ივერიონი / ირინა სარიშვილი: ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ და ხელს ყველაფერზე მოაწერენ!

ირინა სარიშვილი: ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ და ხელს ყველაფერზე მოაწერენ!

აქტუალურ პოლიტიკურ მოვლენებს პოლიტიკური პარტია „იმედის“ ლიდერი ირინა სარიშვილი შეაფასებს:

 

_ ქალბატონო ირინა, დავიწყოთ დღეისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების შეფასებით...

 

_ დღეისათვის ყველაზე მტკივნეული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხია, რაც კიდევ უფრო რთულდება ამ ხელმოწერის შემდეგ, მით უფრო, რომ ძალიან „საეჭვოდ“ დაემთხვა ერთმანეთს ე.წ აფხაზეთის ხელისუფლების გააქტიურება, ოპოზიციის მხრიდან, რომლებიც ბრალს სდებენ თავიანთ ხელისუფლებას რუსეთთან არასაკმარისი ინტეგრირების გამო. მიმდინარეობს იმის განხილვა, _ დამოუკიდებელია აფხაზეთი თუ რუსეთის ნაწილია?

 

_  საქართველო კი მთლიანად ამოვარდნილია ამ კონტექსტიდან. როცა საკითხი ასე დგას, დასავლეთი აფხაზეთის დამოუკიდებლობას დაუჭერს მხარს და საქართველო, რომელიც თუნდაც ასოცირების გზით არის მიერთებული ევროკავშირთან, ბუნებრივია, იგივე პოზიციაზე უნდა დადგეს. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ისევ მეორდება „ნაციონალების“ კარგად ნაცადი ხერხი _  აზრის მოსასინჯად შემოაგდეს თემები, რომ შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ თვითონ სცნოს აფახაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.

 

დღევანდელმა ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, ნაციონალებთან ერთად, რა ნაბიჯი გადადგა და რას ზეიმობს სინამდვილეში. ეს ერთი საკითხი სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ხელშეკრულებაზე ხელი ამ პირობებით არ მოწერილიყო. ხელისუფლებამ არანაირად არ გამოიყენა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რის გამოც საქართველო იწვევს როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთის ინტერესს, არ დაელაპარაკა რუსეთის მხარეს ურთიერთობის დასარეგულირებლად და არ წამოუყენა ევროკავშირს საკუთარი პირობები, ორივე ქვეყანასთან ჩვენი სახელმწიფო ძალიან მძიმე, მაჩანჩალა მდგომარეობაში ჩააყენეს, მხოლოდ და მხოლოდ იმ მიზნით, რომ ხელისუფლება შეინარჩუნონ.

 

_ თუმცა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველომ უნდა დააჩქაროს რუსეთთან მოლაპარაკებები...

 

_ როგორც წესი, როცა აქტიურ ნაბიჯს ადგმევინებენ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ, ამას მოყვება ხოლმე ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენლის განცხადება, რომ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან. იმ ფონზე,  როცა ირაკლი ალასანია აგრესიულ განცხადებებს აკეთებს, თუ სად და როგორ უნდა განლაგდეს ამერიკული სამხედრო ბაზები და რადარები, ღარიბაშვილის განცხადება ან საკუთარი თავის მასხრად აგდებაა, ან _ ჩვენი ქვეყნის.

 

_ ქალბატონო ირინა, კიდევ ერთ მტკინეულ თემას მინდა შევეხო, რამდენიმე დღის წინ  საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოიხსნა მორატორიუმი სასოფლო სამეურნეო მიწის ნავეთების გასხვისებაზე და ამჯერად მისი შეძენა ნებისმიერ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია...

 

_ მე ვფიქრობ, რომ, სავარაუდოდ, ეს ევროკავშირთან ასოცირების ერთ-ერთი ვალდებულება უნდა იყოს. ვარაუდიც არ უნდა, რადგან მილიონი სხვა საშუალება არსებობდა უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, რომ ქართული მიწა არ გაეყიდათ.

 

ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები დაპირებებად დატოვა, მისი მილიარდები საქართველოში თვალით არავის უნახავს, არც აგრარულ სექტორში და არსად. უეცრად კი ევროპასთან ასოცირებაზე ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. მიწების უკონტროლო გასხვისებაც იგივე რანგში შესატანი ვალდებულებაა, როგორც ანტიდისკრიმინაციული კანონი. თავიდანვე განვაცხადე და ახლაც ვამბობ: ანტიდისკრიმინაციული კანონი, თავისთავად, იმაზე ბევრად ნაკლები უბედურებაა,  რაც ამ კანონის ამოქმედების შემდეგ არის მოსალოდნელი.

 

_ თუმცა, ევროკავშირის წევრ უამრავ ქვეყანას საერთოდ არ მიუღია მსგავსი კანონი და მიწების გასხვისებაზეც საკმაოდ მკაცრი რეგულაციები აქვთ დაწესებული...

 

_ სწორედ ამიტომ ვამბობ, ჩვენ სხვა ქვეყნებს ნუ ვედრებით. ცალკეული ძველი ევროპული ქვეყნები მხოლოდ მისაღები კი არა, შეიძლება საოცნებოც იყოს ჩვენი ქვეყნისთვის, თუნდაც თავისი ცხოვრების წესით, მაგრამ როდესაც საქართველო შედის კავშირში, როგორც ერთ–ერთი ყველაზე არასრულფასოვანი ასოცირებული წევრი და ქვეყნის ხელისუფლება არანაირ საკუთარ პირობებს არ აყენებს, უნდა დაისვას საკითხი, _ თუ ჩვენ არ მოგვეცა ისეთი პირობების წაყენების საშუალება, როგორიც, მაგალითად, საფრანგეთს აქვს, რატომ დავთანხმდით ამ ხელმოწერას? თუ ამის საშუალება გვქონდა და ხელისუფლებამ არ გამოიყენა, მაშინ მოტივებია დასადგენი. ნებისმერ შემთხვევაში, საქართველო იმყოფება ყველაზე უმწეო მდგომარეობაში, თუნდაც როგორც ასოცირებული წევრი. სხვაზე მეტი ვალდებულებების აღებას ცდილობს საკუთარ თავზე ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ ხომ ყველაფერში „სანიმუშო“ უნდა ვიყოთ, როცა რაღაც ნაბიჯს გადავდგამთ! ასე არ არის, როცა ჩვენს ჯარისკაცებს უცხო ქვეყნებში ვაგზავნით? ამ მხრივ,  პროცენტულად საქართველო პირველ ადგილზე დგას და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორს,  ბრიტანეთს უთანაბრდება.

 

_ ახლახან გაიმართა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და მიუხედავად იმისა, რომ თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქს მერი ჯერაც არ ჰყავსარჩეული, ხელისუფლება გამარჯვებას ზეიმობს...

 

_ თუ „ოცნება“ გულისხმობს, რომ „ნაციონალებსა“ და „მეოცნებეებს“ შორის გარიგებამ გაიმარჯვა, _ ეს სიმართლეა.

 

დღეს „ოცნება“ იმ სისხლის სამართლის დამნაშავის მდგომარეობაშია, რომლის დაცვაც ადვოკატს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ დამნაშავეს შეურაცხადობა დაუმტკიცდება და პასუხს არ აგებს საკუთარ საქციელზე. დღევანდელი ხელისუფლება თუ არავის გარიგებია და მათი გონების ნაყოფია ის, რაც ხდება, მაშინ შეურაცხადებთან გვაქვს საქმე.

 

ერთი წამით მაინც წარმოვიდგინოთ, რა მდგომარეობაში იქნებოდნენ „ნაციონალები“ მათ რომ „რესპუბლიკელები“ არ შეშველებოდნენ? _ „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პარტია, აღარ იარსებებდა. დღეს კი მათი ფორმალური მობრუნება ყოველ წამს შესაძლებელია „ოცნების“ გადაგდების შედეგად ერთ-ერთ მოლაპარაკებაზე, ან მათ უკან მდგომ ძალასთან ერთობლივი შეთანხმებით.

 

_ ქალბატონო ირინა, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ საქართველოსა და რუსეთის პირველი პირების შეხვედრა და როდის უნდა შედგეს ის?

 

_  პრობლემა მხოლოდ ის არ არის, არის თუ არა მზად საქართველოს ხელისუფლება სერიოზული მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, კიდევ ერთი პრობლემაა _ დღემდე ვერ გაურკვევიათ,ვინ არის ქვეყანაში პირველი პირი. ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე წასასვლელად ისეთი ჩხუბი ატეხეს, არა მე წავალ _ არა მეო, თითქოს დისნეი-ლენდში მიდიოდნენ. ბუნებრივია, თანხმობის შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლება ამ საკითხს საეჭვოდ შეხედავს, რადგან მან უნდა იცოდეს, რომ უფლებამოსილ პირს ელაპარაკება და არა ისეთ ადამიანს, ვის ნათქვამსაც ხვალ შეიძლება ვიღაცამ ვეტო დაადოს!

 

_ დაბოლოს, რატომ აღარ აქტიურობთ პოლიტიკურ ასპარეზზე, რა გაფერხებთ?

 

_ შეფერხება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება. ჩემი, როგორც პოლიტიკოსის და როგორც მოქალაქის მდგომარეობა არანაირად არ გაუმჯობესებულა არც „მეოცნებე დემოკრატების“ მოსვლით, პირიქით, გაუარესდა იმ თვალსაზრისით, რომ, ზოგადად, ბოროტება რაც მეტად შენიღბულია, მეტად სახიფათოა!

 

ადრე არ მკითხავდით,რატომ არ ვჩანვარ, რადგან ყველასთვის გასაგები იყო, რომ ამას „ნაციონალები“ აკეთებენ, დღეს კი ბევრისთვის გაუგებარია, რატომ გრძელდება ჩემი პასიური მდგომარეობა _  იმიტომ, რომ აბსოლუტურადარაფერი შეცვლილა, არ მაქვს წვდომა არ ერთ ტელევიზიაზე, გარდა „ობიექტივისა“, ბეჭდვითი მედიის ძალიან დიდი ნაწილი დახურულია ჩემთვის, „რეპორტიორის“ ინიციატივით კი ვატარებ პრესკონფერენციებს, მაგრამ ამას არც ერთი ტელევიზია არ უშვებს ეთერში და მხოლოდ ფეისბუქზე ვდებ, ამიტომ მთელი ჩემი აქტიურობა დღეისათვის სოციალურ ქსელში გამოიხატება. ამ გზას, ასე თუ ისე, ვერ მიკეტავენ, მაგრამ აქაც მოქმედებს 15-20 კაციანი მობილური ჯგუფი, რომლებიც სხვისი სახელებით ათას სიბინძურეს წერენ, _ რაც მეტად პოპულარულია ესა თუ ის სტატუსი ან განცხადება, სიბინძურეების რაოდენობა იმატებს.

 ესაუბრა ნონა ქარქაშაძე

1-07-2014, 11:57
უკან დაბრუნება