერი შესაძლებლობა, რომ გარკვეულ შეღავათიან პირობებში გახვიდე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მოცულობით ბაზარზე, თავისთავად, ძალიან კარგია, მაგრამ იმისათვის, რომ ამ ხელშკრულების სიკეთეები გამოიყენო, შენი ქვეყანა ევროპული ბაზრის შესაბამის პარამეტრებში უნდა მოიყვანო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელშეკრულება მხოლოდ ფარატინა ქაღალდია და მეტი არაფერი. ჯერ-ჯერობით საქართველოში ძნელად თუ შეიძლება ეწოდოს საბაზრო ეკონომიკა იმას, რაც არის.
_ საზოგადოების ნაწილის აზრით, ამ ხეშკრულების გაფორმებით აფხაზეთისა და ცხინვალის საბოლოოდ დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგებით. რას იტყოდით ამაზე?
_ ქართული პოლიტიკა 22 წელია, საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. რისკების არანაირი გათვლა არ ხდება. დღევანდელი სიტუაციაც ისეთია, რომ არავინ ითვლის მის დადებით და უარყოფით მხარეებს, არავინ ითვლის რეალურ რისკებს.
უბრალოდ, თავქუდმოგლეჯილი ვაკეთებთ იმას, რასაც ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზიანი მოაქვს. ეს არის კონკურენტული ბრძოლა დიდ სახელმწიფოებს შორის და კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დაუნდობელ და ხისტ ბრძოლაში განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რომ ქვეყანა საფრთხეების წინაშე არ დავაყენოთ. ჯერ-ჯერობით, საქართველოში არაფრის საფრთხე არ არის მოხსნილი. რისკები ძალიან მაღალია!..
_ ბატონო დემურ, ის ფაქტი, რომ მოხსნილია მორატორიუმი მიწის მიყიდვაზე და ნებისმიერ უცხოელს შეუძლია საქართველოში მიწის შეძენა, ერთ-ერთი პირობა ხომ არ არის იმისა, რასაც ეს ხელშეკრულება და სამომავლოდ, ევროპულ ოჯახში გაწევრიანება გვავალდებულებს?
_ არანაირი ასოცირების ხელშეკულება არ ღირს იმ დანაშაულად, რაც საქართველოს წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა და ჯერ-ჯერობით ახალმა ხელისუფლებამ ვერაფრით გამოასწორა!
უპასუხისმგებლო საკონსტიტუციო სასამართლომ გააკეთა ის, რაც პოლიტიკურად მოტივირებული იყო გარკვეული ჯგუფების მიერ. ასე, რომ მორიტორიუმის მოხსნა და ხელისუფლების მხრიდან ამ საკითხის დაურეგულირებლობა დიდი დანაშაულია... არავის სჭირდება ისეთი ასოცირების ხელშეკრულება, თუ საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი უნდა დაკარგოს.
სამწუხაროდ ხელისუფლებებს არ ყოფნით პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი ქვეყნის კეთილდღეობაზე იფიქრონ.
თუ ქვეყნის პოლიტიკა იმ პოლიტიკურ და ეკონომიკურ მოდერნიზაციაზე არ იქნება ორიენტირებული, რამაც საქართველოს მოქალაქის ნიჭი და უნარი უნდა გახსნას და თავისუფალი შრომის საშუალება მისცეს, არაფრის მომტანი არ იქნება ეს ხელშეკრულება, თორემ ერთი წლის შემდეგ ნახავთ მის შედეგებს.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე