"ქართული ოცნების" ერთ-ერთი პირველი დამფუძნებელი, მწერალი მერაბ შათირიშვილი პრო-დასავლური კურსის მომხრეა, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ პერიოდში საშიშროებას ხედავს, მითუმეტეს იმ ფონზე, რაც დღეს საქართველოშია შექმნილი და პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ორი გამოკვეთილი პოლიტიკური პარტიაა. ის დარწმუნებულია, რომ მეორე ტურში "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს და ადგილობრივ თვითმმართველობებშიც შეფერხდება "ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულებრივი ქმედებები.
_"ამ ფონზე "ნაციონალური მოძრაობა" შეეცდება შეაფერხოს ასოცირების ხელშეკრულების რეალობად ქცევა. ისინი რევანშს გარე ძალებიდან შეეცდებიან. ყველამ უნდა გაითავისოს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იქნება ხელისშემშლელი ძალა და მეორე ტურის შემდეგ აუცილებელია ამ ძალის პოლიტიკური რინგიდან ჩამოყვანა და თუ ასე არ მოხდება, ქართველი ხალხი "ქართულ ოცნებასაც" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" თავად ჩამოიყვანს რინგიდან".
შათირიშვილმა განაცხადა, რომ მისი ინიციატივით შეიქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა "ქართული სინამდვილე", რომელმაც იური ვაზაგაშვილის ოფისში დაიდო ბინა. შეიქმნა საინიციატივო ჯგუფიც. მისივე თქმით ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ინიციატივით სექტემბერში შეიკრიბება "ერისკაცთა სათათბირო". მისი თქმით მოძრაობა ყველაფერს გააკეთებს რომ არ მოხდეს დაპირისპირება საზოგადოებაში.
ცნობისთვის, შთირიშვილმა "ქართული ოცნება" პროტესტის ნიშნად ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ დატოვა.