ივერიონი / ჰოპლა... მალე ევროპაში ვიქნებით!

ჰოპლა... მალე ევროპაში ვიქნებით!

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ისე დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნეს საქართველოში, რომ თითქოსდა მივაღწიეთ უკვე ნანატრ კეთილდღეობას – რაზეც, სხვა დროს, სხვადასხვა ფერებში ოცნებობდნენ ჩვენი წინაპარი "მენშევიკები" თუ "ბოლშევიკები".

"ბოლშევიზმი" საბედნიეროდ დამარცხდა. "მენშევიკურმა" სოციალ-დემოკრატიამ კი ისეთი აჟურული სურათები დახატა, რომ ძალიან ბევრს უნდა ევროპელი გახდეს. ეს სურვილი ყბადაღებულმა ანტიდისკრიმინაციულმა კანონმაც კი ვერ გაანელა, რადგან ბევრისთვის მთავარია მატერიალური კეთილდღეობა და პირადი თავსიუფლება, და არა ის ფაქტი, გამოავლენენ თუ არა თავიანთ ნამდვილ სექს-ორიენტაციას ე.წ. ფარული "გეები" ტუჩებზე პომადის წასმით თუ ყურებზე ჯინჯილების ჩამოკიდებით.

თუმცა, ევროპელობამდე, კლასიკური გაგებით, კიდევ დიდი გზაა გასავლელი. ასოცირების შეთანხმებას მხოლოდ ერთადერთი დადებითი შედეგი აქვს ჯერ-ჯერობით – ქართველებმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს ქაღალდზე დაწერილ დოკუმენტს და მასზე ხელმოწერას!

"ბოლშევიკების" ეპოქაში კანონს და დოკუმენტს არათუ ქართველები – არამედ თვით "საბჭოთა ევროპელები" – ბალტიისპირელებიც კი დიდად არაფრად აგდებდნენ.

როდესაც მიხეილ გორბაჩოვმა ჰკითხა თურმე ესტონელებს: "რად გჭირდებათ სსრკ-დან გასვლა, ისედაც ყველაზე უკეთესად თქვენ ცხოვრობთ, ყველაზე განვითარებული ეკონომიკა თქვენ გაქვთ, დამოუკიდებლობის შედეგად ხომ ამას ყველაფერს დაკარგავთო?" ესტონელებმა უპასუხეს: "ჩვენ იმიტომ ვართ ყველაზე უკეთესად საბჭოთა კავშირში, რომ ცეკას ინსტრუქციებს კი არ ვასრულებდით არამედ ზუსტად დამოუკიდებლად ვაკეთებდით იმას, რაც საქმეს სჭირდებოდაო".

არც ქართველები იკლავდნენ თავს ცეკას ინსტრუქციების შესრულებით, თუმცა ცოტა სხვა მიმართულებიდან უვლიდნენ გვერდს: - "გოსპლანის" მიერ გამოყოფილ ფონდებს "მაღარიჩების" საშუალებით აორმაგებინებდნენ და ამ ნამატს "ლევად ტეხავდნენ"!

ადვილი შესაძლებელია, რომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებასაც ისე მოეპყრონ, როგორც ცეკას ინსტრუქციებს(?!)

მაგალითად, ევროპა რამდენიმე წელი რეკომენდაციას გვაძლევდა, რომ ანტიმონოპოლიური სამსახური ამოქმედებულიყო, თუმცა, ყველაზე პროევროპული "ნაცმოძრაობა" ყურსაც კი არ იბერტყავდა.

ახალი მთავრობის ხელში ასეთი სტრუქტურის შექმნას საშველი კი დაადგა, მაგრამ იგი ფაქტიურად არაფერს აკეთებს – მონიტორინგის შედეგებსაც კი არ აქვეყნებს, რომ თავისი არსებობა გაამართლოს (საერთოდ თუ ატარებენ მონიტორინგს – ესეც საკითხავია!).

იგივე "სიზარმაცის სენი" შეიძლება შეეყაროს სანიტარული ზედამხედველობის სამსახურსაც. არადა ევროსტანდარტების მიხედვით, ასეთ ზედამხედველობის ორგანოს თვით ცხოველებზე ზრუნვაც კი ევალება არათუ ადამიანების ჯანრთელობაზე. აი რა გულისამაჩუყებელი სიტყვები წერია შეთანხმების შესაბამის თავში:

განურჩევლად იმისა, თუ რომელი სფერო განისაზღვრება როგორც პრიორიტეტული, ქართულმა მხარემ უნდა მოამზადოს შესაბამისობის ცალკეული ცხრილები, რომელიც ასახავს სხვა ზოგადი და სპეციფიკური კანონმდებლობის დაახლოებას, კერძოდ იმ ზოგადი წესების ჩათვლით, რომლებიც უკავშირდება:


(ბ) ცხოველის ჯანმრთელობას და კეთილდღეობას:

-  ცხოველების კეთილდღეობა ფერმებში, ტრანსპორტირებისას და დაკვლისას;

შეიძლება პირიქითაც მოხდეს – არ არის გამორიცხული, რომ პარტიული ბოსები ამ სანიტარულ თუ შრომის ინსპექციის სამსახურებს კონკურენტების გაკოტრებისთვის გამოიყენებენ. თავიანთი მეგობრების შემოწმებისას კი ისევ "აზარმაცებენ".

თუმცა, ასეთი "ეროვნული" თავნებობის სცენარს არავინ განიხილავს. ყველა მხოლოდ საფრთხეს ხედავს და შეშინებულია – "ეროვნებას გვართმევენ", "მრეწველობას გვართმევენ" – სანიტარული თუ შრომის ინსპექციის მიერ გაკოტრებულ ქართულ საწარმოებს ისევ ევროპელები იყიდიან და სულ დახურავენ. საქართველოს ბაზარს კი ევროპული ნაწარმით გაავსებენო. საბაჟო ბარიერების მოხსნა ჩვენ კი არ გვაწყობს არამედ გვაზარალებს ევროპელების სასარგებლოდო და ა.შ.


ასეთი განცხადებების გაკეთების საშუალებას ევროპელებისთვის ჩვეული დიპლომატიური ტონი იძლევა. ასოცირების ხელშეკრულების ბევრი პირობა ისეთი "თუობითი" ტერმინებითაა დაწერილი, რომ ადვილად შეიძლება ტრადიციული ქართული განმარტება მიუწერო – "გეკუთვნით მარა... არ გეკუთვნით".

პრინციპში ზუსტად ამ ქართული "ფორმულით" გვღებულობენ ნატოშიც: – ეს "მაპი" კი გეკუთვნის – მარა მაინც არ გეკუთვნის-ო.

და ამ "ფორმულის" ნატურალური ნიმუშია ორი პუნქტი იმ პროდუქციის ჩამონათვალში, რომლებსაც საბაჟო შეღავათები უწესდება:

 

0809 21 00

მჟავე ალუბალი (Prunus cerasus), ახალი

0809 29 00

ბალი (ალუბლის გარდა), ახალი


ე.ი. ერთი პუნქტი ათავისუფლებს ქართულ ალუბალს ბაჟის ადვალორული კომპონენტისგან, მაგრამ ზუსტად მის ქვემოთ მეორე პუნქტი ამ შეღავათს აუქმებს ალუბლის, როგორც ბალის სახეობის დაზუსტებით.

ეს ადვალორული კომპონენტიც სხვათა შორის ზუსტად "გეკუთვნის-არ გეკუთვნის" კატეგორიას განეკუთვნება.

ცნობისთვის – ეს კომპონენტი არის ის გადასახდელი, რომელიც პროცენტულად იანგარიშება საქონლის დეკლარირებული ფასიდან. ე.ი. თუ იმპორტიორი საბაჟო დეკლარაციაში მიუთითებს, რომ მისი მანდარინი ვთქვათ ტონა 100 ლარი ღირს, მას ბაჟის სახით 11 ლარს გადაახდევინებენ.

მაგრამ არსებობს კიდევ სხვა არაადვალორული ბაჟები, რომლებიც გადაიხდება წონაზე, მოცულობაზე, სპირტის, გლუკოზის ან რამე სხვა ნივთიერების შემცველობაზე და ა.შ.

მაგალითად ასე არაადვალორულად იბეგრება ქართული მანდარინი ბევრ ქვეყანაში. იმპორტიორმა ერთ ტონა მანდარინზე 300 ან მეტი დოლარი უნდა გადაიხადოს იმისდა მიუხედავად, თუ რა ფასად შეაქვს იგი ქვეყანაში.

ამრიგად, ევროკავშირი პროცენტული საფასო ბაჟისგან კი განთავისუფლებს, მაგრამ უფლებას იტოვებს რომ დაგბეგროს სხვა არასაფასო პარამეტრებით...

როდის რა არაადვალორული ბაჟი მოეპრიანებათ - მხოლოდ ღმერთმა უწყის!


ევროკავშირის საბაჟო პოლიტიკა რომ მომავალშიც პროტექციონისტული იქნება, – ამაზე უკვე ეს ხელშეკრულება მეტყველებს. კარგად თუ დავაკვირდებით შეღავათების სიას, რამდენიმე უცნაურ ფაქტს აღმოვაჩენთ.

1.     შეღავათები არ ვრცელდება ვაშლის და მსხალის იმ ჯიშებზე, რომლებიც ვარგისია სიდრის დასამზადებლად.
2.     შეღავათები ვრცელდება მხოლოდ ყურძნის ტკბილ დაუდუღებელ წვენზე თან ისეთი ქიმიური შემადგენლობით, რომ მისი დადუღება ხარისხიანად შეუძლებელი იქნება. ე.ი. კიდეც რომ დადუღდეს ტრანსპორტირებისას ან ევროპის ტერიტორიაზე – დასალევად უვარგისი და უგემური გახდება.

უკვე დადუღებულ ყურძნის წვენზე – ე.ი. ღვინოზე, ეს ადვალორული შეღავათი რატომღაც აღარ ვრცელდება.

საბაჟო შეღავათები დაწესებულია უმეტესად ისეთ პროდუქციაზე, რომლის იმპორტიორიც თვითონ საქართველოა. ასეთებია ხორცი, რძე, ხორბალი და ა.შ. ერთმნიშვნელოვანი და ზუსტი შეღავათი მხოლოდ ნიორზე ვრცელდება და ისიც რაოდენობრივი შეზღუდვით.

დანართი II-A        

წლიურ უბაჟო სატარიფო კვოტას დაქვემდებარებული პროდუქტები (ევროკავშირი)

CN კოდი 2012

პროდუქციის აღწერა

მოცულობა

0703 20 00

ნიორი, ახალი ან გაცივებული

220 ტონა


ამრიგად საქართველოს უფლება აქვს შეიტანოს ევროკავშირში 220 ტონა ნიორი ყოველგვარი გადასახდელების გარეშე.

როგორც ჩანს ჩვენს ევროპელ მეგობრებს მოსწყინდათ საქართველოს რომ "სიმინდის რესპუბლიკად" მოიხსენიებენ ჯერ კიდევ ნოე ჟორდანიას დროიდან. და ახლა უნდათ, "ნიორის რესპუბლიკა" შეგვარქვან.

მაგრამ 220 ტონა ნამდვილად არაა იმდენი, რომ ყველა ქართველმა გლეხმა ნივრის მოყვანა მოინდომოს სიმინდის ნაცვლად.

ასე რომ, ამ კვოტის გადიდება უნდა მოვითხოვოთ მინიმუმ 100-ჯერ. მაგრამ ის შიში, რომ ევროპელები თავიანთი იაფი პროდუქციით კონკურენციას გაუწევენ ქართულ ნაწარმს – უფრო თვითონ შიშის შედეგია, ვიდრე გააზრებული ანალიზის:

იაფი ევროპული პროდუქცია უბრალოდ არ არსებობს. მაგალითად, ყველაზე იაფი ევროპული ღვინო ე.წ. "გლინტვეინი" ასე 5 ევრომდე ღირს და მას ისეთი საშინელი გემო აქვს, რომ შაქარ-ჭაჭაზე დაყენებული იმერული "შვლაპი" მასთან შედარებით „ღვთიური“ სასმელია.

ასევე მინიმუმ ორმაგად ძვირია ყველა სხვა სახის ევროპული პროდუქცია. პური და კარტოფილიც კი 2-3 ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე საქართველოში. ასე რომ, ამ მხრივ საშიში არაფერია.

ასევე გადაჭარბებულია შიშები იმის თაობაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულება ანტიეროვნულ ვალდებულებებს გვაკისრებს. მაგალითად საქართველო არ არის ვალდებული რომ სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხოელებზე გაყიდოს პირდაპირი წესით. აი რა სწერია შესაბამის პუნქტში

დანართი XIV-E

ვალდებულება არ არის აღებული, გარდა შემდეგისა:

უძრავი ქონების შეძენა

(i)   არასასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა

(ii)  მომსახურების გაწევისთვის საჭირო შენობების შეძენა

(iii) სასოფლო-სამეურნეო მიწის ლიზინგი არაუმეტეს 49 წლით და არასასოფლო-სამეურნეო მიწის ლიზინგი არაუმეტეს 99 წლით

(iv) სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა ერთობლივი საწარმოს მეშვეობით.

ე.ი. ხელშეკრულება მხოლოდ 49 წლიან იჯარას გვავალდებულებს...

ამრიგად მიწების პირდაპირი ყიდვის უფლება თვითონ ქართველმა საკონსტიტუციო მოსამართლეებმა მიანიჭეს უცხოელებს. ალბათ იმიტომ რომ ეჩვენებინათ, რომ საქართველო ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში – თუმცა, ამ შემთხვევაში არც კორუფციაა გამორიცხული.

ასევე უსაფუძვლოა ეჭვები იმის შესახებ, რომ ეს ხელშეკრულება ქართველობას გვართმევს იმით, რომ, მაგალითად "ქალის მოტაცებას" გვიკრძალავს და "კაცის მოტაცებას" აკანონებს!

თითქოს საქართველო ვალდებულებას იღებს, რომ დააკანონოს ერთსქესიანთა ქორწინება და მათ შვილის აყვანის უფლება მისცეს. მსგავსი მოთხოვენბი არსად იმ ხელშეკრულებაში არ სწერია.

რამდენადაც ვიცი, ბავშვის აყვანის რიგში დგას ათასობით ტრადიციული ოჯახი დგას და მათზე არ აშვილებენ ბავშვებს და რაღა ბესო-კესოს ან გიორგი-მაცაცოს მიაშვილებენ?!

საერთოდ ძნელი წარმოსადგენია – როგორ უნდა წაგართვას ე.წ. "ქართველობა" რომელიმე კანონმა – თუ ეს თვითონ ქართველებმა არ მოინდომეს?!

ქართველებს სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ექსკლუზიური ეროვნული თვისება აქვთ, რომლებზედაც ჯერ კიდევ შუა საუკუნეების მოღვაწეები წერდნენ. რუსეთის ელჩი სპარსეთის შაჰის კარზე სწერდა თავის იმპერატორს:

"ქართველები ყველაზე ბრძოლისუნარიანი ხალხია აზიაში. ქართველ თავად-აზნაურებს რომ შუღლი არ ჰქონდეთ ერთმანეთში, თვითონ ქართველები დაიპყრობდნენ სპარსეთსაც და ოსმალეთსაც".

აი, სწორედ ეს შუღლი და ურთიერთმავნებლობა მტრების სასარგებლოდ არის სუფთა ქართული ეროვნული თვისება. ამ ტრადიციაში ვერავინ დაგვჯაბნის!!!

კობა ბიწაძე

2-07-2014, 15:28
უკან დაბრუნება