ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებმა, ასე ვთქვათ, სანახევროდ ჩაიარა. მეორე ტური არამარტო ჩვენი ბიუჯეტის, ,,ოცნების" ზედმეტი თავისტკივილიცაა, თუმცა მმართველი პარტია იხტიბარს არ იტეხს და მისთვის არცთუ სასურველ შედეგებს დემოკრატიის მონაპოვრად გვასაღებს.
დემოკრატიის რა მოგახსენოთ, მაგრამ თუნდაც იმ ფაქტებს, რაც გურჯაანსა და ყვარელში მოხდა, აშკარად გარიგების სუნი უდის - "გაოცნებებული" "ნაცები" გულში მჯიღს იცემენ და სადაცაა ხელისუფლებაში წამოჯდებიან. არადა, მათი კანდიდატურები ხომ თავად ,,ქართულმა ოცნებამ" წარადგინა?!..
ადეიშვილისა და ღვინიაშვილის კლანი ჯერაც პოლიტიკური ბრძოლის ასპარეზზეა და კახეთში სიტუაციებს მშვენივრად აკონტროლებს.
ასე, მაგალითად, ყვარლის საკრებულოში, "ნაციონალური მოძრაობიდან" 6 წევრია გასული, 4 პარტიული სიით და 2 მაჟორიტარად. ძველი საკრებულოს 2 წევრი, ალი ალიევი და ირაკლი გელაძე (ეს ის პიროვნებები არიან, ვინც დავით ქევხიშვილის იმპიჩმენტში მიიღეს მონაწილეობა), სიაში თავად ,,ოცნებამ" ჩაწერა. ორიც დამოუკიდებელ კანდიდატად გავიდა, აქედან ერთ-ერთი, თამაზ გუგოშვილი, მარიკა ვერულაშვილის მამიდაშვილია.
როგორც ყვარლელები ამბობენ ამ ადამიანს ,,ქართული ოცნება" არაოფიციალურად უჭერდა მხარს. საარჩევნო მარაქაში, სოფელ მთისძირიდან, ზურაბ ადეიშვილის მამაც გაერია და კიდევაც გაიმარჯვა.
აბა, რა! შვილის ნაჭამმა ტყემალმა მამას რატომ უნდა მოჭრას კბილი?!
ერთი სიტყვით, ყვარლის ახლადარჩეულ საკრებულოს ნაციონალების დროინდელი 10 წევრი ამშვენებს. აი, ასე დამთავრდა ნაც-ქოცური კოაბიტაცია. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა!
ზეინაბ გეთიაშვილი