ივერიონი / ვახტანგ ძაბირაძე: თუ დღეს ყველაფერს გავყიდით, ხვალისთვის შთამომავლობას ყველაფრის გარეშე დავტოვებთ.

ვახტანგ ძაბირაძე: თუ დღეს ყველაფერს გავყიდით, ხვალისთვის შთამომავლობას ყველაფრის გარეშე დავტოვებთ.

რას მოგვიტანს ახლო მომავალში ქართული მიწების უცხოელებზე უკონტროლო გაცემა და რას გვავალდებულებს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება, სახელმწიფოს საკონსტიტუციო კომისიის წევრი, პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:


_ პატრიარქის ნათქვამი, რომ გაგვაჩნია ფასეულობები, რომლის გაყიდვაც არ შეიძლება, უდავოა და სრული ჭესმარიტებაა, რადგან თუ ჩვენ დღეს ყველაფერს გავყიდით, ხვალისათვის შთამომავლობას ყველაფრის გარეშე დავტოვებთ.


დღეს, ფაქტიურად, კი არ ვყიდით, ვჩუქნით ვიღაცებს მიწას, არადა, არც იმდენი რაოდენობის მიწები გვაქვს, რომ გასასხვისებელად გვემეტებოდეს. ამიტომ, მთავრობამ იმაზე კი არ უნდა იზრუნოს, რომ რაღაცნაირად, მიწა გაყიდოს, არამედ იმაზე, რომ _ ფედერალური მეურნეობები განავითაროს და ამ მიწებში ინვესტიციები ჩადოს, რომ მომავალ თაობებს შევუნარჩუნოთ ის, რაც ჩვენ ჩვენი წინაპრებისგან მივიღეთ. მიწა, წყალი და ჰიდრორესურსები ის რესურსებია, რაც მომავლის საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება.


ევროპულ ქვეყნებში ყველამ მოძებნა ამ  რესურსების შენაჩუნების შესაბამისი ფორმა და დროა, ჩვენც ვიფიქროთ ამაზე. შეიძლება, გასცე იჯარით, მოძებნო სხვა ათასი საშუალება, მაგრამ ეს რესურსები არ უნდა გასხვისდეს და თუ მაინც გასხვისებულია, მისი მფლობელი მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს.
გარდა ამისა, კერძო ინვესტორს კი არა, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ჰიდროელექტროსადგურების 51 პროცენტიანი პაკეტი, რადგან ის, ქართველ ხალხს ეკუთვნის და არა რომელიმე პარტიას, ან ხელისუფლებას.


_ ბატონო ვახტანგ, რას გვავალდებულებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება და რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?


_ ეს არის არჩევანი _ გვინდა, რომ გავხდეთ ცივილიზებული სამყაროს წევრი, თუ გვირჩევნია დავრჩეთ სადღაც გარდამავალ ეტაპზე? დღეს რუსულსა და ევროპულს შორის გვიწეევს არჩევანის გაკეთება, მაგრამ რომ არა რუსული ფაქტორი და საფრთხეები რუსეთისგან, განა ევროკავშირში და ცივილიზებულ საზოგადოებაში ყოფნა არ უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ერისთვის სასურველი?


ევროკავშირი არის კონსესუსზე აგებული თანასწორუფლებიანი გაერთიანება, სადაც ნებისმიერ ქვეყანას აქვს ვეტოს დადების უფლება იმაზე, რაც მისთვის მიუღებელია. მთავარი ის არის, როგორ მოხდება ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება ცხოვრებაში.


პოლიტიკურ სტაბილურობას 25 წელია ვერ მივაღწიეთ - ვერ მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანაში დემოკრატიული სტრუქტურები ჩამოყალიბდეს, სულ რაღაც ორი წლის წინ ვშიშობდით, რომ არჩევნები, შესაძლოა, სამოქალაქო ომში გადაზრდილიყო. ამიტომ თუ გვგონია, რომ ყველაფერი მარტივად გამოგვივა, ასე არ არის.  ევროკანონმდებლობასთან სინქრონიზაცია გაწევრიანების მსურველი ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ სტაბილურობასაც ითვალისწინებს. დრო დაგვჭირდება, მაგრამ მგონია, რომ ეს სწორი ნაბიჯია, სხვა შანსი, უბრალოდ, არ გვქონდა.


_ მაგრამ, ბატონო ვახტანგ, ეს ნაბიჯი აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების პერსპექტივას კიდევ უფრო ხომ არ დაგვაშორებს?


_ აფხაზეთიცა და ოსეთიც დეფაქტო-თავისუფლები კი არა, _ მოსკოვის მარიონეტები არიან, ისინი დამონებულები არიან და ძალიან მალე მიხვდებიან ამას. 
ის კი, ვინც ამბობს, რომ აფხაზეთსა და ოსეთს დავკარგავთ, თუ ევროპისკენ წავალთ, ფაქტიურად, გვეუბნებიან, რომ ჩვენც რუსეთს უნდა დავმორჩილდეთ. მონობაში ბედნიერება მე არსად მინახავს, მონობაში ვერ გავერთიანდებით. უნდა მოვახერხოთ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება ისევ ჩვენთან, როგორც ეს შეძლო დასავლეთ გერმანიამ აღმოსავლეთ გერმანიასთან მიმართებაში. თუ ჩვენ აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნებაზე ვლაპარაკობთ, უნდა შევქმნათ ისეთი საქართველო, რომ მათ ჩვენთან ცხოვრება მოუნდეთ. არც მაშინ იქნება იოლი, მაგრამ ეს იქნება ერთ-ერთი წინაპირობა მათი დაბრუნებისა.


ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

30-06-2014, 16:29
უკან დაბრუნება