ივერიონი / ჯუმბერ პატიაშვილი: ამ დანაშაულს თაობები არ გვაპატიებენ!

ჯუმბერ პატიაშვილი: ამ დანაშაულს თაობები არ გვაპატიებენ!

ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებს აფასებს ყოფილი პარლამენტარი, ჯუმბერ პატიაშვილი:


_ ბატონო ჯუმბერ, ორიოდე დღის წინ ქვეყანამ საზეიმოდ აღნიშნა ევროპასთან ინტეგრირებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი. თქვენი აზრით, რას გვავალდებულებს და რას მოუტანს ეს ხელშეკრულება საქართველოს?


_ ხშირად ზომიერების განცდა გვღალატობს. ევროპასთან ასოცირებაზე ხელმოწერა, თავისთავად,  დადებითი მოვლენაა, მაგრამ არა ისეთი, როგორაც ჩვენ წარმოგვიდგინეს. ეს მოითხოვს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას სხვა ქვეყნების წინაშე,  ჩვენ თვითონ კი ჩვენი ქვეყნისთვის რას გავაკეთებთ, _ მეორე საკითხია. ევროპისკენ ჩვენი ქვეყანა დიდი ხანია ისწრაფვის, მაგრამ ერთმორწმუნეობამ დაგვანახა, რომ საჭიროა ის ურთიერთობები, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება.


არაერთ ქვეყანას, მრავალი წელია, ხელი აქვს მოწერილი ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე, მაგრამ დღემდე ევროკავშირში ვერ შევიდა, რადგან ევროკავშირს ისეთი კრიტერიუმები აქვს, რომლის შესრულებაც არ არის მარტივი. მოიკითხეთ, ერთი, როგორი ავტორიტეტით სარგებლობენ თავიანთ ქვეყანაში ის უცხოელი მქადაგებლები, რომლებიც გვარწმუნებენ, რომ საქართველო ევროკავშირში ასოცირებისთვის მზად არის. თუ მზად ვართ, ამაში მალე დავრწმუნდებით. დღეისათვის იმის თქმა, რომ ეს ხელშეკრულება გადაარჩენს საქართველოს, არასწორია, მით უფრო თუ იმ დანაშაულებრივ ქმედებებს გავითვალისწინებთ, რომელიც კანონმდებლობის თვალსაზრისით ჩვენს სოფლის მეურნეობას ეხება.


საქართველოს იმპორტირების ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი საშუალებაა  სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია, რაზეც ჩვენ ნებაყოფლობით ვამბობთ უარს.  იმ მიწისთვის, რაც ჩვენმა წინაპრებმა სისხლით შეინარჩუნეს, თავად ვერ მოგვივლია და უცხოელებს ვურიგებთ. ამაზე დიდი დანაშაული რა უნდა იყოს?


_ სწორედ ამ თემაზე მინდოდა, მეკითხა. როცა პარლამენტი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების უცხოელებზე გასხვისებას განიხილავდა, სამი დეპუტატიდან, ერთ-ერთი თქვენ იყავით ამ კანონპროექტის წინააღმდეგი. გუშინდელ პატრიარქის ქადაგებაში ნათქვამია, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობები, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, ერთ-ერთი მათგანი ქართული მიწაა. თუმცა, მანამდეც, ვფიქრობ, ეს ყველასთვის გასაგები უნდა ყოფილიყო...


_ დიახ, წინააღმდეგი წავედი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს არის 21- საუკუნის ტრაგედია, რომელსაც შეფასება სჭირდება, ეს არის დანაშაული, რასაც თაობები არ გვაპატიებენ. პოლიტიკოსები, რომლებიც წლების განმავლობაში მართავდნენ ქვეყანას, თვლიდნენ, რომ სოფლის მეურნეობა საერთოდ არ იყო საჭირო. მართავდნენ და დღესაც მართავენ, სამწუხაროდ, საქართველოს სინგაპურიზაციის მომხრე ადამიანები. არც ისინი და არ მათი ტაშისმკვრელები მე ქართველებად არ მიმაჩნია. ამ ადამიანებს საქართველო არ უყვართ და არ უნდათ, საერთოდ.

მცხეთაში ჩემს მეზობლად, 60-ოდე კვადრატული მეტრი გასაყიდი მიწა იყო დარჩენილი და ისიც ისე მიუყიდიათ უცხოელისთვის, არავის არაფერი გაგვიგია.თუ  ხალხმა ხმა არ ამოიღო და თავისი დამოკიდებულება არ გამოხატა ამ საკითხის მიმართ, ძალიან მალე ქართულ მიწებს, სრულიად, უცხოელები დაეპატრონებიან!

ყველა ის პიროვნება, რომელიც საქართველოს ძირძველი ტრადიციების წინააღმდეგია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნაწილ-ნაწილ ყიდის, არის მოსყიდული უცხო ქვეყნის აგენტების მიერ და მათ არაფერი ეროვნული არ გააჩნიათ!

 

ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

30-06-2014, 14:41
უკან დაბრუნება