პროკურატურამ თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას, ბრალი უკვე წაუყენა. უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას დღეს, ახალი ბრალდება დაემატა, _ ყოფილ მერს ბრალი მარნეულის ინციდენტთან დაკავშირებულ საქმეშიც ედება.
რამდენად ადექვატურია სამართალდამცავების ქმედება არჩევნების მეორე ტურის წინ, მით უფრო, რომ გამოცხადებული იყო მორატორიუმი არჩევნებში მონაწილე ადამიანების ხელშეუხებლობაზე, ხომ არ ხდება პოლიტიკური სიტუაციის ხელოვნური ესკალაცია ხელისუფლების მხრიდან? ამ კითხვებზე ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში, სოსო ცინცაძე გვიპასუხებს:
_მსგავს სიტუაციაზე ცხონებული ავლიპ ზურაბიშვილი იტყოდა, სანახევროდ დავაფეხმძიმეო, _ სანახევროდ მორატორიუმი არ არსებობს. სტარტეგიული შეცდომა იყო მისი გამოცხადება, მაგრამ თუ მაინც გამოაცხადებ, აღარ უნდა ილაპარაკო, რომ მორატორიუმი არ ათავისუფლებს მართლმსაჯულების აღსრულებისგან.
იურისტი არა ვარ და, სიმართლე გითხრათ, მარნეულის ინციდენტიც ჩემთვის ისეთი მნიშვნელოვანი არაფერია, რადგან მსგავსი და უარესი ინციდენტი იმდენი ყოფილა, ძიება რომ დაიწყონ, ევროპის პროკურორები არ ეყოფათ. მახსოვს, 48 მილიონის გაფლანგვაში იყო უგულავა ეჭვმიტანილი. დაიხურა ეს საქმე? ეს მილიონები აღარსად ფიგურირებს? _ არ ვიცი!
შუქის ფულის გადახდა რომ დამავიწდეს, - 15 ლარის, მეორე დღეს გამომირთავენ, ერთ დღესაც არავინ მაპატიებს, მას კი 48 მილიონი აპატიეს?! _ კითხვის ნიშნები ჩნდება ბევრი სხვა მიმართულებითაც, რაც, თავისთავად, ჩევნი სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს. ეს ბრალდება წინა დღეს არ იცოდნენ, როცა უგულავას ქვეყნიდან გასვლის უფლება მისცეს? მაშინ რატომ არ წაუყენეს ბრალი?!
გიგი უგულავა რომ არ იყო კარგი მერი, საკამათო არ არის, მისი ტრაგედიაა, რომ მეურნე ვერ გახდა და დარჩა მხოლოდ პოლიტიკოსად.
კარგი იქნება, თუ ახალი მერი ამ ტრაგედიას გაკვეთილად მიიღებს. შეეშვან პოლიტიკას და ქალაქს მიხედონ, ჩაოხრებულია ქალაქი, პატრონი არა ჰყავს ქალაქს. უგულავას მეთაურობით, მთელი მერია, მხოლოდ ამის გამოა დასაჭერი.
ესაუბრა ნონა ქარქაშაძე